Accessibility links

logo-print
ავტორი: თამარ კომახიძე

იესოს მკვდრეთით აღდგომა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტია მისი ცხოვრების ისტორიიდან, ასევე ყველაზე დიდი სასწაული (თუმცა მას სასწაულების მოხდენა დიდად არ უყვარდა). სწორედ ამიტომ, რა გასაკვირია რომ ნებისმიერი ქრისტიანისათვის ეს ყველაფერი დიდ სიხარულთან ასოცირდება. თუმცა ჩემთვის სამწუხაროდ სხვაგვარადაა საქმე და ვეცდები თქვენც გაგიზიაროთ თუ რატომ.
რომ არა ქრისტეს აღდგომა, მისი ცხოვრება დასრულდებოდა სიკვდილით – იმით რითაც ნებისმიერი ჩვეულებრივი ადამიანისა. თუმცა ქრისტეს აღდგომა არის ნიშანი და ხაზგასმა იმისა, რომ ის იდეები რითაც ქრისტე მოვიდა, ის რასაც ქრისტიანობა ქადაგებს შეუძლებელია დაიღუპოს და მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, მიუხედავად ღალატისა და უარყოფისა, ისინი ბოლოს მაინც აღდგებიან, რადგან ისევე როგორც უკვდავება, ისინიც ღმერთმა უბოძა ადამიანს. ვერაფერი შეძლებს ამ იდეების დამარცხებას, რადგან ადრე თუ გვიან ისინი ისევ გამოიღვიძებენ და მოედებიან კაცობრიობას.
კონკრეტულად რა იდეებზეა საუბარი? რა თქმა უნდა სიყვარულზე. სიყვარულზე და მხოლოდ და მხოლოდ მასზე. იმ სიყვარულზე რომლზეც ქრისტე გვესაუბრება თავის მსმენელთ.
აი გავიდა ორი ათას წელზე მეტი მისი დაბადებიდან, ჯვარცმიდან და ჩვენ წითელი პარასკევის შემდეგ, რამდენიმე დღეში დიდი შეძახილებითა და ზარ-ზეიმით ვულოცავთ ერთმანეთს მის აღდგომას, თან ვამოწმებთ რომ იგი ჭეშმარიტად აღდგა, რეალურად ქვეყანაში სიძულვილია გამეფებული. მოჩვენებითი რწმენა, ერთმანეთის შური, ვერცხლისმოყვარეობა და ათასი ცოდვა, რომელიც ძირითადად სოწრედ ქრისტეს სახელით მოლაპარაკე ხალხისაგან მოდის, დღითი დღე უფრო ღრმად იდგამს ფესვებს. თავს ვიტყუებთ და ერთმანეთსაც ვატყუებთ თითქოს ყვეელაფერი კარგადაა, თითქოს წუთი წუთზე ქვეყანა გაბრწინდება და პატრიარქი სათითაოდ შეგვრეკავს სამოთხის ფართოდ გაღებულ კარიბჭეში.
მე კი სხვანაირად მგონია – ქვეყანაში სადაც სძულთ ყველა და ყველაფერი განსხვავებული, სადაც მარხვა დიეტაა, სადაც გინება მარტო ოთხშაბათს და პარასკევსაა ცოდვა, სადაც ერთმანეთის ღალატი და გაუტანლობაა ქრისტე არ აღმდგარა. მას ყოველ წითელ პარასკევს ჯვარზე ვაცვამთ და შემდეგ საგულდაგულოდ ვმარხავთ, იმის იმედით თითქოს მასიში (ეს თვე ძალიან სიმბოლური გახდა) განვითარებულ მოვლენებს ვეღარ იხილავს, ვეღარც იმას გაიგებს რა მოხდა აგვისტოში, ნოემბერში და ა.შ. ყველა სათითაო მუჭა მიწას ვაყრით და რაც მეტნი ვიქნებით უფრო მშვიდად ვიგრძნობთ თავს – კარგად დავმარხეთ. მერე ისევ მოდის წითელი პარასკევი და ასე გრძელდება უსასრულოდ.
ქრისტე დაიბადა, იცხოვრა და აღდგა, თუმცა ამას მნიშვნელობას ვუკარგვათ როცა მის საპირისპირო გზაზე მივდივართ. ან რა აზრი აქვს ჩვენთვის იმ ადამინისა თუ ღმერთის არსებობას რომელიც არ გვწამს? რომლის წინააღმდეგნიც ვართ და ზოგიერთს იქნებ სძულს კიდეც – რადგან არ სწამს მაგრამ მაინც ეშინია მისი.
ბოლოს ვეცდები მაინც ოპტიმისტურ ნოტაზე დავამთავრო, და იმ ძალიან იშვიათ ადამაინებს მივულოცო ქრისტეს აღდგომა, რომელთა გულებშიც იგი მუდამ ცოცხლობს!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG