Accessibility links

logo-print

აშშ ვლადიმირ პუტინის გარემოცვას ახალ სანქციებს უწესებს


28 აპრილიდან შესაძლოა ამოქმედდეს აშშ-ის ახალი სანქციები რუსეთის რიგი ჩინოვნიკების მიმართ. ამის შესახებ ჟურნალისტებს 27 აპრილს განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდესმა. ის თან ახლავს ბარაკ ობამას აზიური ტურნეს მსვლელობისას. ბენ როდესმა აგრეთვე განაცხადა, რომ 28 აპრილს ახალ სანქციებზე სამსჯელოდ შეიკრიბებიან ევროკავშირის ლიდერები. ევროკავშირის რამდენიმე ჩინოსნის ადრინდელი ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები შეიკრიბებიან ბრიუსელში „მეორე ფაზის“ სანქციების დეტალების დასაზუსტებლად. ლაპარაკია რიგი პირების ქონების გაყინვასა და ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვაზე. 27 აპრილს ამერიკული ტელეარხებით გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანაშემწის ტონი ბლინკენის განცხადება, რომლის თანახმადაც, უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გამო აშშ სანქციებს დაუწესებს ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვის წარმომადგენლებს, აგრეთვე კომპანიებს, რომლებსაც ისინი აკონტროლებენ. ტონი ბლინკენის თანახმად, სანქციების შემოღების შესახებ ოფიციალურად მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოცხადდება. ბლინკენის სიტყვებით, სანქციების შემოღებით გართულდება იმგვარი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რასაც ვლადიმირ პუტინი რუსეთის მოქალაქეებს დაპირდა.
XS
SM
MD
LG