Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ვითარების დეესკალაციისთვის


რუსეთის თავდაცვის უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ 28 აპრილს რუსეთისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრების სატელეფონო საუბარი შედგა. რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჩაკ ჰეიგელისთვის უთქვამს, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებებისთვის ყველა მხარესთან იმისათვის, რომ შესუსტდეს დაძაბულობა უკრაინაში. სერჰეი შოიგუმ უპრეცედენტო უწოდა რუსეთის საზღვრებთან ნატოს ჯარის გააქტიურებას. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 28 აპრილს ესტონეთში ჩავიდა 150 ამერიკელი ჯარისკაცი სამხედრო წვრთნაში მონაწილეობის მისაღებად. 28 აპრილსვე დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის საჰარეო სივრცეში პატრულირებისთვის სამი ავიაგამანადგურებელი გაუშვეს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მოქმედება უკრაინაში შექმნილი ვითარებით უკიდურესი შეშფოთებით ახსნა. მისი განცხადებით, ნატოს მოქმედებები არ არის პროვოკაციული ან ექსპანსიონისტური და მიმართულია ბლოკის ერთიანობის ჩვენებისა და მოკავშირეთა თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდისკენ. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, სერგეი შოიგუს ჰეიგელისთვის უთქვამს, რომ, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები უკრაინასთან საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაბრუნდნენ მუდმივი დისლოკაციის ადგილებზე მას შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ არ აპირებს უიარაღო მოსახლეობის წინააღმდეგ რეგულარული ჯარის გამოყენებას. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას „დაუდასტურა მზადყოფნა ეურთიერთოს ყველა დაინტერესებულ მხარეს ვითარების დეესკალაციისთვის“. შოიგუს განუცხადებია, რომ „მხარს უჭერს 2014 წლის 17 აპრილს ჟენევაში ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე კონსტრუქციული დიალოგის წარმართვასა და კომპრომისების ძებნას“.
XS
SM
MD
LG