Accessibility links

logo-print

გურამ ოდიშარიას განცხადებით, საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხმა არაჯანსაღი სახე მიიღო


საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზღვრებს გასცდა და არაჯანსაღი სახე მიიღო - განაცხადა თბილისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა. გურამ ოდიშარიას ინფორმაციით, 25 მარტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და კომპანია RMG-იმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას და ითვალისწინებს სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის აუცილებელობას. მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, გარკვეული წრეები ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს მემორანდუმის პუნქტები ირღვევა და საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს. გურამ ოდიშარიას განმარტებით, მემორანდუმით გათვალისწინებული უფლებამოვალეობები არ დარღვეულა და საყდრისს კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი აკვირდება. „ამ საკითხით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანების გარდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პერიოდში ვიღაცას ხელს აძლევს აჟიოტაჟის შექმნა“, - განაცხადა ოდიშარიამ. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ხელს უწყობს სიტუაციის დაძაბვას და აშკარად სუბიექტური განწყობით ვითარებას მიზანმიმართულად ამწვავებს.
XS
SM
MD
LG