Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გორში მმართველი კოალიციის მერობის კანდიდატს შეფასებას აძლევენ


გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯერ არც ერთი მერობისა და გამგებლობის კანდიდატი არ დარეგისტრირებულა. კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატის - ზურაბ ჯირკველიშვილის - რეგისტრაციის საკითხი კვირის ბოლომდე გადაიდო, რადგან იმ დროს, როცა მისი წარდგენა ხდებოდა, მამა დაეღუპა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი აცხადებს, რომ კანდიდატების რეგისტრაცია 15 მაისამდეა შესაძლებელი.

კოალიციის მიერ დასახელებული კანდიდატის შესახებ გორში მსჯელობა არ წყდება. მას ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლები იცნობენ, ახალგაზრდები კი არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ. ზურაბ ჯირკველიშვილი 90-იანი წლების ბოლოს, შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, შიდა ქართლის გუბერნატორის, ბადრი ხატიძის, მოადგილე იყო, მოგვიანებით საკრებულოს წევრიც გახდა „მოქალაქეთა კავშირიდან“, მაგრამ მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ ჩვენ მიერ გორის ქუჩებში გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა არაფერი იცის.

პოლიტიკურ პარტიებშიც მის პიროვნებას არაერთგვაროვნად ახასიათებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ტოლიაშვილი ამბობს, რომ „ოცნების“ კანდიდატს ნაკლებად იცნობენ, რადგან პოლიტიკური წარსული არ გააჩნია.

პოლიტიკური პარტია „საქართველოს გზის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა იაგო წიკლაურმა ზურაბ ჯირკველიშვილის შესახებ „მოქალაქეთა კავშირის“ მმართველობის დროიდან იცის.

მას შემდეგ, რაც ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს კანდიდატად რეგისტრაციაზე საბოლოო უარი ეთქვა, იგი სარეზერვო გეგმაზე გადადის და აცხადებს, რომ მისი ფალავანი კოალიციის კანდიდატს დაამარცხებს. ოქრუაშვილის სარეზერვო გეგმის მიხედვით, „ქართული პარტიიდან“ დასახელდება გორის მერობის ახალი კანდიდატი და მისი გამარჯვების შემთხვევაში თვითონ პირველი ვიცე-მერი გახდება.

სოციალურ ქსელებში არ წყდება დისკუსია კოალიციის კანდიდატის შესახებ. კანდიდატად დასახელებამდე იგი გორის სასათბურე მეურნეობის დირექტორი იყო. ეს მეურნეობა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს გაკეთდა. მაშინ გორში ამ მეურნეობაში ვანო მერაბიშვილის ინტერესებზე საუბრობდნენ, ამიტომ ჯირკველიშვილი საზოგადოების ნაწილმა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დააკავშირა, მაგრამ დოკუმენტების მიხედვით, ის ამ თანამდებობაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის გამგეობამ დანიშნა.
XS
SM
MD
LG