Accessibility links

გასულ კვირაში დასავლეთის პრესაში, ჟურნალ „ნიუზვიკში“, საქართველოზე - სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთზე - გამოქვეყნდა წერილი. ამავე დროს, შვეიცარიის რეგიონალური პრესა ქართველი პიანისტის მონაწილეობით ჩატარებულ კონცერტს გამოეხმაურა.

გაზეთი „სანკტ გალერ ტაგბლატი“ გერმანულენოვან შვეიცარიაში გამოდის. გაზეთი ფართოდ გამოეხმაურა 11 იანვარს ჰერიზაუში ჩატარებულ კონცერტს, რომელზეც შვეიცარიელმა ბარიტონმა მანუელ ვალზერმა და ქართველმა პიანისტმა ანანო გოკიელმა შეასრულეს სიმღერები ფრანც შუბერტის ვოკალური ციკლიდან "მშვენიერი მეწისქვილე ქალი". სტატიის ავტორი თავიდანვე, შესავალშივე, წერს, რომ მუსიკოსებმა მსმენელი იმ დღეს „აღაფრთოვანეს დამაჯერებელი წარმოდგენით“ და რომ პუბლიკას „ხელოვნებით ნატიფი ტკბობა“ შესთავაზეს. სტატიის ქვეთავში, სათაურით „შესანიშნავი ინტერპრეტაცია“, წაიკითხავთ: „მანუელ ვალზერმა თავის პიანისტ პარტნიორთან ოპტიმალური ჰარმონიით მიაღწია დამოუკიდებელ, სრულყოფილ ინტერპრეტაციას, რომელმაც გამოხატვის სიცოცხლისუნარიანობით და გრძნობების სიღრმით მსმენელი დაარწმუნა“. სტატიის ამავე ქვეთავში ვკითხულობთ: გამორჩეული ანანო გოკიელი კონცენტრირებული და მგრძნობიარე პარტნიორი იყო, რომელიც ყურადღებით, თანაგრძნობით იყო ჩართული და „ჯადოსნურ პიანისტურ აქცენტებს სვამდა“. სტატიის ავტორი ფანტასტიკურს უწოდებს მომღერლისა და პიანისტის შეთანხმებულ შესრულებას.

„სიმღერის აღმაფრთოვანებელი საღამო ორიგანალურად დასრულდა“, წაიკითხავთ ამ სტატიაში. ბისზე დაკვრის სანაცვლოდ, მანუელ ვალზერმა მსმენელები წარმატებით აიყოლია მასთან ერთად ემღერათ ციკლის შესავლის სიმღერა „ვანდერნ ისტ დეს მიულერს ლუსტი“.

კიდევ ერთ წერილს გაგაცნობთ, რომელიც საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის თემას შეეხება. მასში ლაპარაკია აფხაზეთის მცხოვრებთა უკმაყოფილებაზე იმით, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების მიღმა დარჩნენ, არაერთი თვალსაზრისით. აფხაზეთის რესპუბლიკაში, წერს სტატიის დასაწყისში ავტორი, რომელიც იქვე განმარტავს, ეს მხარე ცნობილია ასევე „აფსნის“ სახელით, რაც „სამშვინველის მიწას“ ნიშნავსო, ბევრია განაწყენებული. მათი განაწყენების მიზეზია ის, რომ თვით რუსეთმაც გამორიყა აფხაზეთი ათწლეულის თამაშიდან, რომელიც მათ კართან მიმდინარეობდა, ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან. სტატიის ავტორი აფხაზებს „კონკიას“ ადარებს: როცა მთელი მსოფლიო ზეიმობს მშვიდობას და ურთიერთგაგებას სპორტის გზით, აფხაზები განზე დატოვეს მინაზე ცხვირმიჭყლეტილი, არ დაპატიჟეს, არ ჩააბეს თამაშში, არ ისურვეს ისინი. მეტიც, აფხაზები რუსეთმა არც ოლიმპიური ობიექტების მშენებლობას მიაკარა. ოლიმპიურმა უწყებებმა აფხაზ სპორტსენებს აუკრძალეს თავიანთი დროშის ფერებით გამოსვლა. სტატიის თანახმად, რუსებმა მათ საზღვარი გადაუკეტეს, აფხაზებს ასპარეზობის ყურება უიაფესი ადგილებიდანაც კი არ შეეძლოთ. ამასთან ერთად, სტატიის ავტორის თანახმად, აფხაზთა ძიუდოისტების გუნდს სამარცხვინოდ არ დართეს ნება მონაწილეობა მიეღო საერთაშორისო შეჯიბრში რუსეთში, კრასნოდარში, და აფხაზ საუკეთესო სპორტსმენებს რუსეთის რეგიონალური როსტოვის გუნდის სახელით გამოსვლა შესთავაზეს.
XS
SM
MD
LG