Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტაინმაიერი: ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანაა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ბოლო წლებში საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა და ეს არის გზა, რომელსაც ივნისში ოფიციალურად გავაფორმებთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით“ - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ძალისხმევა მისი განხორციელებისკენ იქნება მიმართული. შეკითხვას, აქვს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, შტაინმაიერმა უპასუხა, რომ ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაა. „რა მოხდება მომდევნო წლებში ეს გადასაწყვეტია არა მხოლოდ ბრიუსელში, ბერლინსა და პარიზში, არამედ საქართველოშიც“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პრესკონფერენციაზე გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეკითხვა დაუსვეს იმის შესახებაც, თუ რა სჭირდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისაღებად და აფერხებს თუ არა ამ პროცესს რუსეთის პოზიცია. როგორც ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, საქართველო და ნატო ერთმანეთს უახლოვდებიან და ალიანსი აუცილებლად გამოძებნის სათანადო ინსტრუმენტს პოზიციის მკაფიოდ გამოსახატად. შეკითხვას, როგორ აპირებენ მოსკოვის დარწმუნებას, რომ საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის ევროკავშირთან დაახლოება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ასოცირების შეთანხმება არავის წინააღმდეგ მიმართული არ არის. „რუს კოლეგებთან ამ პოზიციას მკაფიოდ გამოვხატავ. ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა და მისი გაღრმავება ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობას და მგონია, რომ ეს რუსეთშიც ძალიან კარგად ესმით", - განაცხადა შტაინმაიერმა.
XS
SM
MD
LG