Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ვიტალი კლიჩკოს პოპულარობა იზრდება


კიევში, საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგებით, კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი და პარტია „უდარის“ ლიდერი ვიტალი კლიჩკო დამაჯერებლად ლიდერობს უკრაინის დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის. მერის არჩევნები 25 მაისს ჩატარდება, ისევე როგორც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები.

უკრაინაში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „როზუმკოვის საჯარო პოლიტიკის ცენტრმა“ ჩაატარა, აჩვენებს, რომ ვიტალი კლიჩკო ყველაზე ფართო მხარდაჭერით სარგებლობს კიევის მერობის კანდიდატებს შორის. მას ემხრობა იმ კიეველთა ნახევარზე მეტი, ვინც აპირებს მონაწილეობა მიიღოს 25 მაისის არჩევნებში.

კლიჩკოს ყველაზე ძლიერი კონკურენტიც კი, პარტია „ბატკივშჩინის“ წევრი ვლადიმირ ბონდარენკო, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 26 აპრილის გამოკითხვის შედეგებით, ბონდარენკოს ემხრობა კიეველი ამომრჩევლების სულ 10%-მდე. სხვათა შორის, ამჟამად სწორედ ბონდარენკო ასრულებს კიევის მერის მოვალეობას. მერობის დანარჩენ სამ კანდიდატს კიდევ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს.
კლიჩკოს მოქმედება მაიდანზე აშკარად დადებითად არის შეფასებული. მისი რეიტინგი არ გაუარესებულა, შესაძლოა გაიზარდა კიდეც. კიეველებს შორის მისი პოპულარობა ძალას იკრებს...

„როზუმკოვის საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორის, ანდრეი ბიჩენკოს შეფასებით, კლიჩკოს პოზიცია გააძლიერა მისმა აქტიურობამ კიევში, ევრომაიდანზე, საპროტესტო აქციების დროს მისმა მოქმედებამ ოპოზიციის კიდევ ორ ლიდერთან, ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკსა და პარტია „სვობოდას“ ხელმძღვანელ ოლეგ ტიაჰნიბოკთან ერთად.

საპროტესტო აქციების მსვლელობაში ვიტალი კლიჩკო ხშირად ცდილობდა განემუხტა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და მათ ოპონენტებს შორის.

„კლიჩკოს მოქმედება მაიდანზე აშკარად დადებითად არის შეფასებული. მისი რეიტინგი არ გაუარესებულა, შესაძლოა გაიზარდა კიდეც. კიეველებს შორის მისი პოპულარობა ძალას იკრებს - ძალიან ნელა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ და მტკიცედ“, ამბობს ბიჩენკო.

კიევის მერობისათვის ბრძოლით ვიტალი კლიჩკო უბრუნდება უკრაინის პოლიტიკაში თავისი დებიუტის ეტაპს. 2006 წელს ის სწორედ კიევის მერის არჩევნებში გამარჯვებას შეეცადა, მაგრამ მეორე ადგილზე გავიდა. გამარჯვება ერგო ლეონიდ ჩერნოვეტსკის. თუმცა მას 2012 წელს მოუწია გადადგომა, მოსახლეობაში კორუფციით გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე.

შესაძლოა, ისინი თვალს ადევნებდნენ არა მარტო ვითარებას დედაქალაქში, არამედ ვითარებას მთელ ქვეყანაში. ვერ გამოაცალკევებ დედაქალაქს ქვეყნის დანარჩენი ნაწილისაგან...

წელს კლიჩკო ერთი ხანობა აპირებდა, პრეზიდენტის პოსტისათვის ბრძოლაში გამოეყენებინა ევრომაიდანზე მოპოვებული ავტორიტეტი, მაგრამ მოგვიანებით მან უარი თქვა სახელმწიფოს პირველი პირობის ამბიციაზე, პოლიტიკურ მოკავშირე პეტრო პოროშენკოსთან შეთანხმების შემდეგ.

თავის მხრივ, პოროშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც, ისევე როგორც მერის არჩევნები, 25 მაისს გაიმართება, ძლიერი კონკურენცია მოელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოსაგან.

თუ ისევ დავუბრუნდებით უკრაინაში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვას, მისი ავტორები საუბრობენ კიეველების არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე ევრომაიდნის შედეგების შეფასებისას. მართალია, გამოკითხულების 42%-მდე ფიქრობს, რომ პროცესი სწორი მიმართულებით ვითარდება, მაგრამ მხოლოდ 17% არის კმაყოფილი კიევში ცხოვრების პირობებით.

„შესაძლოა, ისინი თვალს ადევნებდნენ არა მარტო ვითარებას დედაქალაქში, არამედ ვითარებას მთელ ქვეყანაში. ვერ გამოაცალკევებ დედაქალაქს ქვეყნის დანარჩენი ნაწილისაგან. ცხადია, რომ რესპონდენტები საუბრობდნენ თავიანთ სოციალურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელიც უკავშირდება ყველაფერს, რაც ხდება, აღმოსავლეთ უკრაინის ჩათვლით“, - განმარტავს „რაზუმკოვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე მიხაილ მიშჩენკო, კიევში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგებზე საუბრისას.
XS
SM
MD
LG