Accessibility links

logo-print

ევროპასთან თავისუფლად მიმოსვლა, როგორც დნესტრისპირეთის კონფლიქტის გასაღები


უკვე მეორე დღეა მოლდავეთის მოქალაქეები, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, უვიზოდ მოგზაურობენ „შენგენის ზონის“ ქვეყნებში. პირველსავე დღეს მოლდავეთ-ევროკავშირის საზღვარი გადაკვეთა 900-მდე მოქალაქემ, რომლებსაც უვიზოდ ნახევარი წლის განმავლობაში შეუძლიათ 90 დღე ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში იმოგზაურონ. მოლდავეთში ფიქრობენ, რომ 28 აპრილიდან ქვეყანა შევიდა ახალ რეალობაში, რომელიც, ერთი მხრივ, ავტორიტეტს უმაღლებს მთელ ქვეყანას, მის პროდასავლურ ძალებს და, მეორე მხრივ, ხელსაყრელ გარემოს ქმნის სეპარატისტული დნესტრისპირეთის მოსახლეობის დანარჩენ მოლდავეთთან ინტეგრირებისათვის.

28 აპრილს მოლდავეთისა და ევროპული ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებების გმირად იქცა ექვსი მოლდაველი სპორტსმენი, რომლებმაც კიშინიოვ-ლეუშენსკის საბაჟო პირველებმა გადაკვეთეს უვიზოდ და შემდეგ მოაწყვეს 80- კილომეტრიანი მარათონი ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად. ერთ-ერთი მარათონელი, რომელმაც პირველად გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი, ენამოსწრებულიც აღმოჩნდა:

„ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავია, ახლა კი შეუზღუდავი გახდება მოლდაველთა მოგზაურობა ევროპის ქვეყნებში“.

მოლდაველი მარათონელი მართალია, თუმცა ნაწილობრივ.
საქმე ის გახლავთ, რომ ვიზების ლიბერალიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოლდავური ბიომეტრიული პასპორტით ამ ქვეყნის მოქალაქეები, მართლაც, უხვად ისარგებლებენ. ნახევარ წელიწადში 90 დღის განმავლობაში ხომ ადამიანი თავისუფლად მოივლის როგორც ევროზონის 26-ვე ქვეყანას, ისე, ზონის გარეთ, რუმინეთს, ბულგარეთსა და კვიპროსს. მაგრამ რაკი მოლდავეთი ეკონომიკურად ღარიბი ქვეყანაა, დასვენების მსურველებს უფრო ის მოქალაქეები სჭარბობენ, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში სამუშაოდ წასვლა სწადიათ.

„ვიზები გაუქმდა ევროპაში დასასვენებლად წასვლის მსურველთათვის, მაგრამ მოლდაველები არ მიდიან დასასვენებლად. მათ ამისათვის ფული არ აქვთ. ისინი ევროკავშირში სამუშაოდ მიდიან,“ - ამბობს მოლდავეთის მოქალაქე და ეს არც არის გასაკვირი: ადამიანს ხომ ყოველთვის უფრო მეტი უნდა, ვიდრე აქვს.

სხვათა შორის, „მეტი-მეტისათვის“ - ეს არის დევიზი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა, რომლის ფარგლებშიც მოლდავეთმა წარმატებით რადუ ბენია, რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის თანამშრომელი

რადუ ბენია, რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის თანამშრომელი

მოახერხა ვიზების ლიბერალიზების საკითხის მოგვარება და სულ მალე, ორ თვეზე ნაკლებ დროში, საქართველოსთან ერთად ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო შეთანხმებებს, რაც ევროკავშირთან პოლიტიკურად და ეკონომიკურად კიდევ უფრო მეტად დააახლოებს ამ ქვეყნებს. ამიტომ მოლდავეთში თვით კომუნისტებიც კი ზეიმობენ სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედებას, რომ არაფერი ვთქვათ მმართველ პროევროპულ კოალიციაზე, რომელსაც სექტემბერში დანიშნულ არჩევნებზე, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ხმას აღარავინ დაამადლის, - ამბობს რადუ ბენია, რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის თანამშრომელი.

„რა თქმა უნდა, პროდასავლური ძალები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირთან საზღვრის გახსნა და ვიზების ლიბერალიზება ეჭვს გაუფანტავს იმ ხალხს, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი ევროკავშირის მიმართ. ახლა ეს ხალხი დაინახავს ევროპასთან დაახლოების უპირატესობას, დაინახავს თავისუფლად გადაადგილების უპირატესობას, ადამიანებს შორის პირდაპირი ურთიერთობის, მომსახურებისა და პროდუქციის თავისუფლად გადაადგილების უპირატესობას, რაც მოლდავეთს ამ ზაფხულს ელოდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტებისა, რომლებიც ხელმოწერისთანავე შევა ძალაში“.

მანამდე კი მოლდავეთში შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურების წინ, რომლებიც ქვეყნის ახალ წითელყდიან ბიომეტრიულ პასპორტებს გასცემენ, რიგებია. მართალია, მოლდავეთის ბევრმა მოქალაქემ თადარიგი დაიჭირა და უფრო ადრე აიღო ევროკავშირში სამოგზაუროდ ახალი პასპორტი, მაგრამ დიდი ხნით ლოდინი არც სხვებს მოუწევთ: 700 ლეის - დაახლოებით, 50 დოლარის - გადახდის შემდეგ, ნორმალური პროცედურით, ერთი თვის განმავლობაში შეიძლება პასპორტის აღება. თუკი სამჯერ მეტ თანხას გადაიხდი, მაშინ პასპორტს რვა საათის შემდეგ მიიღებ. მოლდავეთის ახალი ბიომეტრიული პასპორტების უფასოდ აღების უფლებით სარგებლობენ სეპარატისტულ დნესტრისპირეთში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც უფრო რუსული და უკრაინული პასპორტების აღებას არჩევდნენ, თუმცა ბოლო ხანს ვითარება შეიცვალაო, - ამბობს რადუ ბენია.

„ეს ხელს არ უშლის დნესტრისპირეთის მოქალაქეებს, რომ დღეს, პრაქტიკულად, მასობრივად აიღონ მოლდავეთის პასპორტები. დნესტრისპირეთიდან მოლდავეთის ძალიან ბევრი მოქალაქე მასობრივად ჩადის კიშინიოვში ან ახლომდებარე რაიონულ განყოფილებებში იმ ბიომეტრიული პასპორტების ასაღებად, რომლებითაც საზღვარგარეთ წასვლა შეიძლება. ამ მხრივ ნამდვილი აჟიოტაჟია, თუმცა ამაზე ამჯობინებენ ხმამაღლა არ ილაპარაკონ“.

მოლდავეთის პროევროპელმა პრემიერ-მინისტრმა იურიე ლეანკამ 28 აპრილს განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციით წახალისებული რეფორმები და მოლდავეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იძლევა დნესტრისპირეთის „გაყინული კონფლიქტის“ გადაჭრის დიდ იმედს, რადგან მოლდავეთი უფრო მიმზიდველი გახდება ამ რეგიონის მოსახლეობისთვის. და ის არ ცდება. შეიძლება მოლდავეთი ჯერ კიდევ არ არის მიმზიდველი სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობისათვის, მაგრამ მოლდავურმა პასპორტებმა კი უკვე შეიძინა მიმზიდველობა. დნესტრისპირეთის ფაქტობრივად ნახევარმილიონიანი მოსახლეობიდან ნახევარზე მეტს უკვე აქვს მოლდავეთის პასპორტი და მოელიან, რომ ეს რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG