Accessibility links

logo-print
“უკრაინაში გასაგზავნად საქართველოში დაქირავებული მებრძოლების შეკრება დაიწყეს“ - სტატიას ასეთი სათაურით „იზვესტია“ აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ „იზვესტიას“ წყარომ საქართველოს პარლამენტიდან შეატყობინა, რომ ფინეთში მცხოვრები ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი, გოჩა ბახია, კრებს მოხალისეებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა სტატიაში ინფორმაციის წყაროს ვინაობა არაა დასახელებული.

„როგორც „იზვესტიას“ განუცხადეს, რეკრუტირება არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბიუჯეტიდან ფინანსდება“, ვკითხულობთ სტატიაში.

ერთ-ერთმა წყარომ, რომლის სახელი და გვარიც სტატიაში არაა მითითებული, განაცხადა: „ძირითადად ახალგაზრდებს კრებენ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოლიტიკური პოზიცია, ან მათ, ვინც ვერ იტანს რუსეთს და ახლოსაა რადიკალურ დაჯგუფებებთან“.

საქართველოს პარლამენტიდან კიდევ ერთი წყარო, რომლის ვინაობაც ასევე არაა მითითებული, ამტკიცებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „თავისუფალ ზონას“ ნაწილობრივ დასავლეთი აფინანსებს ქვეყანაში რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების შესაკრებად.

სტატიის ავტორები, ანასტასია კაშევაროვა და სვეტლანა სუბოტინა, ამ თემაზე ესაუბრნენ არჩილ ჭყოიძეს, ორგანიზაცია „ევრაზიული არჩევანი - საქართველოს“ წარმომადგენელს, რომელმაც „იზვესტიას“ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის რუსეთის წინააღმდეგი იყო და 2004 წელს აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინაში გამოსვლებსო.

ჟურნალისტები ასევე ესაუბრნენ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის პრეზიდენტს, დიმიტრი აბზალოვს, რომელმაც განაცხადა, რომ ქართველი მოხალისეების საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა უკრაინაში მემარჯვენე სექტორის პოზიციებს შეასუსტებს და შეიძლება ასევე არსენ იაცენიუკის დისკრედიტაციას შეუწყოს ხელი.

„იზვესტიაშ“ი გამოქვეყნებული ეს სტატია რუსულმა პრესამ მალე აიტაცა და მის მიხედვით მომზადებული მასალები რამდენიმე სხვა გამოცემაშიც გამოჩნდა - მაგალითად, „ტრუდსა“ და „არგუმენტი ი ფაქტიში“.

გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს გიორგი დვალის სტატიას, რომელიც პრაღაში „ასოშიეიტედ პრესთან“ და რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხო. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთის იზოლაცია არასწორი ნაბიჯიაო, რასაც საქართველოში არაერთგვაროვანი გამოხმაურებები მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკეს. საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა, რომ საქართველოს ასეთი არაკომპეტენტური პრეზიდენტი არასდროს ჰყოლია. „კომერსანტთან“ საუბარში პრეზიდენტი გააკრიტიკა პარლამენტის წევრმა დავით დარჩიაშვილმაც, რომელმაც განაცხადა:

„ან პრეზიდენტს არაფერი სმენია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ან ეს ყველაფერი საერთოდ არ აინტერესებს - ნებისმიერ შემთხვევაში ეს არაადეკვატური განცხადებააო“. დარჩიაშვილმა ასევე არ გამორიცხა, რომ მარგველაშვილი ამით გამოეხმაურა პუტინის განცხადებას, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელია შედგეს.

„კომერსანტი“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელსაც ესაუბრა. ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტის განცხადებას ახალი ხელისუფლების მიერ კარგად გათვლილი ტაქტიკის ნაწილი უწოდა და განაცხადა, რომ არ იქნებოდა სწორი საქართველოს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის რუსეთის მიმართ სანქციების შემოღებისკენ მოეწოდებინა.
XS
SM
MD
LG