Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმარილო ჰარმონია (ნაწილი 2)


ავტორი: გიორგი მეგრელიშვილი

(პირველი ნაწილის გაგრძელება)

ზამთრის ბოლომდე კარგად ცხოვრობდნენ. ეგონათ. თურმე, გომოფობიას ვერ მოუშლია თავისი ჩვევა და ჰარმონიის ორი ხელმწიფის ერთმანეთზე გადაკიდებასაც მიაღწია. ხალხი გაოგნდა. თქვენგან ეთმანეთისთვის შეთანხმების გარეშე პირის დაბანა არ გვახსოვსო. ახლა რა მოგივიდათო.

თანამეჭაპნეზე გულაცრუებულმა ჯვაროსნების მეფემ მის უკითხავად საკუთარი სასახლე კილომეტრების იქით გადაწია. ჰარმონების მეფეს გაუკვირდა, ვერაფრით მიხვდა როდის გაიზარდა მასსა და მის საყვარელ მეგობარს შორის მანძილი. მასთან მისვლას ახლა უფრო მეტი ძალისხმევა და დრო სჭირდებოდა. იქ მისულს კი ჯვაროსნების ხელმწიფე იშვიათად ხვდებოდა. დიდხანს გრძელდებოდა ასე. ჰარმონების მეფემ ხალხის პატივისცემა დაკარგა, მათ შორის ჰარმონებისაც. რაა მეფე ხალხის გარეშე?

ფიქრის გარდა სხვა საქმე არ დარჩენოდა. გაუჭირდა. აზრებს ვერ ალაგებდა. ვერაფრით ხსნიდა რატომ დაემართა ის, რაც დაემართა. ერთს კი მალევე მიხვდა. მის კითხვებზე პასუხის გაცემას მხოლოდ ჯვაროსნების მეფის ახლო მეგობარი, გომოფობია შესძლებდა. ბევრი ხვეწნა არ დასჭირვებია, არ იყო გომოფობია რთული კაცი, უმალ გაჩნდა ჰარმონების კართან. ისევ უწინდებულად ყარდა. ჰარმონების მეფემ დაუჩოქა, სთხოვა აეხსნა თუ რამ შეცვალა ასე ჯვაროსნების ხელმწიფე.
ზემოდან დანახულმა მეფის მელოტმა თავმა გომოფობია კარგ ხასიათზე დააყენა და იქვე პატარა ტყუილი მოიფიქრა: „ყოველ საღამოს ღვარძლისფერ სასმელს ვასმევო“. აბა იმას ხომ არ ეტყოდა, რომ ჯვაროსნების ხელმწიფე არ შეცვლილა და რომ რა დრო იყო სასმელი ადამიანებს ცვლიდა. საბოლოოდ გაანადგურებდა ისედაც განადგურებულ ხელმწიფეს. გომოფობია არაფერს აკეთებდა გამიზნულად. არასდროს ფიქრობდა იმაზე, თუ რას რატომ აკეთებდა და რას რა შედეგები მოჰყვებოდა. არ შეეძლო. არც აინტერესებდა.

ჰარმონების მეფე გაბრაზდა და გომოფობია სასახლიდან გააგდო. წასვლისას გომოფობიამ სრულიად გულწრფელად ჰკითხა უხალხო ხელმწიფეს: „ნეტავ ჩვენ თუ შეგვეძლო გვემეგობრაო?“ ორი წამით გაიყინა, შემდეგ მხრები აიჩეჩა, მაგიდაზე ღვარძლისფერი სასმელი დადო - „გამოგადგებაო“ და მასპინძელი კვლავ მარტო დატოვა ფიქრებთან. მეფის ფიქრები და ბრაზი ერთმანეთს სწრაფად ცვლიდნენ. იმ ღამეს ხელმწიფეს თავისი გარდაცვლილი საყვარელი ეიფორია დაესიზმრა. ეიფორიამ უთხრა, წადი ხალხს დაელაპარაკე, მოგისმენენ, გულის სიღრმეში მაინც ყველას სჭირდებიო, დაარწმუნე, რომ ძველი ჰარმონიის აღსადგენად ბრძოლა ღირსო.
მეფე გაღვიძებას აღარც დაელოდა, ისე დაიწყო გეგმის დალაგება.

ერთი თვე დახარჯა ყველა ჰარმონის კართან მისასვლელად და დასაჩოქებლად. ერთადერთ რამეს სთხოვდა. ერთი თვის თავზე მის სასახლეში მისულიყვნენ. ფიქრობდა, ერთ ჭერქვეშ თავმოყრილები უფრო ადვილად დაუჯერებდნენ. აგვისტოს ერთ თოვლიან დღეს, ჰარმონიის სასახლე ხალხით გაივსო. უცნაური შეგრძნება იყო, ამდენი ხალხი ერთბაშად დიდი ხანია არ ენახა ხელმწიფეს, თუმცა გული კარგს არაფერს უგრძნობდა. შეკრებილები მოათვალიერა, გაუღიმა და დამაჯერებლად მოუყვა ჯვაროსნების მეფის ამბავს, თურმე როგორ წამლავდა გომოფობია ყოველ ღამე. სიტყვას ამთავრებდა, როცა ხალხში ნაცნობი ღვარძლისფერი ტანისამოსი შენიშნა. თვალთ ერთბაშად დაუბნელდა. მიხვდა, რომ გომოფობიას მზაკვრულ გეგმას ემსხვერპლა. იმ ღამინდელი სიზმარიც მას გამოუგზავნია ჰარმონების ხელმწიფისთვის. რაღა ეიფორია?!

ხალხი იცინოდა და ჯვაროსნების ხელმწიფის მეგობარს მხარზე ხელს უტყაპუნებდა, მართალს ამბობდიო, მართლა აღარ ყოფილა საღ გონზეო. ჰარმონების მეფეს სახე მოეღუშა, ბოდიში მოიხადა და ღვარძლისფერი სასმელი ერთ მსხვილ ყლუპად დალია. ძალიან მოკლე ხანში მისი სხეული უმოძრაოდ იდო ტახტზე და მჟავე სუნი ასდიოდა.

გომოფობია ისტერიულად იცინოდა, მერე მიხვდა რომ მისი სუნი ახლა სხვა სხეულს ასდიოდა, ყველამ ყველაფერი გაიაზრა. რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ყოველდღე იმავე ღვარძლიან სასმელს სვამდნენ. ყველას ერთდროულად დაუბრუნდა კუჭის წვა. გომოფობიას ხრიკებმა ძალა დაკარგა. ყველა ხმის ამოუღებლად დაუბრუნდა საკუთარ სახლს.

მომდევნო თვეების განმავლობაში ჰარმონიის ქუჩები გაუკაცრიელდა. ზოგი საკუთარ სახლში იყო ჩაკეტილი, ზოგი საკუთარ სხეულში და უმიზნოდ დაეხეტებოდა ქუჩაში. ერთმანეთს არავინ ესალმებოდა, მხოლოდ თვალებით ანიშნებდნენ შემხვედრს, რომ დაინახეს და გზას აგრძელებდნენ. კუჭის ტკივილი ნელ-ნელა ისევ გაქრა. ხალხმა სახკუთარ სხეულში ორგანოების შეგრძნება დაკარგა.ყველაფერი რაც ბუნებრივი იყო, ხელოვნურად ეჩვენებოდათ. ჯვაროსნები ჰარმონებისგან ვეღარ გაირჩეოდა. ყველა ერთნაირი იყო. ერთნაირად მდუმარე.

ბევრი დრო გავიდა. ორი თაობა გამოიცვალა. ახალ თაობებს ეგონათ ჰარმონია მდუმარე ქვეყანა იყო ოდითგანვე. მათი მშობლები ხმას არ იღებდნენ, არავინ იყო ვინც ბავშვებს გომოფობიას ამბავს მოუყვებოდა. ესენიც იდგნენ და გომოფობიას ნაბიჭვრებთან ერთად თამაშობნენ მტვერში. ბავშვებს თითქოს არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ ნაკვთებით ზედმიწევნით დაიმგვანა მამამისმა უკლებლივ ყველა პირმშო. თვალს ვერავინ უსწორებდა.

ჯვაროსნების მეფის სასახლეს ბოლო დროს ბევრი უცხო კაცი სტუმრობდა. ხალხს გულმა უგრძნო, რომ ბევრი დრო აღარ დარჩენოდა. მის ბოლო სიტყვას ყველა მდუმარედ ელოდა. უნდოდათ გაეგოთ, რატომ გაამეფა ჰარმონიაში სიჩუმე. ჯვაროსნების ხელმწიფე ისე მოკვდა, არაფერი უთქვამს. ან რა უნდა ეთქვა. თვითონაც არ ახსოვდა რა როგორ იყო, ბოლო დროს იმასაც ფიქრობდა, რომ ჰარმონია ყოველთვის მდუმარე ქვეყანა იყო. ხალხი მასზე ვეღარ ბრაზდებოდა. ბოლოს და ბოლოს ისევ თვითონ გაურეს კარი მისგან გამოგზავნილ გომოფობიას.

ჰარმონიაში ზამთრის გათავება და გაზაფხულის მოსვლა არავის გაუგია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG