Accessibility links

logo-print
რაკი აღდგომამ მოაწია და გარკვეული ინსტინქტი ­– კულტურული, რელიგიური, სოციალური თუ, უბრალოდ, ადამიანური ­ჯერ სააღდგომო წირვისკენ, მერე კი საფლავებზე წითელი კვერცხის გაგორებისკენ მიბიძგებდა, კონფესიალური შეზღუდვა არად ჩავაგდე და ვიხელმძღვანელე რა 1054 წლის სქიზმამდელი ჰარმონიით, შეფარული მართლმადიდებელი აგენტის სტატუსით მოვილოცე პარიზის Saint Germain des Pres-­ს ტაძარი.

უნდა გამოვტყდე, შიშით შევდიოდი, რადგან, მოგეხსენებათ, არავინ იცის, სად დაგიხვდება (თუნდაც პარიზის ტერიტორიაზე) მელანქოლიურ ტურისტად გადაცმული ქართული რელიგიური პოლიცია, რომელიც არად დაგიდევს სააღდგომო ინსტინქტს და ხელად გამოგიცხობს მძვინვარე სტატუსს: “მხილებულია: კათოლიკებთან ერთად ლოცულობდა!”

მაგრამ როგორც არ უნდა შემშინებოდა, იმ ღამეს ვერაფრით მივაგნებდი მართლმადიდებლურ ეკლესიებად გადაკეთებულ საემიგრაციო პუნქტებს (ბინებს, ესე იგი)! როგორი მორჩილიც არ უნდა ვყოფილიყავი ათასი წლის წინანდელი დიდი სქიზმის მიმართ, იმ ღამეს აუცილებლად ტაძარში უნდა ვმდგარიყავი და სქიზმამდელი სიმაღლიდან ჩამომეცქირა ფსევდო­მხილების ნებისმიერი გამოვლინებისთვის.

Saint Germain-­იც იმ მიზეზით შევარჩიე, რომ თავისთავად ეს ტაძარიც დიდ სქიზმამდე გახლდათ აგებული (“როცა ერთი იყო ღმერთი და ერთიანი იყო სამყარო”) და კიდევ იმის გამოც, რომ ბავშვობიდან მეშინოდა მისი სამრეკლოს ზარების, რომელთაც ბართლომეს ღამის დადგომა აუწყეს შარლ­შლეგის მძინარე პარიზს.

Saint Germain des Pres ისეთი დამიხვდა, როგორსაც ველოდი ­ – ამაყი და პირქუში, და გულში მადლიერებით აღვნიშნე, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, ბატონმა დ. ბრაუნმა მაინც ვერ მოახერხა მისი მცირეოდენი შერყვნაც კი, ­ ტაძარი ასეც ვერ იქცა ტურისტების თვალიერება­-­ხეტიალისგან გაცვეთილ მონუმენტურ ფიტულად (რომელიმე ეიფელის კოშკივით) და მაინც კუშტ, “ჩაკეტილ” ტაძრად დარჩა.

ვერ ვიტყვი, ენთუზიაზმით ვიგალობე-­­მეთქი, მაგრამ ჩურჩულით მაინც შევეცადე ჩემი ნაციონალურ­-­რელიგიური იდენტობის შენარჩუნებას ­ – მივდექი ერთ­-­­ერთ კოლონასთან და ფაქტობრივად პირმომუწულმა, თუმცა მკაფიოდ წავიმღერე რამდენიმე გურული საგალობელი... შეძლებისდაგვარად, სამი ხმით. წირვის ბოლოს ერთურთს ჩავეხუტეთ (აქ, მოგეხსენებათ, ასეთი წესია: წირვის დასასრულს უცნობებიც კი ეხვევიან და ულოცავენ ერთმანეთს): ჯერ მე და სამხრეთ­ამერიკელი ინდიელის იერის მქონე კაცი, მერე მე და სამი ცალი (პრინციპში, მუშკეტერის მსგავსი) მარჯვე ფრანგი გოგონა, რომელთაც მუხლზე დგომით შეისმინეს მთელი წირვა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვედი ტაძრიდან გულაჩუყებული.

სოციალურ ქსელში მმხილებელი აგენტი, რაც მართალია მართალია, არსად დამინახავს. ამჯერად გადავრჩი. მეორე დღეს საფლავზე გასვლისკენ მიბიძგა გენეტიკურმა ინსტინქტმა, რადგან ყოველ მიზეზ გარეშე სადღაც უნდა მიმეგორებინა წითელი კვერცხი.

Per lashez­-­ის სასაფლაო მეშორა (თუმცა ვინაც ყოველთვის მეიმედებოდა, ყველა იქ იყო: “ტარტიუფის” ავტორით დაწყებული და “რედინგენის ბალადით” აღსრულებულით დამთავრებული), ქართული ლევილიც კიდევ უფრო შორი ჩანდა, ამიტომ ფეხებმა თავისთავად მიმიყვანეს მონპარნასის სასაფლაომდე. არ დავიზარე და ვინც განსაკუთრებულად მიყვარდა, ყველას საფლავი ჩამოვიარე, ღვინო ვაპკურე მათ აკლდამებს და კვერცხეულიც მივაგორ­-­მოვაგორე. აჰა, აგერ შესასვლელშივე დამიხვდნენ სიმონა და სარტრი...

სარტრისა და სიმონას საფლავი

სარტრისა და სიმონას საფლავი

გუშინ იქ ვიყავი, სადაც ოდესღაც თქვენც გიყვარდათ ჩამოსხდომა (Cafe de Flore – Saint Germain­­-­ის მახლობლად). “ჩვენ, როგორც წესი, Cafe de Flore­-­­ში დავდივართ”, ­ წერდა სიმონა, ახლა კი ეს ორნი აღარ, მაგრამ მწერლებივით ჩაცმული ამერიკელები (წიგნაკებით ხელში) ბლომად სხედან და მთელი პარიზის გულისწყრომის საგნად ქცეულ ოთხმეენთნახევრიან ყავას სვამენ, სხვაგან კი ყავა მხოლოდ ორმეენთნახევრად ისმება. მაგრამ სხვაგან ეს ორნი არც შედიოდნენ. ეს გაეგო სარტრს, რომ მისი სახელისა და ამ კაფეში ჯდომის გამო ორჯერ ძვირად ყიდიან ყავას, ახლოს არ მოეკარებოდა აქაურობას. კაცმა ნობელის პრემიაზე თქვა უარი, მისი მიზეზით გაძვირებულ ყავას შეარჩენდა ვინმეს!

გახსოვთ გალაკტიონის სიტყვები?

სენ­სანსის ფერფლის აკლდამა

სენ­სანსის ფერფლის აკლდამა

ჰანგების მეფე ­ დიდი სენ­სანსი
და დირიჟორი ნიკიში მძლავრი…
ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი,
მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი…


აი, აგერ ამ დიდი სენ­სანსის ფერფლის აკლდამაც (მრავალრიცხოვანი ნათესაობის ფერფლითურთ)! ფრანგ ბურჟუათა საფლავებს შორის... გახსოვთ, როგორ მღერის ის უცნაური და საშიში მეცო­სოპრანო Samson et Dalila­-­­ში? ეს გრძელი არია ერთ რამედ ღირს... ერთხელ მოისმენ და აღარასდროს დაგავიწყდება.

ბოდლერის საფლავი

ბოდლერის საფლავი

აგერ ბოდლერის საფლავიც!

ჩემ მიერ ჩამოდებული წითელი კვერცი, სამწუხაროდ, არ ჩანს. ფილების ქვეშ შევმალე, მეთქი, დარაჯმა არ დაინახოს. მოგეხსენებათ, პოსტ­საბჭოური შიშები...




კორტასარის საფლავი

კორტასარის საფლავი

კორტასარის საფლავზე წერილები და სამგზავრო ბილეთებია. აქ დღეს ჩემამდეც ყოფილა ვიღაც. ვაგლახ, “კლასობანა” არ წამომიღია, თორემ შეიძლებოდა სახეტიალოდ ჩამოდება საფლავზე.




ეჟენ იონესკოს საფლავი

ეჟენ იონესკოს საფლავი

აი, ეჟენ იონესკოს საფლავი. მეუღლითურთ. ეჰ, ვერ მოგისწარი! როგორ ვერ იტანდი სიტყვებს: “ეჟენ იონესკო ­ აბსურდული პიესების ავტორი”. ამბობდი: “არ ვწერ არანაირ აბსურდულ პიესებს, მე ვწერ რეალისტურ პიესებს, რომლებიც რატომღაც აბსურდულად ეჩვენებათ” რას იფიქრებდა შენი ინგლისურის მასწავლებელი, რომ პირველი გაკვეთილის შემდეგ, პირველივე აბსურდული გაცნობებიდან რამდენიმე საათში (“მე მისტერ სმიტი მქვია და ჩვენ ინგლისში ვცხოროვთ”) “აბსურდის თეატრის” პირველი შედევრის, "მელოტი მომღერალი ქალის” წერას დაიწყებდი. ინგლისური ასეც ვერ ისწავლე, ეჟეენ (ითქმის წატირებით), მაგრამ დრამის ისტორია კი ერთხელ და სამუდამოდ შეცვალე. წესით, ასე უნდა მიეწერათ ამ ქვაზე: “აქ დროებით განისვენებს პირველი ანტიპიესის ავტორი".

სემუელ ბეკეტის საფლავი

სემუელ ბეკეტის საფლავი

და აი, კიდევ ერთი. სემუელ ბეკეტი. წარწერა არ ჩანს, მაგრამ ვგრძნობ, ბეკეტია. ბეკეტის საფლავს აჩრდილის სილუეტად ადგას მისი შოოორეული პროფესიული შთამომავალი. აქაც ბარათები ყრია. ერთ-­ერთზე “გოდოს” ბოლო რეპლიკები და რემარკა წერია:


– წავედით?
– წავედით.
ადგილიდან არ იძვრიან.
ფარდა.


ამაზე ლაკონური და ზუსტი რაღა უნდა იყოს. აჰა, აქაც ერთი ცალი წითელი კვერცხი...

წლევანდელი აღდგომისთვის საკმარისია.
XS
SM
MD
LG