Accessibility links

logo-print
საქართველოს ბიუჯეტისგან ყველას ყველაფერი უნდა: პენსიონერებს - მეტი პენსია, მასწავლებლებს - მეტი ხელფასი, მრავალშვილიანებს - შვილების აღზრდის დაფინანსება, ნებისმიერი შემოსავლის მქონე ადამიანს - უფასო ჯანდაცვა, უფასო განათლება, უფასო სახელმძღვანელოები, უფასო საბავშვო ბაღები. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ყველას უნდა მოწესრიგებული გზა კარამდე, დასუფთავებული ეზო, დაცვა კრიმინალისგან და ა.შ. საზოგადოება პოსტსოციალისტურ ქვეყნებში ყოველთვის მიესალმება საბიუჯეტო დანახარჯების ზრდას და ყველაფერი უნდა იმ რაღაც დიდის და გაუგებარის ხარჯზე, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჰქვია.

სწორედ ამიტომ, ეკონომისტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ნებისმიერი ხარჯი, რეალურად, ქვეყნის თითოეული მოქალაქის, უფრო მეტად კი თითოეული დასაქმებულის მიერ გაწეული ხარჯია.

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 9 მილიარდ 80 მილიონი ლარით განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ ერთ დაქირავებულ დასაქმებულზე საბიუჯეტო ტვირთი წელიწადში 13 700 ლარს შეადგენს. ასე რომ, როგორც მინიმუმ, თითოეულ დასაქმებულს იმის გაანალიზება მართებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ გაწეული თითოეული „უფასო“ მომსახურების ხარჯი მისი ტვირთიდან გადაიხდება და რაც უფრო გაიზრდება მოთხოვნილებები ბიუჯეტის მიმართ, მით უფრო გაიზრდება ეს ტვირთი მისთვის - ან გადასახადების ზრდის ხარჯზე, ან მოხმარებული პროდუქციის გაძვირების ხარჯზე. საერთოდ, ცოტა ვინმე თუ აცნობიერებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელფასი არ გაქვს, ირიბი გადასახადების წყალობით, შენც ხვდები მათ რიგში, ვინც საბიუჯეტო ხარჯების ტვირთს იზიარებს. უხეში დათვლით, ქვეყნის ერთ მოსახლეზე 2014 წლის საბიუჯეტო ტვირთი, საშუალოდ, 2 025 ლარია. ანუ თქვენ გადასახადს იხდით მაშინ, როცა იხდით კომუნალური მომსახურების საფასურს, ყიდულობთ ლუდს თუ სიგარეტს, ალკოჰოლურ სასმელს თუ ასე შემდეგ. მაგალითად, ისეთი სახელისუფლებო გადაწყვეტილება, როგორიცაა ლუდისა თუ სიგარეტისთვის აქციზის გადასახადის გაზრდა, სინამდვილეში, თქვენი ტვირთის გაზრდაა და არამხოლოდ (და არაიმდენად) ბიზნესის.

საბიუჯეტო გადასახდელებიდან ყველაზე „ძვირი“ საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაა - ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 415 ლარი. დაახლოებით, მაგდენივე უჯდება ერთ ადამიანს სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. ყველაზე „იაფი“ გარემოს დაცვა გვიჯდება, დაახლოებით - 68 ლარი წელიწადში.

ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტვირთად ქვეყანას ბიუჯეტიდან საშინაო და საგარეო ვალების გასტუმრება აწევს - ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წელიწადში, დაახლოებით, 300 ლარი უჯდება, დასაქმებულისთვის კი თანხა 2 300 ლარს აღწევს;

წარმოდგენილი ინფორმაცია მხოლოდ ნაწილია იმისა, რაც „სახელმწიფოს ფასს“ შეადგენს. უფრო სრული ინფორმაციის ხილვა საიტზე www.priceofthestate.ge შეიძლება, რომელიც სწორედ ასეთი გათვლებისთვის შეიქმნა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG