Accessibility links

logo-print

რატომ ვერ გახდა “მწვანეთა პარტია” წამყვანი ძალა საქართველოში..???


ავტორი: თამარ ქარელი

გლობალური მწვანე პოლიტიკა

მწვანეთა პარტიები ადრეულ 70–იან წლებში ჩაისახა, 80–იან წლებში კი, გაიზარდა და ჩამოყალიბდა. პირველ ეკოლოგიურ პოლიტიკურ პარტიად ავსტრალიის გაერთიანებული ტასმანიის ჯგუფი ითვლება,რომელიც 1972 წლის მარტში შეიქმნა, როგორც კაშხლების საწინააღმდეგო, დაცვის კამპანიის ჯგუფი. თუმცა მათ მიიღეს მხოლოდ 3%–იანი მხარდაჭერა საპარალმენტო არჩევნებში და ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზანს დაეცვათ პედერის ტბა, მათ იმპულსი მისცეს მწვანეთა პარტიების ფორმირებას მსოფლიოში.დღეს მწვანე პოლიტიკა გლობალური მოვლენაა. მისი მთავარი ფოკუსი გარემოს დაცვაა, რათა მოხდეს პლანეტის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის. თუმცა, მწვანე პოლიტიკა თავისთავად უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ გარემოს დაცვა.
მწვანე იდეოლოგია, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია,მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს მდგრადი
საზოგადოება, რომელიც ეფუძნება გარემოს დაცვას, სოციალურ ლიბერალიზმსა და მონაწილეობით
დემოკრატიას. შესაბამისად, ეყრდნობა რამდენიმე ძირითად პოსტულატს, მათ შორის:
1. ეკოლოგია – მწვანე პოლიტიკის მთავარი და ამოსავალი წერტილი არის ეკოლოგიური პოლიტიკა,
რომელიც მოგვცემს საშუალებას დავიცვათ დედამიწა მომხმარებლური დამოკიდებულებისგან და
ვუზრუნველყოთ მომავალი თაობებისთვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება;
2. სოციალური სამართლიანობა – გარემოს დაცვა არ შეიძლება განხორციელდეს ღარიბების ხარჯზე
და/ან მიგვიყვანოს სოციალურ უთანასწორობამდე;
3. მონაწილეობითი დემოკრატია – მწვანე პოლიტიკის თანახმად აუცილებელია ხალხის
მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში.
გლობალური მწვანე პოლიტიკა ემხრობა დეცენტრალიზაციას, რითიც ის ძირეულად განსხვავდება
ტრადიციული სოციალისტური იდეოლოგიისაგან, რომელიც ძირითადად საზოგადეობის ცენტრალიზებულ
მართვას ემხრობა.
4. არა-ძალადობას – მწვანე პარტიათა შეხედულებები ეფუძნება სამშვიდობო მოძრაობებს და
ეწინააღმდეგება ომს, იარაღით ვაჭრობის და ძალის გამოყენებაზე დამყარებულ გადაწყვეტილების
მიღების გზებს.
მწვანეები იზიარებენ ძირითად ფილოსოფიას, რომლის ცენტრალური ამოსავალი წერტილი ადამიანების
ბუნებასთან დამოკიდებულებაა.მწვანე ფილოსოფიის თანახმად, ადამიანის და სხვა ბუნების შვილთა სიცოცხლე და კეთილდღეობა დედამიწაზე, თავისთავად ღირებულებაა. ეს ფასეულობები მნიშვნელოვანია იმისდა მიუხედავად თუ რა სარგებლობა მოაქვს დედამიწას და მის რესურსებს კაცობრიობის მიზნებისთვის, შესაბამისად, კაცობრიობას არა აქვს უფლება გაანადგუროს დედამიწაზე არსებული რესურსების (როგორც ბიოლოგიური, ასევე არაბიოლოგიური) მრავალფეროვნება საკუთარი სასიცოცხლო მიზნების დაკმაყოფილებისთვის. მწვანეებს მიაჩნიათ, რომ მათ უნდა შეუნარჩუნონ მომავალ თაობებს დედამიწაზე არსებული მრავალფეროვნება.


საქართველოს მწვანეები

საქართველოს მწვანეთა პარტია ერთ-ერთი უძველესი პოლიტიკური ორგანიზაციაა საქართველოში,რომელიც სათავეს ეროვნული მოძრაობიდან იღებს. პარტიის ძირითადი პრინციპები შესაბამისობაში მოდის ევროპის “მწვანეების” მიზნებსა და პრინციპებთან. გარდა ამისა მათთვის მნიშვნელოვანია:
1) საშინაო პოლიტიკაში -”ჭეშმარიტად დემოკრატიული და ერთიანი სახელმწიფო,ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მდგრადი,ჰუმანური,სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი,სამართლიანი საზოგადოებით”
2) საგარეო პოლიტიკაში კურსი – “რეგიონალური თანამშრომლობიდან ევროინტეგრაციამდე”.

საქართველოს მწვანეთა პარტია მიზნად ისახავს ისეთი საზოგადოების შექმნას, “რომელშიც ყოველი ადამიანი უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი, სუფთა და უსაფრთხო გარემოთი, რომელიც ჰარმონიულად შეუხამებს ურთიერთს ამჟამინდელი და მომავალი თაობების ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. საზოგადოება, რომელიც ორიოდ ათწლეულში არ ამოწურავს საუკუნეებისთვის განკუთვნილ რესურსებს, რომელშიც ადამიანი კი არ იარსებებს სახელმწიფოსთვის, არამედ სახელმწიფო – ადამიანისათვის, სადაც ყოველ მოქალაქეს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება; საზოგადოება, რომლისთვისაც თითოეული ადამიანის სიცოცხლე უდიდესი ფასეულობა იქნება”
გარდა იმ საყოველთაოდ აღიარებული მიზნებისა და იდეებისა ,რაც გულისხმობს დემოკრატიზმის პრინციპების აქტიურ მხარდაჭერას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. საქართველოს მწვანეებისათვის ასევე პრიორიტეტულია:
რეალური საპარლამენტო სახელმწიფოს შექმნა.
ხელისუფლების დეცენტრალიზაცია: ფართო ადგილობრივი თვითმმართველობით.
ყველასათვის ხელმისაწვდომი განათლება.
საბაზრო მექანიზმებისა და ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრება.
უსაფრთხო,სტაბილური ეროვნული მეურნეობის განვითარება.
მეცნიერების,როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტული სფეროს წახალისება და ხელშეწყობა და სხვა.
ასევე საქართველოს მწვანეთა პარტიისათვის მნიშვნელოვანი და ღირებულია ეროვნული ფასეულობები,რადგან ეროვნული კულტურა გარემომცველ სამყაროსთან მრავალათასწლოვანი,მშვიდობიანი თანაარსებობისა და შეგუების უნიკალურ გამოცდილებას შეიცავს.
დაბოლოს,ქვეყნის წინაშე არსებული ეკოლოგიური,ეკონომიკური,სოციალური თუ ნებისმიერი სხვა პრობლემის საბოლოო გადაჭრის აუცილებელ წინაპირობად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დამოუკიდებლობის განმტკიცება მიაჩნიათ.
არაფერია ზემოთ მოყვანილ მიზნებში ისეთი, რაც აპრიორი ეწინააღდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მაშ, რა ახსნა უნდა მოეძებნოს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან ასე ახლოს მდგარი იდეოლოგია ვერ სარგებლობს პოპულარობით ქვეყანაში მაშინ,როდესაც ”მწვანეები” ერთ-ერთ წამყვან ძალად ითვლებიან და დიდი პოპულარობით სარგებლობენ არა ერთ ქვეყანაში. ევროპის მწვანეებმა ევროპარლამენტის არჩევნებზე ხმების უპრეცენდენტო რაოდენობა მიიღეს. მათმა წინასაარჩევნო სლოგანმა :”იფიქრე ფართოდ, აირჩიე მწვანეები” არნახული შედეგი გამოიღო ”მწვანეების” ისტორიაში.

ყოველივე ზემოთქმულის ფონზე საინტერესოა რატომ ვერ შედგა მწვანეთა პარტია საქართველოში? რატომ მოხვდა პოლიტიკური სივრცის მხოლოდ მარგინალურ ფლანგზე პარტია, რომელსაც თავიდან ჰქონდა საკმარისი ადამიანური რესურსიც და იდეებიც, რომ გადაქცეულიყო არა მხოლოდ კლასიკურ ოპოზიციად, ანდა თუნდაც არასაპარლამენტო, მაგრამ აქტიურ პარტიად, რომელიც საზოგადოებას ეკოლოგიურად ინოვაციურ ხედვებს შესთავაზებდა..? ამ კითხვების პასუხად,როგროც მინიმუმ სამი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ
პირველი მიზეზი ეს არის პარტიის არც თუ ისე დიდი ცნობადობა საზოგადოებაში,რაც შესაძლოა განპირობებული იყოს პარტიის სახელწოდებით,რომელიც ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს და არაფერს მიანიშნებს მისი მემარცხენეობა-მემარჯვენეობის შესახებ. ასევე არაქარიზმატული ლიდერის არსებობა. საქართველოში ადამიანები მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთა ლიდერების მიმართაც არიან ნდობითა და პატივისცემით განწყობილნი. შესაძლოა ”მწვანეთა ” პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობის ნაწილში,მაგრამ არა იმდენად რომ ამან პარტიის ცნობადობასა და პოპულარობაზე დადებითად იმოქმედოს(განსხვავებით მაგალითად,ლეობორისტული პარტიისაგან.რომლის დღევანდელი მდგომარეობა დიდწილად ნათელაშვილის ფაქტორმა განაპირობა).
მეორე მიზეზი - დღეს საქართველოში სადაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 160 000-მდე ქართული ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა ადამიანებითვის სხვა ფასეულობებია უფრო მნიშვნელოვანი.ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების პლატფორმებში.მიუხედავად საარჩევნო სუბიექტების განსხვავებულობისა ისინი ერთმანეთის მსგავსი მოწოდებებდითა და დაპირებებით გამოდიოდნენ. დღეს აქტუალურია შემდეგი თემები: დასაქმება,სამხედრო სფერო,ჯანდაცვა, განათლება. ეს ჩამონათვალი წარმოადგენს ისეთ პრობლემებს,რომლებიც ქართველების უმრავლესობას აწუხებს.სწორედ ამიტომ პარტიებმა კარგად მოარგეს ხალხის ინტერესები თავიანთ წინასაარჩევნო პროგრამებს და განსხვავებით “მწვანეთა პარტიისაგან” მათი გულის მოგებაც ადვილად შეძლეს.
საზოგადოებაში “მწვანეები” რატომღაც მხოლოდ ბუნების დაცვასთან ასოცირდება. ამის ფონზე არ უნდა გაგვიკვირდეს თუ სოციალურდ გაჭირვებული მოსახლეობისათვის, მწვანეთა პარტიის მოწოდებები- ეკოლოგია,დემოკრატია,არაძალადობა არ აღმოჩნდა მიმზიდველი.ამის საპირისპიროდ საკმაოდ ეფექტურად იმუშავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პლატფორმამ: ”მეტი სარგებელი ხალხს” და კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებებმა: ”ღირსეული დასაქმება ყველას” ,”ცვლილებები რეალური შედეგებისთვის” და სხვა.
მესამე მიზეზი არის საქართველოს “არამწვანე” მდგომარეობა. დღეს როდესაც ვხედავთ,რომ ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტულია ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად ათვისების პოლიტიკა. როდესაც ხუდონჰესის მშენებლობით მიღებული ეკონომიკური სარგებელი ადამიანზე,როგორც მიზანზე მნიშვნელოვანია, როდესაც ვაკის პარკში დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობა,რომელიც ბუნებრივია “ჟანგბადს არ გამოყოფს” და მისი აშენებით მიღებულ “ფულს ვერ ისუნთქებ”.. ალბათ არც საზოგადოების დაბალი ინტერესი და უმოქმედობა უნდა იყოს გასაკვირი ამ საკითხების მიმართ.
დაბოლოს უნდა აღინიშნოს,რომ ბოლო პერიოდში ერთადერთი გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით გახლავთ პატრიარქის ინიციატივა, “საქართველოს გამწვანების ფონდის” შექმნასთან დაკავშირებით.თუმცა საფიქრებელია,რომ ვერც აღნიშნული ფონდი შეძლებს ჩვენი ქვეყნის “გამწვანებას” და რეალური “მწვანე მუშტის”საჭიროებაც უფრო ცხადი და საჭირო გახდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG