Accessibility links

logo-print

შეკითხვები ყვარლის გამგებლის დაკავება-გასამართლების ფონზე


ყვარელი

ყვარელი

არაერთ შეკითხვას სვამს და ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას ელოდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც სასამართლოში ყვარლის რაიონის გამგებლისა და მისი მომხრეების ინტერესებს იცავდა. გამგებლის დაკავებისა და მისი გადაყენების ფაქტების გარდა, საიას კითხვის ნიშნები უკავშირდება წინასაარჩევნო პროცესებსა და სამართალდამცველთა ქმედებებს. რას აპირებს აწ უკვე ყოფილი გამგებელი და რა გეგმები აქვს მასთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას? თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სადავოდ მიაჩნია საკითხი, თუ რამდენად სწორად მოხდა აწ უკვე ყოფილი გამგებლისდავით ქევხიშვილის ქმედების კვალიფიკაცია ”წვრილმან ხულიგნობად”. პოლიციამ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი 25 აპრილს დააკავა - მის მხარდამჭერ 17 პირთან ერთად. მხარდამჭერები, როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით გაასამართლეს. იმავე დღეს გამგებელს სასამართლომ ჯარიმის სახით 100 ლარის, ხოლო მის მხარდამჭერებს 400-400 ლარის გადახდა შეუფარდა.

ვიდრე საქმე სასამართლომდე მივიდოდა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საეჭვოდ მიიჩნევს სავარაუდო მიკერძოებულ ქმედებებს და თვლის, რომ გასარკვევია, თუ რამდენად თანმიმდევრულად მოქმედებდნენ პოლიციის თანამშრომლები და პირთა დაკავება ხომ არ მოხდა შერჩევით. ”თუ ერთ შემთხვევაში დარღვევას წარმოადგენდა გამგებლის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რატომ არ წარმოადგენდა დარღვევას საკრებულოს წევრის მიერ ჩადენილი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები?” - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ 28 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში და ეს აქცენტი ჩვენთან საუბრისას იურისტმა ლელა ტალიურმაც დასვა. ამასთან, საიას საარჩევნო პროექტების კოორდინატორი ყვარლის რაიონის გამგებლის ისტორიას წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად მეტად საზიანოდ მიიჩნევს:
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოებში ცვლილებები მოხდა - საკრებულოს თავმჯდომარეები გადააყენეს და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დაიკავეს ეს პოზიციები. თუმცა ყვარელში ეს არ მომხდარა - საკრებულოს თავმჯდომარე დარჩა უცვლელი, თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის სიით გასული ზაზა ლომიძე...

”უწყებათშორისმა კომისიამ არაერთგზის გასცა რეკომენდაციები, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი პროცედურები არ უნდა შეეხოს თანამდებობის პირებს ადგილებზე, როგორიც არის საკრებულოს თამჯდომარე, გამგებელი... რომ არ იყოს ეს აღქმული როგორც პოლიტიკური პროცესები და ვინმეს თანამდებობიდან ჩამოშორება წინასაარჩევნო კამპანიაში. საგულისხმოა, რომ ეს ადამიანი მანამდეც ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, რადგანაც მისი კანდიდატურა, მისი თქმით, განიხილებოდა ყვარლის თვითმმართველი თემის გამგებლის თანამდებობაზე.”

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ გამგებლის მხარდამჭერებმა საკრებულოს წევრებზე ზეწოლაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დაადანაშაულეს - რომელსაც, მათივე განცხადებით, ყვარელში თავისი საკადრო პოლიტიკის განხორციელება სურდა. ამგვარი ზეწოლის არსებობაზე, ჩვენთან საუბრისას, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გელა მთივლიშვილიც უსვამს ხაზს. ის ამბობს, რომ გამოყენებული იყო შანტაჟის მეთოდი:

”საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოებში ცვლილებები მოხდა - საკრებულოს თავმჯდომარეები გადააყენეს და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა დაიკავეს ეს პოზიციები. თუმცა ყვარელში ეს არ მომხდარა - საკრებულოს თავმჯდომარე დარჩა უცვლელი, თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის სიით გასული ზაზა ლომიძე. გამგებლის საქმიანობის უარყოფითად შეფასებას და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ სწორედ ნაციონალური მოძრაობის სიით გასული დეპუტატები, რომლებმაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვეს პარტია. ჩემი ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა დამიდასტურა, რომ მათ ემუქრებოდნენ, რომ, თუკი გამგებლის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდნენ, მათ მიერ წარსულში ჩადენილ დანაშაულებზე საქმე აღიძრებოდა და მათ მისცემდნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.”
რაც შეეხება ბატონ დავით ქევხიშვილს, მასთან დაკავშირებით და ზოგადად სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით, სიის საბოლოო მონაცემებს ამუშავებს კოალიცია და რამდენიმე ხანში საზოგადოებისთვის ეტალურად გახდება ცნობილი...

გელა მთივლიშვილის ინფორმაციით, აწ უკვე ყოფილმა გამგებელმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში იმყოფება, მას პირადად უთხრა - რომ რამდენიმე დღეში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ის სასამართლოს 25 აპრილის გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს და გამგებლის პოსტიდან გადაყენების ფაქტსაც. ამასთან, ის აპირებს მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

განიხილავს თუ არა ”ქართული ოცნება” დავით ქევხიშვილს ყვარლის რაიონის გამგებლის კანდიდატად - ამ საკითხის გადამოწმება ჩვენ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში ვცადეთ. თუმცა როგორც პრეს-სპიკერმა გიორგი გეგეჭკორმა გვითხრა, ამ ეტაპზე მსგავსი კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ არის:

”რაც შეეხება ბატონ დავით ქევხიშვილს, მასთან დაკავშირებით და ზოგადად სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით, სიის საბოლოო მონაცემებს ამუშავებს კოალიცია და რამდენიმე ხანში საზოგადოებისთვის ეტალურად გახდება ცნობილი, თუ ვინ და რომელ რაიონში იქნება წარდგენილი მაჟორიტარად და გამგებლის კანდიდატად.”

თუკი ახალგაზრდა იურისტთა ასოციის განცხადებაში დასმულ აქცენტებს დავუბრუნდებით, საიას აინტერესებს - თუ რატომ ჩატარდა საკრებულოს სხდომა დახურულ ფორმატში, მაშინ, როცა ”გამგებლის გათავისუფლების საკითხის გახმაურება კანონით აკრძალული ან შეზღუდული არ არის”. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება არასამთავრობო სექტორის უცვლელ მოთხოვნას ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ჭრილში. საუბარია არჩეული გამგებლისა და მერებისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურაზე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ ამ ცვლილების თანახმად, ”საკრებულოს უფლება ეძლება, მოახდინოს უნდობლობის პროცესის ინიცირება ხალხის მიერ არჩეული გამგებლის/მერის მიმართ სათანადო ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძვლის გარეშეც კი” და რომ ”აღნიშნული ცვლილება საფრთხეს უქმნის არჩეული თანამდებობის პირების სტაბილურობასა და დამოუკიდებლობას, აკნინებს პირდაპირი წესით არჩევის არსსა და მნიშვნელობას.”
XS
SM
MD
LG