Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 29 აპრილი


„რეზონანსი“ წერს, რომ „ზუსტად 2 დღეში ახალგორის მიმართულებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილებისთვის საჭირო საბუთი - ფორმა 9 - ძალას კარგავს და მოქმედებაში ახალი საბუთი - საშვი - შედის, თუმცა ეს უკანასკნელი დაბის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს ამ დრომდე არა აქვს. როგორც“რეზონანსისთვის“ გახდა ცნობილი, ყველა იმ პირთა სია, ვისზეც ეს საბუთი გაიცემა, დღეს და ხვალ გაიკვრება. ადგილობრივების ვარაუდით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება დათქმულ 1-ლ მაისამდე საშვების გაცემას ვერ დაასრულებს და ფორმა 9-ის მოქმედებას ვადას გაუგრძელებს, თუმცა ამას არც ცხინვალი და არც დე ფაქტო საზღვარზე მდგარი რუსი სამხედროები არ ადასტურებენ“.

თვითმმართველობის არჩევნების თემაზე დღევანდელ პრესაში არაერთი ინტერვიუ ქვეყნდება. თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, კახა კუკავა, „რეზონანსს“ ეუბნება: „ჩვენ ყველას აქეთ ვთავაზობთ, რომ ჩვენს კოალიციას შემოუერთდნენ. 13 მაისამდეა ვადა და ჩვენი ბლოკის კარი ყველასთვის ღიაა“, - ასე ეპატიჟება კახა კუკავა ოპოზიციურ ძალებს ბლოკ „არასაპარლამენტო ოპოზიციაში“ და ამავე ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად, ნინო ბურჯანაძის კოალიციასთან გაერთიანების პერსპექტივაზე ამბობს: „კონსულტაციები შეჩერებულია, ვინაიდან, როგორც მე ვიცი, ნინო ბურჯანაძეა ამის კატეგორიული წინააღმდეგი“.

„ახალ თაობას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეუბნება: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ვაჩვენებთ იმაზე მეტ შედეგს, ვიდრე პრემიერი ღარიბაშვილი. ჩვენი რჩევა იქნება, რომ მათ ნორმალური წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყონ. ხელისუფლებამ ეკონომიკასა და ქვეყნის განვითარებას უნდა მიხედოს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვით ქართველი საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ“.

წინასაარჩევნო გარემოთი უკმაყოფილოა ნინო ბურჯანაძესთან კოალიციაში მყოფი „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც. ის „ალიას“ კორესპონდენტს უცხადებს: „ყველაფერი გააკეთა ხელსუფლებამ, რომ არსებობის საშუალება არ გვქონოდა, არათუ ფუნქციონირების, არა მხოლოდ ფინანსები, საკანონმდებლო დონეზეც სრული იგნორია. 2 თვე ვმუშაობდით საარჩევნო გარემოს შესაცვლელად და მაინც ხათუნა გოგორიშვილის კოდექსი იქნა მოწონებული“.

„საქართველოს რესპუბლიკის“ ავტორი კი თბილისის მერობის კანდიდატებზე წერს: „ქართული ოცნების“, ანუ ბიძინა ივანიშვილის, კანდიდატს მერობას, ალბათ, ვერავინ შეეცილება, მაგრამ „ნაცმოძრაობის“, ანუ უგულავას, კანდიდატის მეორე საპრიზო ადგილი ძალიან სათუოა - ამ საპატიო ადგილის მოპოვების ყველაზე რეალური შანსი დიმიტრი ლორთქიფანიძეს აქვს. არ იფიქროთ, მისთვის ჩემპიონობა არ მემეტებოდეს, მაგრამ დღევანდელ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი ბევრად აღემატება ნინო ბურჯანაძისას, ვის პარტიასაც წარმოადგენს მართლაც ღირსეული ადამიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე“.

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შესახებ კრიტიკულ მოსაზრებებს გაეცნობით დღევანდელ გაზეთებში. „ალია“ წერს პარლამენტთან კანონის მოწინააღმდეგეთა მიერ დაგეგმილ აქციაზე და მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს სამების ტაძრის დიაკონ ელიზბარ დიაკონიძესთან. ის კითხულობს: „ყველას, თურმე, უნდა ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი და რაა ამის ქვეშ შეფარული? სინამდვილეში დისკრიმინირებული გამოვდივარ მე, მართლმადიდებელი, ჩემი წინაპრის საფლავიდან მოყოლებული, შვილებით და შვილიშვილების ჩათვლით, იმიტომ რომ ორი პედერასტი უნდა დადიოდეს და ტელევიზორით გამოდიოდეს!“.

„ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ანტიდისკრიმინაციული კანონის დღეს მიღებას „შეგნებულ პროვოკაციად“ აფასებს „სახალხო პარტიიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე: „ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი გამოვა და იტყვის, რომ ერთსქესიანთა უფლებების გაზრდა მათთვის მიუღებელია. ეს რწმენის საკითხია. ხელისუფლების მოქმედება სწორედ ამაზეა გათვლილი, რომ რომელიღაც ჯგუფი გამოვა და ამას გააპროტესტებს. მერე ამ ყოველივეს მიაწვდიან დასავლეთს და იქიდან საქართველოში წამოვა გრანტები ე.წ. ჰომოფობიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - ასე ესმის ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების საფუძველი მამუკა გიორგაძეს, რომელსაც „ახალი თაობის“ კორესპონდენტი ესაუბრა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG