Accessibility links

logo-print

ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ახალი ესკალაცია აღმოსავლეთ უკრაინაში


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ დაწესდება ახალი სანქციები, რამაც უნდა აიძულოს კრემლი შეასრულოს ჟენევის დეკლარაციით ნაკისრი ვალდებულება და შეწყვიტოს უკრაინის დესტაბილიზაცია. ამასობაში, ვითარება კვლავ დაძაბულია აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა 28 აპრილს ქალაქ ხარკოვის მერი, გენადი კერნესი, დაჭრეს.

საერთაშორისო ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო რუსეთის ხელისუფლების დასჯისკენ მიმართული ახალი სანქციები 28 აპრილს, დღის ბოლოს, გახდება ცნობილი. აშშ-ის პრეზიდენტმა ფილიპინებში საუბრისას აღნიშნა, რომ სანქციებმა უნდა აიძულოს რუსეთის ხელისუფლება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, რაც უკრაინაში ვითარების დეესკალაციას ისახავს მიზნად:

„სანქციების მიზანი არ არის პერსონალური დაპირისპირება ბატონ პუტინთან. ამის მიზანია შეიცვალოს მისი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი უარყოფითი გრძელვადიანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მისი ჩარევით უკრაინაში ამჟამად განხორციელებულ ქმედებებს რუსეთის ეკონომიკაზე, და გვსურს, შევახსენოთ მას, რომ საჭიროა ქმედება და არა მხოლოდ საუბარი, როცა საქმე უკრაინის კრიზისის დიპლომატიურ მოგვარებას შეეხება“.

მორიგი სანქციები დაუწესდებათ ცალკეულ ინდივიდებსა და საწარმოებს, მათ შორის, მაღალი ტექნოლოგიების საექსპორტო კომპანიებს. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ფრთხილი ოპტიმიზმით ლაპარაკობს სავარაუდო ახალი სანქციების ეფექტიანობაზე:

„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ იმუშავებს ეს სანქციები და ამიტომ, თუ კვლავ ექნება ადგილი რუსეთის მხრიდან შემდგომ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, მომდევნო სტადია უნდა იყოს უფრო მიზანმიმართული სანქციები ეკონომიკის ცალკეული სექტორებისკენ, როგორიცაა საბანკო ანდა თავდაცვითი ინდუსტრია. ამიტომ სანქციების ეს ფაზა უფრო ყოვლისმომცველი იქნება“.

რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე მოსალაპარაკებლად ორშაბათს ევროკავშირის წარმომადგენლების შეხვედრაც იმართება.

თუმცა მოსკოვი არც ახალი სანქციების შემთხვევაში აპირებს ზეგავლენის მოხდენას უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებზე, რომლებმაც ქალაქ სლავიანსკში გასულ კვირაში ტყვედ აიყვანეს ეუთოს 8 სამხედრო ინსპექტორი. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ სლავიანსკის თვითმარქვია მერმა, ვიაჩესლავ პონომარიოვმა, რომელმაც ეუთოს წარმომადგენლებს „სამხედრო ტყვეები“ უწოდა, კვირას რვიდან მხოლოდ ერთი ტყვე გაათავისუფლა, ისიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

გერმანიამ, რომლის ორი წარმომადგენელიც იმყოფება სეპარატისტთა ტყვეობაში, 28 აპრილს დაგმო ეუთოს სამხედრო ექსპერტების დაპატიმრება, როგორც „უკანონო და გაუმართლებელი“ ქმედება. თუმცა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტები ასეთ შეფასებებსა და მოწოდებებს ყურადღებას არ აქცევენ. განიარაღებისა და შენობების დატოვების ნაცვლად, კვირას პრორუსულმა ჯგუფებმა ხელთ იგდეს დონეცკის ტელევიზია,
28 აპრილს კი სეპარატისტებმა ქალაქ კოსტანტინოვკაში პოლიციისა და ადგილობრივი მთავრობის შენობები დაიკავეს. უკრაინაში შექმნილი დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს ხარკოვიდან მოსული ცნობა.

28 აპრილს ხარკოვში მძიმედ დაჭრეს ქალაქის მერი, გენადი კერნესი, რომელიც უკრაინის დამხობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ განახორციელა ეს თავდასხმა. ხარკოვის მერის მოადგილის, იური საპრონოვის თანახმად, კერნესს ორი ტყვია მოხვდა - ერთმა ფილტვი დაუზიანა, მეორემ კი - ღვიძლი. დაჭრილი ხარკოვის მერი რეანიმაციაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება.
XS
SM
MD
LG