Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მორიგი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ


ევროკავშირმა გაზარდა იმ პირთა სია, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები მოქმედებს უკრაინაში რუსეთის პოლიტიკის გამო. სანქციები - კერძოდ, საბანკო ანგარიშების გაყინვა და ევროკავშირის ვიზებზე უარი - ახლა ეხება 48 ადამიანს, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებსა და უკრაინაში პრორუსულად განწყობილ აქტივისტებს.

15 სანქცირებულის სიაში, რომელიც სამშაბათს გამოაქვეყნა ევროკავშირმა, შედიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი იგორ სერგუნი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე ლიუდმილა შვეცოვა, ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ლიდერები, მათ შორის, სევასტოპოლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი მენიაილო და ყირიმში რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ოლეგ ბელავენცევი.

ევროკავშირმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანა აგრეთვე რუსეთის ვიცე-პრემიერი დმიტრი კოზაკი. ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციაში ყირიმის ინტეგრაციის პროცესს.
თუ ბრიუსელში ვინმე იმედოვნებს, რომ სწორედ ასე შეძლებს უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციას, მაშინ ეს აშკარად ადასტურებს სრულ გაურკვევლობას ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაში და ადგილობრივი ნეონაცისტების პირდაპირ მიპატიჟებას...
ალექსანდრ ლუკაშევიჩი

ევროკავშირის გადაწყვეტილების თაობაზე - საბანკო ანგარიშები გაუყინოს და ვიზებზე უარი უთხრას ახლა უკვე 48 პირს - სამშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა მაია კოჩიანჩიჩმა: „ეს სანქციები ერთხმად მიიღეს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. ისინი ხორციელდება წევრი სახელმწიფოების მიერ. ეს არის საგარეო პოლიტიკის ბერკეტი და მას ვიყენებთ ბევრ სხვა ზომასთან ერთად, რომელსაც ახლა ვახორციელებთ ამჟამინდელი კრიზისის მოსაგვარებლად“.

თუმცა, ბრიუსელისაგან განსხვავებით, მოსკოვში არ სჯერათ, რომ სანქციები ხელს შეუწყობს უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციას.

რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა მკვეთრი განცხადებით უპასუხა ევროკავშირის ნაბიჯს: „თუ ბრიუსელში ვინმე იმედოვნებს, რომ სწორედ ასე შეძლებს უკრაინაში ვითარების სტაბილიზაციას, მაშინ ეს აშკარად ადასტურებს სრულ გაურკვევლობას ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაში და ადგილობრივი ნეონაცისტების პირდაპირ მიპატიჟებას, გააგრძელონ უკანონობის ჩადენა და გაუსამართლებლად გასწორება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასთან. ნუთუ არ რცხვენიათ?“
ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როცა სარკისებურად უნდა ვუპასუხოთ, მოვამზადოთ საპასუხო ზომები, რათა ვერავინ შეძლოს ასეთი ენით ელაპარაკოს რუსეთს...
ვალენტინა მატვიენკო

რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივნის აზრით, როგორც ჩანს, ევროკავშირს უნდა რცხვენოდეს მოსკოვის მიმართ სანქციების დაწესების გამო.

მოსკოვში განცხადება გააკეთა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერაციის საბჭოს, თავმჯდომარემაც, ვალენტინა მატვიენკომ. მან „სრულიად მიუღებელი“ უწოდა სანქციებს, როგორც ზომას, რომ რუსეთი აიძულონ შეცვალოს საგარეოპოლიტიკური კურსი: „ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როცა სარკისებურად უნდა ვუპასუხოთ, მოვამზადოთ საპასუხო ზომები, რათა ვერავინ შეძლოს ასეთი ენით ელაპარაკოს რუსეთს“, - განაცხადა მატვიენკომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებაში კი ანტიდასავლურ კრიტიკაზე მეტად შეშფოთება ჩანს. რიაბკოვმა სამშაბათს აღიარა, რომ სანქციები უარყოფით გავლენას იქონიებს რუსეთში მაღალი ტექნოლოგიების სფეროზე. ასევე რიაბკოვის თქმით, დასავლეთს არ გააჩნია საფუძველი, ივარაუდოს, რომ მოსკოვი შეეცდება სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარებას, ყირიმის ანექსიის შემდეგ.

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის წარმომადგენლებმა ორშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტეს რუსეთის მიმართ ახალი სანქციების მიღება და 30 აპრილს კვლავ აპირებენ შეხვედრას სანქცირებულ პირთა სიის გაზრდაზე მოსალაპარაკებლად.
XS
SM
MD
LG