Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდა ფინანსდებოდნენ პოლიტიკური პარტიები საქართველოში? (ნაწილი 1)


ავტორი: ირაკლი მოდებაძე

2010 წელს, "ხალხის პარტიამ" სახელმწიფოსგან სოლიდური თანხა მიიღო - 277 068 ლარი. დღეს, ვფიქრობ ცოტა ვინმემ თუ იცის ასეთი პარტიის არსებობის შესახებ. იგი 2007 წლიდან 2012 წლამდე არსებობდა და პრაქტიკულად შედგებოდა ერთი პოლიტიკოსისგან: კობა დავითაშვილისგან, რომელიც, მოგვიანებით კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. რაც შეეხება პარტიას, დღესდღეობით იგი არავითარ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა, არ მართავს არც შეხვედრებს ამომრჩეველთან, არც მიტინგებს, არ აქვს საკუთარი ვებ-გვერდი, ხოლო სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში, „ხალხის პარტიის“ გვერდს აქვს მხოლოდ 203 მოწონება, ასე რომ, ყოველგვარ რეიტინგზე საუბარი ზედმეტია-ბოლოს და ბოლოს, ანალოგიური მაჩვენებლით ამ პარტიას „მიჰრიმ სულთანის ქართველი ფანები“-ს გვერდი სჯობნის. (ზოგიერთი შეიძლება შემომედავოს, დავითაშვილი პოლიტიკიდან წავიდა და მისი პარტიის რეიტინგის დაცემაც ამან გამოიწვიაო, თუმცა, ფაქტები, რომლებიც აქაა მოყვანილი ეხება მისი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდს) და ამას დაუმატეთ ის ფაქტიც, რომ თანხის სერიოზული ნაწილი დაიხაჯა გაურკვეველი მიზნებით: ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც პარტიამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარუდგინა, 20 000 ლარის ოდენობის თანხა გატარებული იყო როგორც "სხვა ხარჯები",თუმცა, გაურკვეველია, კონკრეტულად რა იგულისხმეს.
ინფორმაციის ნახვის შემდეგ იბადება კითხვა: რატომ მიდის საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან ამოღებული ფული ასეთი გაურკვეველი პოლიტიკური სუბიექტების ჯიბეში? რამდენად სამართლიანია სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ქმედება?განვიხილოთ სახელმწიფოს მხრიდან პარტიების დაფინანსების დადებითი და უარყოფითი მხარეები და შესაძლო საფრთხეები.
საქართველომ დემოკრატიისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ რეალურ ხალხის მმართველობამდე ჯერ ისევ შორია. პოლიტიკური სპექტრი შედგება მაქსიმუმ ორი ძლიერი პოლიტიკური ძალისგან: ერთის მხრივ კოალიცია ქართული ოცნება, რომელიც შედგება 7 პარტიისგან, ხოლო მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“. (არადა, საქართველოში 200-მდე სხვადასხვა პარტიაა) ხოლო დანარჩენ პარტიებს მინიმალური ზღვარის გადალახვაც არ შეუძლიათ. თუმცა, იმ პარტიებს შორისაც, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, ძნელია განსხვავების პოვნა: გნებავთ საარჩევნო პროგრამის, გნებავთ იდეოლოგიის მხრივ. (გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც გააჩნია კონკრეტული იდეოლოგიური პლატფორმა და ქვეყნის ეკონომიკური მოწყობის ჩამოყალიბებული ხედვა)
საჭიროა ახალი ძალების გამოჩენა, რათა პოლიტიკური სპექტრი გახდეს უფრო მრავალფეროვანი და პლურალისტური. ეს კი მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული: ეკონომიკური ტერმინი რომ გამოვიყენოთ, პოლიტიკური სივრცე არის მონოპოლიზებული "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, ახალი პოლიტიკური ძალისთვის მათთვის კონკურენციის გაწევა დიდი გამოწვევა იქნებოდა. საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის შექმნა არ წარმოადგენს მაინცდამაინც დიდ სირთულეს, მაგრამ, თავის დამკვიდრება მეტად რთული საქმეა. იმისთვის, რომ პარტიის წევრები გახდნენ ცნობადი სახეები, საჭიროა მუდმივი შეხვედრები ამომრჩეველთან, აქციებისა და საინფორმაციო მიტინგების ჩატარება, კომუნიკაცია არასამთავრობო და საექსპერტო წრეებთან, სხვადასხვა სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა და ა.შ. ამ მხრივ, მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს სერიოზული უპირატესობა გააჩნიათ, რადგანაც არ სჭირდებათ იმაზე ზრუნვა, როგორ მიიქციონ მედიის ყურადღება: როგორც სამაუწყებლო, ისე ბეჭდური მედია ძირითადად პოლიტიკურ თემებს აშუქებენ, ხოლო რესპოდენტებად ცნობად და ეპატაჟურ სახეებს ირჩევენ. დღესაც, სხვადასხვა არხებზე, სხვადასხვა გადაცემებში ერთსა და იმავე ადამიანებს ვხედავთ. არასაპარლამენტო პარტიებიდან მედიის ყურადღების მიქცევას შედარებით ხშირად ახერხებს ლეიბორისტული პარტია, რაც ძირითადად შალვა ნათელაშვილის ქარიზმასა და ცნობილ გამოხდომებს უნდა მივაწეროთ... სერიოზულ პარტიას კი ამისთვის მასშტაბური ღონისძიება დასჭირდებოდა, (გნებავთ მიტინგი, ამომრჩეველთან შეხვედრა, რაიმე მსვლელობა და ა.შ) რაც მოითხოვს ორგანიზებას, დროს, მატერიალურ რესურსებს და ა.შ. საიდან უნდა მოიპოვოს პარტიამ საჭირო სახსრები? ფაქტია, რომ საწევრო გადასახადით ეს ვერ მოხერხდება: ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი არ იძლევა ამის საშუალებას. უცხოეთიდან დაფინანსების მიღებას სახელმწიფო კრძალავს და ეს სამართლიანიცაა, რადგან ამ შემთხვევაში პარტია ექცევა უცხოელი დამფინანსებლის გავლენის ქვეშ. დაფინანსების შეწყვეტის შიშით, პარტიის ლიდერები იძულებულნი იქნებოდნენ ანგარიში გაეწიათ დამფინანსებლის შეხედულებებისთვის, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მთლად ვერ ემთხვეოდეს როგორც სახელმწიფოს ინტერესებს, აგრეთვე თავად პარტიის წევრთა ხედვას. გარდა ამისა, ამას არც საზოგადოება იწონებს. (წარმოიდგინეთ, რა აჟიოტაჟს გამოიწვევდა იმის გაგება, რომ რომელიმე ქართულ პარტიას რუსეთიდან აფინანსებენ).

(იხ. გაგრძელება)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG