Accessibility links

logo-print

ოკუპირებული რეგიონის მასწავლებლებს დაუბეგრავი მინიმუმი არ უბრუნდებათ


ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში დასაქმებული ქართველი მასწავლებლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას ითხოვენ. პედაგოგები, რომლებსაც კვარტალში ერთხელ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, თვეში 200 ლარის ოდენობის თანხას უხდის, ამბობენ, რომ მათი წლიური შემოსავალი 2400 ლარს არ აღემატება და, შესაბამისად, აკმაყოფილებენ ფინანსთა სამინისტროს პირობას, რომ დაუბეგრავი მინიმუმი გაიცემა ყველა იმ მოქალაქეზე, რომელსაც 2013 წელს ხელფასის სახით დარიცხული აქვს არა უმეტეს 6000 ლარისა.

ოკუპირებულ სოფელ ოტობაიის სკოლის მასწავლებელი, რომლის ვინაობასაც, მისივე თხოვნით, არ ვასახელებთ, რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე უკვე შეავსო სპეციალური დეკლარიციის ფორმა და, სხვა პედაგოგების მსგავსად, თანხის მიღებაზე უარი მიიღო:

„აქ მცხოვრები ადამიანისთვის ნებისმიერი მცირეოდენი თანხა, რომელიც მასწავლებელს დანამატის სახით მიეცემა, ძალიან ბევრს ნიშნავს. ისედაც მიზერულ ხელფასზე ვართ. გვინდა გავარკვიოთ საბოლოოდ, გვეკუთვნის თუ არა და თუ არ გვეკუთვნის, მაშინ რატომ მაინცდამაინც ჩვენ, მაშინ როცა ჩვენი სახელი არსად არ ისმის და თითქოს არც ვახსოვართ არავის ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი უიარაღო ჯარისკაცები“.

პედაგოგების საპასუხოდ, შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს:

„დაუბეგრავი მინიმუმით რომ პირმა ისარგებლოს, მას უნდა ჰქონდეს ხელფასი აღებული, რომელიც არის დაბეგრილი. ანუ მან უკან უნდა დაიბრუნოს ეს დაუბეგრავი მინიმუმი. საქმე იმაშია, რომ აფხაზეთში მოღვაწე ქართველ პედაგოგებს ხელფასი საერთოდ არ ერიცხებათ ჩვენგან. მათ განათლების სამინისტრო დახმარების სახით აძლევს 200 ლარს. ეს არ არის ხელფასი და, მით უმეტეს, დაბეგრილი. ისინი ამ 200 ლარს ისევ ისე იღებენ, როგორც ერიცხებათ. შესაბამისად, ისმის კითხვა, რა დაუბეგრავი მინიმუმით უნდა ისარგებლონ მათ?“
ნაბაკევის საჯარო სკოლა

ნაბაკევის საჯარო სკოლა

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, მასწავლებელთა ნაწილს, რომელიც საკითხის გასარკვევად შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა, დეტალურად განემარტა მიზეზი, რატომაც არ მიიღებენ თანხას.

ამასვე აცხადებენ გალის რაიონის რესურსცენტრში. რადიო თავისუფლებას რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ განუცხადა, რომ პედაგოგების ინფორმირება სკოლის დირექტორებს დაევალათ:

„ყველა მასწავლებელს დეტალურად ვერ ვუხსნით და ვერ ვეუბნებით. დირექტორია მათი უშუალო ხელმძღვანელი და, როგორც ხელმძღვანელმა, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია. ისე, ჩვენ ვინც დაგვირეკა და ვინც დაგვიკავშირდა, ყველას მივაწოდეთ ინფორმაცია“.

ნონა შონიას განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ ქართველ პედაგოგებსა და სკოლების ტექნიკურ პერსონალზე სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში გასცემს თანხას, რომელიც არ იბეგრება. მისი თქმით, ეს არის ერთჯერადი დახმარება და არა საათობრივი ანაზღაურება ან ყოფელთვიური ხელფასი.

გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ დროისთვის აფხაზეთის სკოლებში დასაქმებულ 902 თანამშრომელს თანხას კვარტალში ერთხელ ურიცხავს.
XS
SM
MD
LG