Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: თამარ კურატიშვილი

ასიმ, სიამ, ტოპრაკმა და სავაშმა 15 წლით დაიგვიანეს. ალბათ,ამიტომაც ვერ დაგვიდგა „დიდებული საუკუნე“. პროთურქული პროპაგანდა 90-იანებიდან რომ დაგვეწყო, ჩემი მეზობელი ქალები ბოზის იარლიყს გადარჩებოდნენ. ბოზობისა რა ვიცი, ისე კი, გადაიპარებოდნენ საზღვარზე, ტანსაცმელს ბითუმად იყიდდნენ და ბრუნდებოდნენ. მართალია, იმ დროს ფული გვიჭირდა, მაგრამ მოდას აყოლილი ხალხი ვართ და ჩვენში ტანსაცმლით ვაჭრობასაც ყოველთვის დიდი გასაქანი ექნება. მოქუჩდებოდნენ უბნის რძლები და თურქეთიდან ჩამოტანილ ტავარს ჩითავდნენ. დაყიდული ტანსაცმლიდან შერჩენილი მოგება ქმრის ვენაში მიდიოდა.
ასეთია, ჩვენი „ასიმდელი“ ისტორია. დღეს კი, უვიზო მისვლა-მოსვლამ მოიტანა რა?!._ რომ შევძელით, გვეხილა სტამბოლი, ძველიცა და ახალიც. მე, იასი არ იყოს, „ახალს, ძველი მირჩევნია“. თურქი არჩევანს არ აკეთებს,_უვლის ძველს და აშენებს ახალს. ეს ჩვენთან ვანგრევინებთ ძველსა და ვაშენებინებთ ახალს. ინჟინერი - თურქი, მუშა - თურქი. ქართველი უბანში ნისიად ლუდს სვამს. თურქს დალევას ყურანი უშლის, მაგრამ ღამით, რაკს ისიც სვამს. შერაკიანებული ბათუმში ვინმე ლალის აწუხებს. ქალი კი ქართველისთვის წმინდათაწმინდაა, ყოველ შემთხვევაში, სუფრასთან, მეზობელთან, სტუმართან და მისთვის თავმოყვარეობის შელახვას ვერავის აპატიებს, მერე რა, თუ თვითონ, ხანდახან,_ ძლიერი ხელი, უხამსი სიტყვა წასცდება, ასე ვის ოჯახში არ ხდება?! ხოდა, შეწუხდა ბათუმელის გული ცოლსგამოკიდებული თურქი კაცებისგან. ქალს ღამით სიარულს უშლის. თურქს ხომ არ დაუშლის?!_ ზაფხულობით ბიჭი ვიღას გააყოლოს თხილის საკრეფად?! ცოტაა განა ბოჭვაში 800 ლარი?!_ აბა, ქართველი პურს გაჭმევს და ისე გამოგიშვებს. ანდა, თურქს თუ არა, ვისღა მიაქირაოს ნავი, სახლი და საშაურმე ფართი?!
შაურმაზე გამახსენდა. თუ იმ ათი დღის მანძილზე, სტამბოლში რომ ისვენებდი, თურქეთი ისე შეგიყვარდა, ნოსტალგიას გრძნობ, განახლებული ჯავახიშვილის ქუჩაზე პატარა „სულთან აჰმეთის მოედანს“ აღმოაჩენ. ერთი-ორ ქართულსახინკლეშეყუჟულ ქუჩას, სადაც, წითელტიტიან შუშის კარს იქით საფირმო ადანას ქებაბი, დონერი, კოკორეჩი, სიმითი, მანთი, გოზლემე, რაჰათ-ლუხუმი, ჩიღ-ქოფთე, ბორექი, ბაქლავა, დოლმა, სუთლაჩი და ქაიმაქი გელოდება. რა გინდა, საჭმელებიც რითმულად ჟღერს. საზოგადოების მოთხოვნასა და მრწამსაც ითვალისწინებენ_სამარხვო შაურმა სოკოთი, სოიოთი.
