Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 25 აპრილი


25 აპრილს გამოსული ქართული გაზეთების დიდი ნაწილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმის გახსნის შესახებ წერს. მთავარმა პროკურატურამ დეპუტატის ცემის ფაქტზე დაუსწრებლად ბრალი წაუყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებს - გენერალ ერეკლე კოდუას და სოდის სპეცრაზმის ყოფილ ხელმძღვანელს, გია სირაძეს, თუმცა, როგორც „ვერსიისათვის“ მიცემულ ინტერვიუში დეპუტატი ვალერი გელაშვილი ამბობს, დანაშაულის გახსნისათვის საჭიროა დამკვეთების პასუხისგებაში მიცემა. ინტერვიუს სათაურად წამძღვარებული აქვს გელაშვილისვე ფრაზა: „ჩემი ერთადერთი მიზანია, მიხეილ სააკაშვილი მისცენ პასუხისგებაში - მე ეს შედეგი მინდა!“

„თუ სირაძე და კოდუა არ დაკითხეს, სააკაშვილზე ვერ გავლენ. ამ პირებს საქართველოში ან ჩამოიყვანენ, ან თვითონ ჩამოვლენ. აბა, ამხელა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება რაში აწყობთ. თუ უნდათ, 14- წლიანი პატიმრობა არ მიიკერონ, ჩემი რჩევაა, თავად ჩამოვიდნენ, ბრალი აღიარონ და პროკურატურასთან შეთანხმებაზე წავიდნენ“, ნათქვამია ინტერვიუში.

ვალერი გელაშვილის სიტყვით, 9 წლის წინ მომხდარი თავდასხმის დროს ის სასწაულებრივად გადარჩა. რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტთან დაპირისპირების მიზეზს, ამის შესახებ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს:

„თავის დროზე ავლაბრის სასახლის ტერიტორიაზე ნაყიდი მქონდა მიწის ფართი, რომლის გაყიდვაც სააკაშვილის ხელისუფლებამ მაიძულა იმ პირობით, რომ რეზიდენციის მშენებლობა ჩემს კომპანიას უნდა განეხორციელებინა. სამუშაოები დავიწყეთ. საქმეში საკმაო ფული უკვე დახარჯული გვქონდა, მაგრამ სააკაშვილმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ანაზღაურებაზე უარი განაცხადა“.

გაზეთმა „რეზონანსმა“ კი ინტერვიუ ჩამოართვა თურქეთის ელჩს საქართველოში ლევენტ გუმრუკჩუს. საქმე ის არის, რომ 6 მაისს საქართველოს უნდა ეწვიოს თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული, რომელიც 7 მაისს, საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, სამი პარტნიორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიაზე იმსჯელებს:

„თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ კონფლიქტებით სავსე ამ რეგიონში თურქეთსა და საქართველოს მართლაც სამაგალითო ურთიერთობა აქვთ. ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას სტრატეგიული ხასიათი გააჩნია და ეს ასპექტი კიდევ უფრო მაღლა იწევს, თუ საკითხს სამმხრივი - თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის - ურთიერთობის პრიზმაში განვიხილავთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სტაბილურობის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, თუმცა, ამასთანავე, მიმაჩნია, რომ არსებობს ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაუმჯობესების შესაძლებლობა - კერძოდ, პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით“. თურქეთის ელჩის, ლევენტ გუმრუკჩუს თქმით, შემთხვევით არ არის, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.

„ევროპამ საქართველოს მხარი უნდა დაუჭიროს“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა ვრცელი სტატია გაზეთმა „ახალმა თაობამ“, რომელშიც ლაპარაკია გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტზე საქართველოში. სტატიის მიხედვით, ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ დასავლეთი ყოველთვის ეტყვის რუსეთს, რომ ასოცირების შეთანხმება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და რომ ეს საქართველოს არჩევანია. სტატიაში ასევე მოტანილია ციტატა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ლორან ფაბიუსის, განცხადებიდან:

„ამ ვიზიტის მიზანი ძალიან მარტივია. ჩვენ გვსურს გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებით ამ მომენტში, როცა მოახდინეთ პარაფირება ასოცირების შეთანხმებისა და ხელმოწერამდე ერთი თვე რჩება. ეს იქნება მოდერნიზაციის ძალიან ძლიერი საშუალება, რაც გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ევროპისკენაა მიმართული. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს, რაც შეიძლება გამოიხატოს ვიზების გაცემის რეჟიმის გამარტივებით“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG