Accessibility links

logo-print

უმარილო ჰარმონია (ნაწილი1)


ავტორი: გიორგი მეგრელიშვილი

იყო ერთი ქვეყანა, სახელად ჰარმონია, სადაც დიდი ხნის განმავლობაში თანაცხოვრობდნენ ჰარმონები და ჯვაროსნები. ქვეყანა ჰარმონებისა ყოფილა თავდაპირველად, მაგრამ ჯვაროსნები გამრავლებულან და ზავიც დაუდიათ ჰარმონებთან. ქვეყანაში ორმეფიანობა იყო. ხელმწიფეები ერთმანეთის უკითხავად პირსაც არ იბანდნენ. ვერცერთი ვარგოდა დიდად ქვეყნისთვის, მაგრამ ვინც ხმას ამოიღებდა, საჯაროდ სჯიდნენ. ჰარმონების მეფე ურჩებს ქონებას ართმევდა, ჯვაროსნების მეფე კი ხალხის პატივისცემას. ჰარმონიაში ქონება უფრო იოლი მოსახვეჭი იყო, თუმცა ჰარმონებსაც და ჯვაროსნებსაც ჯვაროსნების ხელმწიფე უფრო მოსწონდა. უფრო ენდობოდნენ. ხალხში ხმა იყო დარხეული - „ჯვაროსნების ხელმწიფე არასდროს შემცდარაო“. ჰოდა ხალხიც ენდობოდა. არა, კარგად რომ დაფიქრებულიყვნენ, ბოლომდე არც ეჯერებოდათ, „როგორ შეიძლებაო, ხელმწიფე არასდროს შემცდარიყოო“, მაგრამ ამ ფიქრს მალევე გაფანტავდნენ ხოლმე თავიდან - ხალხის პატივისცემის დაკარგვის ეშინოდათ...

ერთხელ ჰარმონიაში გრძელი ზამთარი მოვიდა. არადა არ თავდებოდა. ჰარმონების ხელმწიფე იძახდა - ჩვენ გავათავებთო. ჯვაროსნების მეფე იძახდა - თავისით გათავდებაო. ხალხსაც სჯეროდა, რომ ზამთარი ოდესმე გათავდებოდა, თუმცა დროის სვლასთან ერთად იგი უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. ჰარმონიაში მარტო კარტოფილიღა იშოვებოდა. აღარც პური, რომ მიეყოლებინათ, აღარც მარილი, რომ გემო მიეცათ. ხალხს კუჭი ეწვოდა.

ჯვაროსნების მეფის დაბადების დღე იყო. ზამთრის ულამაზესი დღე. ირგვლივ ყველაფერი ქათქათა თეთრი იყო. იმედისფერი. ჰარმონების მეფემ ძღვენი მიიტანა და ეახლა თანამეჭაპნეს. თანამეჭაპნემ ძღვენს არც დახედა. რა უნდა ყოფილიყო, რაც მას უკვე არ ჰქონდა. მოილხინეს. სუფრა მეზობელი ქვეყნისთვის დაუკვეთავთ. სიმთვრალეში ჰარმონების მეფეს წამოსცდა: „გაიგე, თურმე ჰარმონიაში ხალხს კუჭი ატკივებიაო. ხალხი უბედურიაო“, „უბედური ხალხი კიდევ საშიშიაო“. „ჩვენ ორში ბრძენი შენა ხარო, ჰოდა, ეხლა ადექი და მითხარი, რით ვუშველოთო“.
ორში ბრძენიც ადგა და უთხრა: „ გავიგე მეზობელ ქვეყანაში ერთი კაციაო, ისეთი ხრიკები იცისო, რომ იქაურებს თავიანთ კუჭის ტკივილს ერთბაშად ავიწყებსო“
„ეგ თუ იცოდიო, რატომ სდუმდი ამდენ ხანსო“ - გაგულისდა ჰარმონების მეფე.
„გახსოვს ამას წინათ მეზობლებთან შესარიგებლად რო გამიშვიო? შენო ჩვენ ორში ბრძენი ხარო და შენ წადიო. ჩემი თვალით ვნახე ის კაციო“ - უპასუხა ჯვაროსნების ხელმწიფემ.
ჰარმონების მეფემ ტაში შემოჰკრა, რა ჰქვია, დროზე ჩამოვიყვანოთ ჰარმონიაშიო.
„ადგილობრივ ენაზე გომოფობიას ეძახდნენო“.
ჰარმონების მეფე დაბნა, კი მაგრამ, ჩვენს ჰარმონიულ ენაში რომ ასო ‘გ’ არ გვაქვს ვინ დაგვიჯერებს, რომ ეგ შენი გომოფობია აქაურიაო. ხალხი არ ენდობაო.
„ეგ კი მართალიაო“ ჯვაროსნების ხელმწიფემ, „მაგრამ, ხომ იცი, აქაურები აქაურებს უფრო არ ენდობიანო. სწორედაც უცხო გვინდაო“.

