Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შედეგს გამოიღებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნა?


ავტორი: ირინა გურული

რა მდგომარეობაა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხრივ საქართველოში? რა შედეგს გამოიღებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნა? - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოკლედ მიმოვიხლოთ საქართველოში არსებული ვითარება.

ქვეყანაში დარეგისტრირებული მცირე და საშუალო ბიზნესის რაოდენობა, ერთი შეხედვით, ოპტიმისტურად განგვაწყობს - ასეთი ფირმები ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიების 96 %-ს შეადგენენ. თუმცა იგივე სტატისტიკა გვამცნობს, რომ აქტიური ბიზნესების რაოდენობა გაცილებით დაბალია და დარეგისტრირებულთა მხოლოდ 13 პროცენტია. ერთ-ერთი პრობლემაა ასევე რეგიონალური უთანასწორობა - რეგისტრირებულ კომპანიათა 45 % თბილისშია რეგისტრირებული.

კიდევ უფრო დამაფიქრებელია წარმოებისა და დასაქმების მაჩვენებლები – სტატისტიკური მონაცემებით, საშუალო და მცირე ბიზნესი საქართველოში მშპ-ს 6%-ს ქმნის და სამუშაო ძალის მხოლოდ 9 პროცენტს ასაქმებს.
შედარებისთვის: ევროპაში საწარმოთა 98 პროცენტი მცირე და საშუალო ზომის არის, ისინი ქმნიან სამუშაო ადგილების 2/3-ს და მთლიანი დამატებითი ღირებულების 60%-ს კერძო სექტორში.

რატომ ვერ ვითარდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები პერმანენტულად ატარებენ კვლევებს. კვლევების თანახმად, საქართველოს მეწარმეთა უმეტესობას ბიზნესკლიმატი საქართველოში მეტ-ნაკლებად მიმზიდველად მიაჩნია. გამოკითხულთა ორი მესამედი ამბობს, რომ არანაირ წინააღმდეგობას არ აწყდება სახელისუფლო ორგანოების მხრიდან.

სამი უმთავრესი პრობლემა, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებმა დაასახელეს, იყო: ფინანსების ხელმისაწვდომობა, საგადასახადო სისტემის სრულყოფის აუცილებლობა და მაღალი კომუნალური გადასახადები.

მართლაც, სტატისტიკა აჩვენებს, რომ კომერციული ბანკების მიერ ბოლო წლებში გაცემული კრედიტების 40% სამომხმარებლო სესხია, დანარჩენი 60% კი იმ სექტორებზე გაიცა, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას მხოლოდ უმნიშვნელოდ უწყობენ ხელს ან გრძელვადიან ზრდას საერთოდ არ უწყობენ ხელს. ფინანსური რესურსების სიმცირეს, ცხადია, თავისი მიზეზები აქვს.

მოგეხსენებათ, საქართველოს საბანკო სისტემა დამოკიდებულია უცხოურ კაპიტალზე. ზოგადად, საქართველო მაღალი რისკის ქვეყანაა. შესაბამისად, რისკების თავიდან აცილების მიზნით, საბანკო სექტორი ცდილობს დააფინანსოს შედარებით მოკლევადიანი პროექტები.

გრძელვადიან ფინანსურ რესურზე წვდომის არარსებობა განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს.

ამ გამოწვევაზე პასუხის მცდელობაა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესსააგენტოს შექმნის შესახებ. იგი ითვალისწინებს ძირითადად დაწყებითი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, რომელსაც საბანკო სექტორი არ აფინანსებს. მოგეხსენებათ, ე.წ. სტარტაპები რისკიანი ინვესტიციაა - დაწყებითი ბიზნესების 90% კოტრდება პირველსავე წელს. შესაბამისად, შესაფასებელია, თუ რამდენად მიზანშეწონილია გადასახადის გადამხდელთა ფულით მსგავს რისკიან ინიციატივებში ინვესტირება და დამატებითი სტრუქტურების შექმნა.

განვითარებულ ქვეყნებში მეწარმეობის განვითარებისა და ინოვაციებში კაპიტალდაბანდების განსხვავებული კულტურაა - იქ დაწყებით, მაღალრისკიან ბიზნესებს ვენჩორული კაპიტალი აფინანსებს.

რა შეიძლება გაკეთდეს ამ ეტაპზე საქართველოს რეალობაში? ალბათ, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ისეთი "ჩარჩო პირობების" შექმნა, როგორიცაა თანაბარი გარემო/თამაშის პირობები ბიზნესისთვის, ჯანსაღი კონკურენცია, განათლებაში ინვესტირება. მეწარმეობის სააგენტოს და ბიზნესასოციაციების როლი კი, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და ტექნიკური დახმარების გაწევის მიმართულებით.
XS
SM
MD
LG