Accessibility links

logo-print
23 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გაიმართა არქიტექტორ მაია კაჭარავას წიგნის პრეზენტაცია. წიგნი მეთერთმეტე საუკუნის ქართული ჯვარგუმბათოვანი ძეგლების პროპორციებს ეძღვნება. არქიტექტორები თანხმდებიან, რომ მაია კაჭარავამ, რომელიც 3 წლის წინ გარდაიცვალა, მომავალ თაობას - არქიტექტორებსა და არამხოლოდ მათ - დაუტოვა არქიტექტურული პროპორციების კვლევის მეცნიერულად დასაბუთებული ახალი მეთოდი, რომელიც, მათი თქმით, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული როგორც ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის, ისე მშენებლობის პროცესში.

ბლოკ-სქემები, ფორმულები, პროპორციული კანონზომიერება, მათემატიკური მოდელები - ამ ყველაფერს უხვად შეხვდება მკითხველი არქიტექტორ მაია კაჭარავას წიგნში, რომელმაც სვეტიცხოველი, ალავერდი, სამთავისი, სამთავრო, გელათი სრულიად სხვა კუთხით და სხვა გათვლებით დაანახვა საზოგადოებას.
თუკი ჩვენ, მაგალითად, ვახორციელებთ რომელიმე არქიტექტურული ძეგლის რესტავრაციას, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ მოვახდინოთ საუკუნეების მიღმა მოქმედი არქიტექტურის აზროვნების რეკონსტრუქცია...

უფრო კონკრეტულად კი, ავტორმა მეთერთმეტე საუკუნის ქართული ჯვარგუმბათოვანი ძეგლების პროპორციების ზუსტი მათემატიკური მოდელები შექმნა. დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ წიგნის ერთგვარ გვირგვინს ხუროთმოძღვრული ძეგლების პროექტირების ალგორითმის ბლოკ-სქემა წარმოადგენს. მისი საშუალებით ქართული ძეგლების სიღრმისეული შესწავლისას მკვლევარებს საშუალება მიეცემათ მიუყენონ ბლოკ-სქემა არსებულ ანალითურ კომპიუტერულ პროგრამებს ან ახალი, სპეციფიკური პროგრამები დაამუშაონ.

„მოვლენა არქიტექტურული სამყაროსთვის“ - ასე აფასებს მაია კაჭარავას წიგნს არქიტექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გურამ ყიფიანი და ამბობს, რომ წიგნი ემსახურება მრავალმხრივ მიმართულებას - უპირველეს ყოვლისა, სტუდენტ ახალგაზრდობას და შემდეგ კი არქიტექტურულ შემეცნებას. გურამ ყიფიანი თავის შეფასებას შემდეგნაირად განმარტავს:

“თუკი ჩვენ, მაგალითად, ვახორციელებთ რომელიმე არქიტექტურული ძეგლის რესტავრაციას, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ მოვახდინოთ საუკუნეების მიღმა მოქმედი არქიტექტურის აზროვნების რეკონსტრუქცია და გავერკვეთ, რა პროპორციულ სისტემებს ფლობს მისი რეპერტუარი, სად პოულობს მოდულს და როგორ მოდის მასთან კორელაციაში მეტროლოგიური ზღვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველთვის, უგამონაკლისოდ, ძეგლის რესტავრაცია გამოგვივა ევროპული რემონტი და ასეც გამოსულა არაერთ შემთხვევაში. ეს არის ის საფუძველი, რომელიც არქიტექტურულ განათლებას, არქიტექტურულ ერუდიციას სჭირდება”.
მაია კაჭარავა

მაია კაჭარავა

პროპორციულობა არქიტექტურაში მეცნიერებს და ხუროთმოძღვრებს უძველესი დროიდან აინტერესებდათ. ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში პითაგორას მიაწერდნენ არითმეტიკული და გეომეტრიული პროპორციების აღმოჩენასა და პრაქტიკაში გამოყენებას. ფილოსოფოსი და მეცნიერი არისტოტელე კი ფიქრობდა, რომ სილამაზის მიღწევა შეიძლება სიმარტივით, წესრიგითა და პროპორციულობით. პითაგორასა და არისტოტელეს და კიდევ არაერთი მეცნიერის, თეორეტიკოსისა თუ არქიტექტორის მოსაზრებები პროპორციების შესახებ დაედო საფუძვლად მაია კაჭარავას სადისერტაციო ნაშრომს, რომელიც მან 15 წლის წინ დაწერა და რომელიც, წიგნის სახით, აპრილის მიწურულს გამოიცა. მაია კაჭარავა 2011 წელს გარდაიცვალა. ის 27 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე და წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამეცნიერო მუშაობას და აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი სადისერტაციო ნაშრომიც: „ეს არის უიშვიათესი შემთხვევა, როცა შერწყმულია ერთმანეთში არქიტექტურა, მეცნიერება და ხელოვნება“, - მეუბნება მაიას მეგობარი და არქიტექტორი კოკა ამირეჯიბი:

ილუსტრაცია მაია კაჭარავას წიგნიდან

ილუსტრაცია მაია კაჭარავას წიგნიდან

„მაიამ შეძლო გამოევლინა კანონზიმიერება იმისა, თუ როგორ იყო აგებული ეს შენობები, რა იდო მთავარ პრინციპად მათი პროპორციების შექმნაში. ხელოვნებათმცოდნეები აღწერენ თავის ხელოვნებისმცოდნეობის პოზიციებიდან ობიექტს, არქიტექტორები აღწერენ ისტორიას, როგორ აიგო, რატომ აიგო... და როცა ერთდროულად აკეთებ ანალიზს იმისას, თუ რაზე ფიქრობდა არქიტექტორი და რა ინსტრუმენტს ხმარობდა ტაძრის აგების დროს, ეს არის უნიკალური შემთხვევა და, რაც მთავარია, ეს არ არის მაიას პიროვნული ფანტაზიების ნაყოფი. მან დაამტკიცა, რომ ეს ასე იყო ძალიან სერიოზული აპრობაციების, დისკუსიებისა და კამათების პროცესში“, - ამბობს კოკა ამირეჯიბი.

და მაინც რა იყო ის მეთოდები, რომლითაც მაიამ საბოლოოდ დაარწმუნა არქიტექტურული საზოგადოება თავისი მიგნებების სისწორეში? „ქართული არქიტექტურის სისტემის კონსტანტა“ - ასე უწოდებს კოკა ამირეჯიბი მაია კაჭარავას მიგნებას:

„მაიამ გუმბათქვეშა კვადრატის გვერდის და დიაგონალის შეფარდება აიღო. ეს არის მათემატიკური პროპორცია სპეციალური, რომელიც არ იცვლება იმის
ეს არის კონსტანტა ქართული არქიტექტურის სისტემაში. ეს მაიამ აღმოაჩინა პირველმა. შეფარდება კვადრატის მხარის დიაგონალთან...
მიხედვით, ტაძარი დიდია, საშუალო თუ პატარა. და აღმოჩნდა, რომ ეს არის კონსტანტა ქართული არქიტექტურის სისტემაში. ეს მაიამ აღმოაჩინა პირველმა. შეფარდება კვადრატის მხარის დიაგონალთან - ეს არის მთავარი მარცვალი მისი კვლევის, რომლითაც მან ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა და დღემდე ეს ნაშრომი რჩება ერთადერთ ნაშრომად. ვერავინ ვერ უარყო ის და არც გაჩნდა ოპონენტი, რომელიც იტყოდა, რომ ეს ასე არ არის“.

არქიტექტორები იმაზეც თანხმდებიან, რომ მაია კაჭარავას ნაშრომი აქტუალობას არ დაკარგავს და მიიჩნევენ, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ტაძრების აღდგენა-რესტავრაცია, მშენებლობა, მაია კაჭარავას მეთოდები აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული მუშაობის პროცესში, რასაც, მათი აზრით, ხელს შეუწყობს წიგნის გამოცემაც. სწორედ ამაზე წერს წიგნის წინასიტყვაობაში არქიტექტორი ნიკა შავიშვილიც: „თემაა მუდმივი. ძალიან მნიშვნელოვანი ყოველთვის. ეს თემა ასი წლის წინაც იყო და ასი წლის შემდეგაც იქნება“.

ნიკა შავიშვილი დარწმუნებულია, რომ მაია კაჭარავას ნაშრომის გამოცემით თანამედროვე მკვლევარებს, რესტავრატორებს, არქიტექტორებსა და ძეგლთა დაცვის სპეციალისტებს ძეგლებზე მუშაობის პროცესში მიეცემათ შესაძლებლობა აქტიურად გამოიყენონ ავტორის მიერ აღმოჩენილი მეთოდები და ამით კიდევ ერთხელ გაუსვან ხაზი ქართული ჯვარგუმბათოვანი ძეგლების უნიკალურობას.
XS
SM
MD
LG