Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრის ერთი შეთანხმება


ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები
ერგნეთის შეხვედრის მონაწილეები
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის გუშინდელი შეხვედრის ერთადერთი შედეგი სოფელ კოშკასთვის წყლის მიწოდებაზე შეთანხმებაა. ბოლო რამდენიმე შეხვედრაზე ქართული მხარე ოსურ მხარეს კოშკას წყლის სათავე ნაგებობის გაწმენდას სთხოვდა, მაგრამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ სათავე ნაგებობას დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ პოულობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტები ზუსტ კოორდინატებს აწვდიდნენ. ოსური მხარე სათავე ნაგებობას სულ სხვაგან ეძებდა და ქართულ მხარეს უმტკიცებდა, რომ ეს რეზერვუარი დამშრალი იყო. ბოლო შეხვედრაზე ქართული მხარე რუკებით მივიდა. ამ რუკებზე დაფიქსირებული იყო იმ ადამიანის სახლი, რომლის ეზოშიც ეს შემკრები რეზერვუარი იყო განთავსებული. ოსური მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ აღიარა, რომ მათთვის ახლა უკვე ზუსტი კოორდინატებია ცნობილი და ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სპეციალისტმა გელა ზოზიაშვილმა ერგნეთის შეხვედრაზე ოსურ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი რეზერვუარის გასაწმენდად ქართველი სპეციალისტების დაშვება და ამ პრობლემის ერთობლივად გადაჭრა შესთავაზა. ზოზიაშვილის თქმით, სოფელ კოშკას წყლით მომარაგების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, ახლო მომავალში კი დეტალები დაზუსტდება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არაერთი ქართული სოფლის სასმელი და სარწყავი წყლის სათავე ნაგებობები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხვდა. ეს ნაგებობები მოვლა-პატრონობის გარეშეა დარჩენილი და ქართულ მხარეს ხანგრძლივი მოლაპარაკებები უწევს შეთანხმებების მისაღწევად. არის შემთხვევები, როცა ჰუმანიტარული მიმართულების პროექტების პოლიტიზება ხდება და ამის გამო არსებული პრობლემების მოგვარება დროში იწელება. კოშკელები ახლა სათავე ნაგებობაზე სპეციალისტების გამოჩენას, რეზერვუარის გაწმენდას და სოფლისთვის წყლის მიწოდებას ელოდებიან.
XS
SM
MD
LG