Accessibility links

logo-print

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია გახსნა


მერობის კანდიდატების წარდგენა

მერობის კანდიდატების წარდგენა

თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. 2014 წლის 14 ივლისს გამართულ არჩევნებზე 71 საკრებულო, 12 ქალაქის მერი და 59 გამგებელი აირჩევა. პარტიათა ნაწილმა უკვე დაასახელა თავისი კანდიდატები. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სპორტის სასახლეში დღეს, 26 აპრილს, გამართულ შეხვედრაზე 12 თვითმმართველი ქალაქის - მათ შორის, თბილისის - მერობის კანდიდატები დაასახელა.

კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანია დღეს, 2014 წლის 26 აპრილს, ოფიციალურად გახსნა. თბილისში, სპორტის სასახლეში, გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 თვითმმრთველი ქალაქის მერობის კანდიდატი დაასახელა. მათ შორის: ქუთაისის, ბათუმის, თელავის, ამბროლაურის, მცხეთის, ზუგდიდის, გორის, ოზურგეთის, ფოთისა და თბილისის.

თბილისის მერობის კანდიდატად რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დასახელდა. მერობისთვის ბრძოლა ნარმანიას „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ნიკა მელიასთან, ასევე ნინო ბურჯანაძესთან, კახა კუკავასთან, დიმიტრი ლორთქიფანიძესა და „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელ გიორგი გაჩეჩილაძესთან მოუწევს.

სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრას, მინისტრებთან, უცხოელ დიპლომატებსა და სხვა სტუმრებთან ერთად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მის დარბაზში გამოჩენას დამსწრეები განსაკუთრებული ოვაციით შეხვდნენ.

შეხვედრის დასასრულს თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ იმ გეგმებსა და დაპირებებზე ისაუბრა, რომელთა შესრულებასაც, როგორც ამბობს, მერად არჩევის შემთხვევაში აპირებს.

ნარმანიას თქმით, მისი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია თბილისის ისტორიული მემკვიდრეობა შენარჩუნდეს და, ამავე დროს, ქალაქში განაშენიანების პროცესი გაგრძელდეს. მისივე თქმით, მოსახლეობასა და სპეციალისტებთან ერთად, ქალაქის მმართველობა თბილისის განაშენიანების ახალ გეგმას შეიმუშავებს. მერობის კანდიდატი ამომრჩეველს ასევე დაჰპირდა, რომ ქალაქში გზები მოწესრიგდება, მდინარე მტკვარი კი გაიწმინდება და რეკრეაციულ ზონად გამოცხადდება.

დავით ნარმანიამ სოციალურ თემებსა და ჯანდაცვაზეც ილაპარაკა. მისი თქმით, თუ ის არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალ წელს ჯანდაცვაში 800 000 000 ლარი ჩაიდება. განახლდება, ასევე, თბილისის საბინაო ფონდი.
XS
SM
MD
LG