Accessibility links

საქართველოს პროდუქციის პერსპექტივები ევროპის ბაზარზე


ავტორი: ირინა გურული

ივნისში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ამ ეტაპიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახალ ფაზაში შევა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ამ ურთიერთობებში იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოს პროდუქციას ევროპის ბაზარზე ახალ და მნიშვნელოვან პერსპექტივებს გაუჩენს.
რა გავლენას იქონიებს ეს შეთანხმება საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვაზე, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასა და სურსათში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოკლედ მიმოვიხილოთ არსებული სიტუაცია.

ევროკავშირი დღესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მისი წილი იმპორტის საერთო რაოდენობაში 30 %-ს, ხოლო ექსპორტისა 20 %-ს შეადგენს. უცხოეთში ექსპორტირებული ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტის, დაახლოებით, მეოთხედი (23 პროცენტი) დღესაც სწორედ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ექსპორტირებული პროდუქტი, სახეობათა მიხედვით, არცთუ მრავალფეროვანია, განსაკუთრებით ჭარბობს პირველადი წარმოების პროდუქცია. მაგალითად, 2012-2013 წლებში ევროკავშირის ბაზარზე, დაახლოებით, 50 დასახელების პროდუქტი გავიდა. მათი უმრავლესობა დღეს ევროკავშირთან არსებული შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმით (ე.წ. ჯსპ+-ით) სარგებლობს და ნულოვანი საბაჟო განაკვეთით შედის ევროკავშირის ტერიტორიაზე.

ექსპორტირებული პროდუქციის 64 %-ს თხილი შეადგენს, თუმცა შეინარჩუნებს თუ არა ამ წარმატებას და დინამიკას, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი ფასები იქნება ახლო მომავალში მიწასა და მუშახელზე საქართველოში.

დღეს ევროკავშირთან ვაჭრობის - განსაკუთრებით კი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობის - ხელის შემშლელი ფაქტორები, ერთი მხრივ, მაღალი ტარიფებია, ხოლო, მეორე მხრივ, არასატარიფო ღონისძიებებით გამოწვეული დაბრკოლებები.

ამ კონტექსტში, შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეამცირებს სავაჭრო ბარიერებს ქართული პროდუქციის გატანისას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს - საშუალებას მისცემს ქართველ ბიზნესმენებს სულ უფრო მეტი სახეობის პროდუქცია გაიტანონ ევროკავშირის ქვეყნებში და, ასევე, გაზარდონ ამ ვაჭრობით მიღებული შემოსავალი და სარგებელიც.

წინასწარი გამოთვლებით, შეთანხმების ამოქმედების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5 %-მდე გაზრდას გამოიწვევს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 13.5 %-ით გაიზრდება. ყველაზე მაღალი - 55 %-ით - ზრდა ნავარაუდევია ტექსტილის წარმოებისა, ხოლო ხილის, ბოსტნეულის, კვების პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოების ზრდა ნავარაუდევია 4 %-ით.

ზემოთ აღნიშნული ბარიერების გარდა, არსებობს აგრეთვე რიგი ე.წ. ტექნიკური სავაჭრო ბარიერებისა, როგორიცაა ტექნიკური რეგულაციები, სტანდარტები, გეოგრაფიული აღნიშვნები და სერტიფიცირების პროცედურები. ეს ბარიერები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და ნაკლებად გამჭვირვალე და თვალსაჩინოა, სატარიფო ბარიერებთან შედარებით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აგროსასურსათო - ანუ სოფლის მეურნეობის -პროდუქტებს ეხება, რომლთაც უნდა დააკმაყოფილონ წინასწარ შემუშავებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები. ევროკავშირი მსოფლიოს ერთ-ერთი ის რეგიონია, სადაც მომხმარებელთა დაცვის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამიტომ ამ ნორმების დაკმაყოფილება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება ქართული ბიზნესისთვის. საქართველოს კანონმდებლობებისა და პრაქტიკის დაახლოება ტექნიკური ბარიერებისა და სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების სფეროებში ყველაზე მეტად აუცილებელი და, ამავდროულად, ძვირად ღირებული პროცესია. ამ პროცესს საქართველოს მხარის მნიშვნელოვანი ძალისხმევა სჭირდება, რაშიც უახლოეს პერიოდში ევროკავშირის მხრიდან სერიოზული ფინანსური და ტექნიკური დახმარებაცაა გათვალისწინებული.

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება გვარწმუნებს, რომ პროცესის განხორციელება, მისი სირთულის მიუხედავად, შესაძლებელია. შედეგი კი ქვეყნისთვის საკმაოდ საინტერესოა: ეს პროცესი ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნას, ინვესტორთათვის ქვეყნის მიმზიდველობის ზრდას (განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის სფეროში), რაც პირდაპირ აისახება გაზრდილ საექსპორტო სავაჭრო მაჩვენებლებში და, შესაბამისად, მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებლების ზრდაში.
XS
SM
MD
LG