გომოფობია ერთ კვირაში ჰარმონიას ესტუმრა. ჩუმად შემოაპარეს. მეორე დღეს ხალხს ისე გაერია, არავის ეჭვის თვალით არ შეუხედავს. თავისიანი ეგონათ. ერთი მეორეს მიყოლებით ეპატიჟებოდნენ მოხარშულ უმარილო კარტოფილზე. ხალხი შეეჩვია გომოფობიას, თუმცა ნელ-ნელა ჰარმონია შეიცვალა.

გომოფობიას ნაცნობი იერი ჰქონდა. თითქოს ვიღაცეებს ჩამოჰგავდა. არ იყო კარგი შესახედავი. სიფიცხე მუდამ სახეზე ეტყობოდა, სულ ღვარძლისფერი ტანსაცმელი ეცვა და ოდნავ მჟავე სუნს ატარებდა. თუმცა, ჰარმონიაში ხმა გავარდა „ეგ სუნი, მკურნალი ბალახების სუნიაო. სულს აამებსო თურმეო“, „ჯვაროსნების ხელმწიფეს უთქვამსო, რომელიც არასდროს ცდება თურმეო“. ჰოდა ასე, იოლად უღებდა ყველა თავის სახლის კარს სუნიან გომოფობიას, მის ჯიბეში ჩაუხედავად.

თურმე გომოფობია საამოს არაფერს თესავდა. ოჯახის უფროს წევრებს ეუბნებოდა თურმე, ჰარმონიაში ერთი კაცი დაეხეტებაო, ბავშვებს ეუბნება, მოდი მაგ კარტოფილზე მარილს მოგიყრიო. ბავშვებს მარილს მოანდომებსო, აღარ მოუყრისო. მერე თქვენი შვილები მოვლენ და მარილს მოგთხოვენო და თუ ვერ მისცემო, თუმცა საიდან მისცემო, თვითონ არ გაბადიაო, ჰოდა თუ ვერ მისცემო, სახლს გადაბუგავენო. ერთდროულად ქონებასაც დაკარგავო და ხალხის პატივისცემასაცო, იმიტომ რომ სხვები გაიგებენ, შენს შვილს მარილიანი კარტოფილი რომ უჭამიაო და მათ შვილებსაც მოუნდებათო.

ეს ამბავი მთელ ჰარმონიას ელვის სისწრაფით მოედო. ყველაზე მიგდებულ სოფელშიც კი დაზაფრული დადიოდა ხალხი. ეშინოდათ. მშობლებს ეჭვი აეღოთ თავიანთ შვილებზე „მაგენს მარიალიანი კარტოფილი ხომ არ უჭამიათო“ და მიაქანებდნენ ორში ბრძენის კარზე. შენ გეცოდინებაო. შენ ხომ არასდროს ცდებიო. ხალხს ხელი სასოწარკვეთამ დახვია. ხელმწიფეებმა აღარ იცოდნენ რა ექნათ. არა და არ დაეხსნა ხალხი ჯვაროსნებისას. გვითხარიო! მეფეებმა მოიფიქრეს ტყუილი, რომ თურმე ჯვაროსნების მეფეც ხანდახან ცდება. გამოვიდა ჰარმონების მეთაური და ხალხს უთხრა: „ხალხო, გაიგეთ, შეიძლება ჯვაროსნების ხელმწიფე ხანდახან ცდებოდესო!“ ხალხი განაწყდენდა, თუმცა მაინც დაანებეს ორში ბრძენს თავი. ჯვაროსნების ხელმწიფე ამაში ნამდვილად არ შემცდარა.

ხალხში ეჭვმა მოიკიდა ფეხი. ერთმანეთზე ფიქრობდნენ, ნეტა ეს ხომ არ არის ის კაციო ჩვენ შვილებს მარილს რომ ანდომებსო. გადაემტერნენ ერთმანეთს. ჰარმონები ჯვაროსნებს. ჯვაროსნები ჰარმონებს. ჰარმონები ჰარმონებს და ჯვაროსნები ჯვაროსნებს. ხალხს დაავიწყდა საკუთარი კუჭის ტკივილი.

მეფეებსაც ეს არ უნდოდათ?! დაუძახეს გომოფობიას სასახლეში. დაახვედრეს კარტოფილიც და მარილიც, რომლისაც სასახლის გარეთ ხალხს ასე ეშინოდა. ხელმწიფეებმა გომოფობია შეაქეს და ღამის გასათევი შესთავაზეს სამშობლოში დაბრუნებამდე. შუაღამისას, გომოფობია იწვა თვალდაჭყეტილი და ფიქრობდა: „რა მინდა სახლში, იქ სულ ჩემნაირები არიან... სხვაგან სად წავიდე, სუნიანები არავის უნდა“. გადაწყვიტა დარჩენილიყო ჰარმონიაში.
მეორე დღეს თავისი თხოვნა ხელმწიფეებს გააცნო. ჰარმონების მეფე ცოტა შეიჭმუხნა, მაგრამ ჯვაროსნების მეფეს ხათრი ვერ გაუტეხა. ეს უკანასკნელი ძალიან დაახლოებია გომოფობიას ბოლო დროს. „კიდევ გამომადგებაო“ - იძახდა თურმე. დაიტოვეს.

(იხ. ნაწილი 2)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG