Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონჯოლის კრეფის სეზონი დაკავებებით გაიხსნა


ორშაბათს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 44-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ერგნეთში შეიტყვეს სოფელ კლდისწყაროში ორი ადამიანის დაკავების შესახებ. გიორგი ხარაიშვილი და ბესიკ გელაშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯონჯოლის საკრეფად იყვნენ გასულები, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. ხარაიშვილი 1 წლის წინაც დააკავეს და 13 დღიანი პატიმრობის შემდეგ 2000 რუბლიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი მეუღლე ლია შუკაკიძე ამბობს, რომ დაკავებისას სატელეფონო კონტაქტი მოესწრო.

ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ხაშურისა და საჩხერის რაიონის სოფლების მცხოვრებლები გაზაფხულზე ჯონჯოლის კრეფით დამატებით შემოსავალს იღებენ, თუმცა ამ დროს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დაკავებებიც ხშირდება ხოლმე და დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტიც დაკავებულთა ახლობლების მიერ გადახდილი ჯარიმების ხარჯზე ივსება. კლდისწყაროს მცხოვრები გრიგოლ გელაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მესაზღვრეები სოფლის სიღრმეში შემოდიან და 2008 წლის შემდეგ სოფლის განაპირას გადაადგილება სახიფათოა.

ერგნეთის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ, გელაშვილისა და ხარაიშვილის გარდა, სოფელ ცერონისთან დაკავებული 70 წლის მოხუცის, მერაბ კაპანაძისა და ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, ყარაფილასთან დაკავებული რომან შიტიკოვის გათავისუფლებაც მოითხოვა. შიტიკოვის დაკავებასთან დაკავშირებით ოსური მხარე კომენტარს ერიდება და არც უარყოფს და არც ადასტურებს მის ცხინვალში ყოფნას. კაპანაძის შესახებ კი ქართულ მხარეს ინფორმაციას აწვდის. მერაბ კაპანაძის ვაჟი, ზაალ კაპანაძე, ერგნეთში ელოდებოდა შეხვედრის დასრულებას და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს გაესაუბრა. მას შეჰპირდნენ, რომ დაკავებული მოკლე დროში გათავისუფლდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეების წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს. ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი ქართველი პოლიციელების დაკავებით იმუქრება, თუ ისინი კაშკა-ქერეს გზის მონაკვეთზე პარტულირებას კვლავ განახორციელებენ. ამ მონაკვეთზე ოსური მხარე პრეტენზიას აცხადებს და იქ პოლიციელების გამოჩენას აპროტესტებს. ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი რუკებით, ეს გზა ყოველთვის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გოჩა რატიანის თქმით, პროვოკაციების მიუხედავად, პატრულირება გაგრძელდება.

რაც შეეხება დაკავებულთა გაცვლას, ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 10-ზე მეტი დაკავებულის გადაცემა ცხინვალის ციხეში მყოფი 8 პატიმრის სანაცვლოდ შესთავაზა, თუმცა ოსური მხარე მთავარ საკითხად გორის ტერაქტის მოწყობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლებას აყენებს. გარდა ამისა, ხოხ გაგლოითიმ ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში ადგილობრივი მოსახლეობის არასათანადო ინფორმირებაში დაადანაშაულა.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, მაგრამ თავისუფალ მოქალაქეებს გადაადგილებას ვერავინ შეუზღუდავს.

ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს საფოსტო გზავნილებთან დაკავშირებით ახალი ჰუმანიტარული მექანიზმის შექმნა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. დელეგაციის წევრების თქმით, ცხინვალში მცხოვრებთა სახელზე ასობით წერილი და საფოსტო გზავნილი მოდის, მაგრამ ასეთი მექანიზმის არარსებობის გამო ის ადრესატამდე ვერ აღწევს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერგნეთში ივნისის დასაწყისში გაიმართება.
XS
SM
MD
LG