Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 15 მაისი


„ვინ არის მთავარი - რატომ აწერს ასოცირებას ხელს პრემიერი და არა პრეზიდენტი?!“ - ასეთი გრძელი სათაური აქვს „რეზონანსის“ სტატიას, რომელშიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმომწერის ვინაობაზე კონსტიტუციონალისტთა მოსაზრებებს გაეცნობით. ვახუშტი მენაბდე „ძალიან არასერიოზულად“ თვლის პრემიერის სასარგებლოდ გამოთქმულ არგუმენტს, რომ მან იმიტომ უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმებას, რომ ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. კიდევ ერთი კონსტიტუციონალისტი კი, ზურაბ ჯიბღაშვილი, განმარტავს: „კონსტიტუციის ნორმების სისტემური ინტერპრეტაციის შედეგად, მე ვფიქრობ, რომ ასეთ საკითხზე პასუხისმგებლობის ერთადერთ სუბიექტად კონსტიტუცია აცხადებს სახელმწიფოს მეთაურს - საქართველოს პრეზიდენტს“.

მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირებაზე კულტურის ექს-მინისტრი ნიკა რურუა ეუბნება გაზეთ „პრემიერს“: „როგორც ჩემი წყაროები მატყობინებენ, პრეზიდენტს არ მისცეს უფლება დახვედროდა აეროპორტში ფრანგ კოლეგას, რაც მარგველაშვილს, თურმე, სურდაო“.

„პრემიერშივე“ სტატია ეძღვნება „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებისა და არეულობის თემას. ავტორი წერს: „სხვათა შორის, „პრემიერს“ ისიც უთხრეს, რომ რამდენიმე თვის წინ, როცა პრემიერობიდან გადამდგარმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი მარგველაშვილი პირველად გააკრიტიკა, „ოცნების“ „ბიძინისტური“ ფრთა მარგველაშვილს თურმე შეუჩნდა, გინდა თუ არა, გადადექიო“.

„ეს ბოლო არჩევნებია, სადაც ბრძოლა არ მიმდინარეობს პირველი ადგილისთვის, არ გვერჩიან და ვერ გვერჩიან. აქ საუბარია შორეულ საპარლამენტო არჩევნებში ვინ გავა მეორე, მესამე ადგილზე“, - ეუბნება „პრემიერს“ დავით ბერძენიშვილ და განაგრძობს: „ალბათ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ვითარება შეიცვლება და კონკურენციის შესაძლებლობები გაჩნდება. დღეს კონკურენცია არის ოპოზიციური ნიშის დაკავებისთვის და არა გამარჯვებისთვის“.

„ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე ასეთ რჩევას იძლევა: „პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს ბიზნესს, რომ გადავიდნენ თამაშის კანონიერ წესებზე, რომ იგი დაუდგება მათ გარანტად ამ პროცესში. ბიზნესს უნდა ჰქონდეს ქველმოქმედებით გამოწვეული სიამაყის განცდა და არა სინდისის ქენჯნა“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ ავტორი ირწმუნება, რომ „თბილისის მერად არამმართველი ძალის წარმომადგენლის არჩევა, უპირველეს ყოვლისა, შედის თბილისელების ინტერესებში“, რადგან, მისი აზრით, ეს „დიდად შეამცირებს მმართველი კოალიციის ტოტალიტარულ რეჟიმად გადაქცევის ალბათობას“.

პრესაში ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება უკანონო მოსმენები. „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია, ეუბნება „ახალ თაობას“: „ხელისუფლების ინტერესშია მოსმენები გაგრძელდეს. ამას მრავალგვარი ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს უნდობლობა ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ ეკლექტური გაერთიანება, რომელიც იმ მომენტში სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს და შეიძლება სულაც არ სჭირდებოდა ქვეყანას, მის დემოკრატიულ განვითარებას“.

ამავე თემაზე იურისტი ლია მუხაშავრია „პრემიერს“ უზიარებს მოსაზრებას: „ხელისუფლებას თუ ეშინია, რომ ოპოზიცია უსმენს და ქვეყანაში უკანონობის აღსაკვეთად კვალიფიციური გამომძიებლები არ ჰყავს, მაშინ ვაი მაგათ პატრონს! თუკი საკუთარ პოლიტიკურ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ, მაშინ როგორ უზრუნველყოფენ დანარჩენი საზოგადოებისა და მთელი სახელმწიფოს უსაფრთხოებას?“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG