Accessibility links

logo-print

უკრაინის უშიშროება ადასტურებს სეპარატისტების მიერ სამი თანამშრომლის შეპყრობას


უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა მისი სამი თანამშრომლის დაპატიმრება დონეცკის ოლქში, პრორუსულად განწყობილი შეიარაღებული პირების მიერ. ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 26 აპრილის ღამეს გორლოვკაში სპეცსამსახურის თანამშრომლები იმ დროს შეიპყრეს, როდესაც ისინი ადგილობრივი საბჭოს დეპუტატის, ვლადიმირ რიბაკის მკველელობაში ეჭვმიტანილი რუსი მოქალაქის დაკავებას ცდილობდნენ. ქალაქ სლავიანსკის თვითმარქვია მერმა ვიაჩესლავ პონომარიოვმა დღეს განაცხადა, რომ მის მომხრეებს უკრაინის უშიშროების სამსახურის სამი თანამშრომელი ჰყავთ ტყვეობაში. „გამოვლენილ იქნა ვიცე-პოლკოვნიკის, მაიორისა და კაპიტნის წოდების მქონე უკრაინის უშიშროების სამსახურის სამი ოფიცერი, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე საგანგებო დავალების შესასრულებლად , კერძოდ, ჩვენი იმ დაჯგუფების ხელმძღვანელის დასაკავებლად იმყოფებოდნენ, რომელმაც გორლოვკის პოლიციის შენობა დაიკავა. ჯგუფი თავდაპირველად შვიდი კაცისაგან შედგებოდა. ჩვენ სამი მათგანი შევიპყარით.“ დონეცკში მოქმედ სეპარატისტულ დაჯგუფებას ტყვეობაში ჰყავს ასევე ეუთოს რამდენიმე სამხედრო დამკვირვებელი, რომლებსაც პონომარიოვი „სამხედრო ტყვეებს“ უწოდებს და აცხადებს, რომ აპირებს გაცვალოს ისინი უკრაინელი სამართალდამცველების მიერ დაპატიმრებულ მათ აქტივისტებზე, რომლებსაც სეპარატიზმში ედებათ ბრალი. შეპყრობილი დამკვირებელების ბედზე შაბათს ტელეფონზე ისაუბრეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელმაც მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას გაანთავისუფლოს ეუთოს წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG