Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პანორამა თბილისი” და თბილისი


"პანორამა თბილისი" (კომპიუტერული მოდელი)
"პანორამა თბილისი" (კომპიუტერული მოდელი)
ბოლო დროს აზრთა სხვადასხვაობისა და კამათის საგნად იქცა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ”თანაინვესტირების ფონდის” პროექტი ”პანორამა თბილისი”. სოლოლაკის მაღლობებზე სასტუმრო კომპლექსის, ერეკლესა და თავისუფლების მოედნებზე სავაჭრო-ბიზნესცენტრების მოწყობას და მათ დაკავშირებას საბაგირო გზებით ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

თბილისის მერიამ უარით უპასუხა ”პანორამა თბილისის” პროექტის ავტორებს, რომლებიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის საკმაოდ მოცულობით ტერიტორიაზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებას მოითხოვდნენ. ლაპარაკია მთაწმინდის რაიონში კოჯრის გზატკეცილზე, ე.წ. სოლოლაკის მაღლობებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის ფონდს გადაწყვეტილი აქვს ”პანორამა თბილისის” პროექტის განხორციელება.

თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ პასუხში ვკითხულობთ: ”იქიდან გამომდინარე, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალებითა და დოკუმენტაციით საერთოდ არ იყო დასაბუთებული წარდგენილ მასშტაბურ პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გაცემის მიზანშეწონილობა, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიამ იმსჯელა და ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომლის თანახმად, „თანაინვესტირების ფონდს“
ნელ-ნელა ჩვენ მოვიპოვეთ კრიტიკული მასა ურბანისტულად მოაზროვნე ახალგაზრდების, პირველ რიგში. ამდენად, ეს იდეა დღეს საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
ლადო ვარდოსანიძე
უარი ეთქვა მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქალაქგეგმარებითი პირობების გაცემაზე“.

თბილისის მერიის ასეთი პასუხი მოულოდნელი არ ყოფილა ცნობილი ურბანისტის, არქიტექტორ ლადო ვარდოსანიძისთვის:

”ნელ-ნელა ჩვენ მოვიპოვეთ კრიტიკული მასა ურბანისტულად მოაზროვნე ახალგაზრდების, პირველ რიგში. ამდენად, ეს იდეა დღეს საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ჩემი აზრით, პერსპექტივა მაინცდამაინც არ გააჩნია ამ იდეას. საერთოდ, ძველი ქალაქის ტურისტული ინტერესებისათვის მისადაგება გამართლებული არ არის. იდეის დონეზე დარჩეს, შევიდეს თბილისის განვითარების კონცეფციებში და თავისი ადგილი მოიპოვოს ისტორიის თაროებზე”.

პროექტი ”პანორამა თბილისი” დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მასშტაბური ინფრასტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ფონდის მესვეურებს სურვილი აქვთ, ივანიშვილის ბიზნესცენტრის მეზობლად არსებულ გორაკებზე ტერასული ტიპის სასტუმრო კომპლექსი აშენდეს. პროექტი მოიცავს თავისუფლების მოედნის იმ ნაწილსაც, სადაც ”ცეკავშირის” შენობა დგას, და ერეკლე მეორის მოედანს - კოალიცია ”ქართული ოცნების” შტაბბინის მეზობლად არსებულ ისტორიულ ფაბრიკას. ”თანაინვესტირების ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ეს ობიექტები ერთმანეთს საბაგირო გზებით დაუკავშირდება:
"პანორამა თბილისი" (კომპიუტერული მოდელი)
"პანორამა თბილისი" (კომპიუტერული მოდელი)

”ამ პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ამ ოთხივე პროექტს აკავშირებს საბაგირო გზები და დახრილი ლიფტები. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩავატაროთ 1000-ზე მეტკაციანი მრავალდღიანი კონფერენციები, რისი საშუალებაც აქამდე საქართველოში არ არსებობდა, და აგრეთვე მისცემს საშუალებას, რომ დედაქალაქის სტუმრები დატკბნენ პანორამული ხედებით”.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებული პასუხი საბოლოო უარს არ ნიშნავს. მერიის ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კახაბერ ნიაურის, განმარტებით, უარს თან ახლავს შესაბამისი რეკომენდაციები:
ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოველით მათგან ნეგატივს და ეს ნორმალურია, მაგრამ არა უშავს, 2 თვე როგორღაც მოვითმენთ და შემდეგ გავაკეთებთ...
ირაკლი ღარიბაშვილი


”უარი არ ნიშნავს, რომ ეს საერთოდ უარია. ეს არის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ იყო დამაკმაყოფილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი მასალა არ იძლეოდა ამ კუთხით განხილვის საშუალებას. გამომდინარე აქედან, ამ ეტაპზე ვერ მოხდა ამ კუთხით განხილვა, მაგრამ მიეცა რეკომენდაციები, შეთავაზება გარკვეული ტერიტორიების”.

მერიის გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის ”თანაინვესტირების ფონდი” ჯერჯერობით არ გამოხმაურებია. სამაგიეროდ, კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა:

”ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოველით მათგან ნეგატივს და ეს ნორმალურია, მაგრამ არა უშავს, 2 თვე როგორღაც მოვითმენთ და შემდეგ გავაკეთებთ იმას, რაც საჭირო არის თბილისისთვის”.

პროექტი ”პანორამა თბილისი” მიზნად ისახავს დედაქალაქში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას. ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ მოცულობის კაპიტალმა შესაძლოა თბილისის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. ამიტომ მერია ”თანაინვესტირების ფონდს” პროექტის განსახორციელებლად სხვა ალტერნატივებს სთავაზობს.
ლადო ვარდოსანიძე
ლადო ვარდოსანიძე

თბილისის ურბანული პრობლემის სისტემურ გადაწყვეტაზე ლაპარაკობს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძეც:

”ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი იდეა, კონცეფცია არის თბილისისთვის ახალი ბიზნესცენტრის, სივრცით-გეგმარებითი ცენტრის შექმნა გადასატანი რკინიგზის ადგილზე, დიდუბეში. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა გამოსავალი ძველ თბილისს არ აქვს, ვინაიდან მასზე ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენ ბიზნესმენებს, დეველოპერებს, მენაშენეებს არ შევთავაზებთ ისეთ ადგილს, სადაც ისინი თავისუფლად განვითარდებიან”.

ლადო ვარდოსანიძის მიერ ნახსენები რკინიგზის გადატანის პროცესი ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ შეწყდა. შესაბამისად, ქალაქის ცენტრში დაახლოებით 80 ჰექტარი ფართობი განვითარების პერსპექტივის გარეშე რჩება.
XS
SM
MD
LG