მუსულმანი მორწმუნის მიმართ ქართველიც ტოლერანტულია_150 მეჩეთი მოქმედებს. აჭარის აზიზეს მეჩეთური კომპლექსიდანაც მალე გავიგონებთ მლოცველი მოლას ხმას. ესაც 151-ე. ოშკისა და ოთხთას საუკუნოვან მონასტრებს წირვა-ლოცვა ეღირსებათ კი არა, ტურისტიც აღარ ეყოლება მალე. რა უნდა მივიღოთ, რის ფასად და რას უნდა „განვერიდოთ“ რის ფასად, ჯერ შეფასებული არა გვაქვს.
თურქული კულტურა შემოდის. ქართული „სუხიშვილები“ თუ გადის. იმისიც ჯინი გვჭირს,_კაბა როგორ აიმოკლა, ფეხი როგორ აიქნია... ვაზის აყრა და ზეთისხილის გაშენება მოსულა, ილეთის ჩამატებაზე, თურმე „გვერხევა“. საქმეს თუ აკეთებ, მოშურნე და ჭორი არ გელევა. უცხოელს ამ მხრივაც მეტი გასაქანი აქვს. ჩვენი კი ვერა და ვერ იკიდებს ფეხს. ვაჟამ თუ სახინკლის გახსნა მოინდომა, მთელი საძმაკაცო-სანათესაო თავს ადგება და ჭამა-სმაში ვალი-ვალზე ედება. ხინკალს ცოლი ახვევს, მიმტანად ძმისშვილები აიყვანა. ცოლი ხორცით „ხალტურობს“, ძმისშვილი დროით და დაინგრა ბიზნესი. მარო ბებოა და, ლესელიძეზე ტკბილეულს ყიდის. მივდივარ მე და ვყიდულობ „სნიკერს“, მიდის ტურისტი და ყიდულობს ჩურჩხელას, ტყლაპს. ტურისტი ცოტაა, მე ბევრი, ხოდა მაროც „სნიკერსს“ ყიდულობს „ოფტომ“ და გლეხისგან ჩურჩხელას აღარ იბარებს, მაინც გაუყიდავად უობდება. გლეხი გადამყიდველს ვერ პოულობს. მეორე წელს აღარც ჩურჩხელას ამოავლებს.
სერიალებია და, ქართულს არ,თუ ვერ იღებენ. ჩვენც, რასაც გვთავაზობენ, იმას ვუყურებთ. ბრაზილიური იყო თუ პორტუგალიურ-მექსიკური, თურქულმა ჩაანაცვლა. განა იმიტომ, რომ უკეთესია, ახალია და იმიტომ. ახალი კულტურა, წესები, ღირებულებები. ყველაფერი ახალი კი, მანამ კარგი ან ცუდი გახდება, ჯერ საინტერესოა. რამ დააინტერესა თურქულ სერიალში 5 წლის ბავშვი არ ვიცი, მაგრამ ბრაზდება თუ უხარია_ალაჰ! ალაჰ!_გაჰყვირის. ჩვეულება კიდე, რჯულზე უმტიკესი რომაა, ამას მე არა, ხალხური სიბრძნე ამბობს.
სანამ ეკრანიდან ვადევნებთ თვალს თურქულ ტრადიციებს, დავდივართ თურქულ კაფეში და ვაბოლებთ ჩილიმს, თურქი ბიზნესმენი ინვესტიციას ზრდის. ჩემი ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და იმიტომ კი არა, რომ თურქი მიუარესებს, იმიტომ, რომ რასაც ვშოულობ, თურქთან ვშოულობ და რასაც ვხარჯავ, თურქთან ვხარჯავ. ხალხში ქართული არაფერი ტრიალებს. ტრიალით, წლებია, ქართველი „ხიზნების“ ხელი ტრიალებს ევროპელის ჩანთაში და ამ ემიგრანტს არც არავინ უხსნის, რატომ ხდება ასე...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG