Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ უნდა ფინანსდებოდნენ პოლიტიკური პარტიები საქართველოში? (ნაწილი 2)


ავტორი: ირაკლი მოდებაძე

(პირველი ნაწილის გაგრძელება)
თანხების მოზიდვის კიდევ ერთი გზა არის კერძო შემოწირულობების მიღება. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით, მაქსიმალური შემოწირულობის რაოდენობა ერთი პირისგან განისაზღვრება 120 000 ლარით. საარჩევნო კოდექსში ცვლილება ახლახანს შევიდა, მანამდე კი აღნიშნული თანხა 120 000 ლარის მაგიერ შეადგენდა 60 000 ლარს. შეზღუდვა წესდება იმიტომ, რომ გამოირიცხოს: ა) დიდი რაოდენობით ფულის გათეთრების შესაძლებლობა. ბ) პარტიას (მითუმეტეს, თუ მმართველი პარტიაა) შეუძლია უბრალოდ გამოსძალოს ვინმეს ფული და შემდეგ ამას შემოწირულობა დაარქვას. მართალია, ამ საფრთხეს აღნიშნული კანონი მთლიანად ვერ აღმოფხვრის, მაგრამ, იძლევა გარკვეული დოზით შეზღუდვის შესაძლებლობას. სამაგიეროდ, შემოწირული თანხის რაოდენობის შეზღუდვა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის პარტიებს: იმ ფონზე, როდესაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია ნაციონალურ მოძრაობას დაუჯდა 18 749 710 ლარი, ხოლო "ქართულ ოცნებას"- 6 198 200, ვფიქრობ, ძნელი იქნება პარტიისთვის იმდენი მდიდარი მხარდამჭერის მოძიება, რომ ასეთი რაოდენობის თანხის აკუმულირება მოხდეს..(იმ შემთხვევაშიც, თუ თითოეული დამფინანსებელი გაიღებს თანხის მაქსიმუმს-120 000 ლარს, პარტიას მოუხდება 156 ასეთი დამფინანსებლის მოძიება, რათა ნაციონალურ მოძრაობას გაუტოლდეს ფულადი რესურსით. სხვა საკითხია, რამდენად შესაძლებელია საქართველოში ამ რაოდენობის მდიდარი ადამიანის პოვნა, რომელთაც იმავდროულად ექნებათ სურვილი, რომ ნებაყოფლობით დაეხმარონ ამა თუ იმ პარტიას.) არადა, როგორც ჩანს, სერიოზული შედეგის მისაღწევად მართლაც საჭიროა ასეთი დიდი თანხის გაღება.
ბოლოს, მივდივართ დასკვნამდე, რომ პარტიების ფინანსური პრობლემების გადასაწყვეტად, ისევ სახელმწიფო დაფინანსებაა საჭირო. დღესდღეობით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების საფუძველზე დაფინანსდება 14 პარტია. ამათგან, 7 პარტია, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, მიიღებენ 300 000 ლარს, (სულ 2 100 000 ლარი) ხოლო დანარჩენი პარტიები, რომლებიც ვერ მოხვდნენ პარლამენტში, მაგრამ კოალიცია "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ აჩვენეს შვიდი საუკეთესო შედეგი, საერთო ჯამში მიიღებენ 1 050 000 ლარს (თითოეული პარტიას შეხვდება 150 000 ლარი) გარდა ამისა, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ ლეიბორისტული პარტია, ედპ, თავისუფალი საქართველო და ქართული დასი. თითოეული- 150 000 ლარის ოდენობით.
უნდა ითქვას, რომ ეს დროული ცვლილებაა. თუმცა, მხოლოდ პარტიის დაფინანსებით პრობლემა ვერ გადაწყდება. სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს პარტიისგან ზუსტი ხარჯთაღრიცხვა, რათა პარტიებმა მიღებული თანხები მოახმარონ პოლიტიკურ საქმიანობას და პარტიის ლიდერებმა არ გამოიყენონ ის პირადი მიზნებისთვის (შეიძინონ აგარაკები, ითამაშონ კაზინოებში და ა.შ) ამისთვის, კი, საჭიროა, რომ პარტიის ხარჯთაღრიცხვა იყოს რაც შეიძლება უფრო დეტალური და გრაფაში "სხვა ხარჯები" არ შედიოდეს ისეთი დიდი ოდენობის თანხა, როგორც ეს იყო "ხალხის პარტიის" შემთხვევაში.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG