Accessibility links

logo-print

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის ცვლილება შევიდა


დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის ცვლილება შევიდა. კერძოდ, კანონში აღარ იქნება ჩამონათვალი კონკრეტული სფეროებისა, რომლებზეც სპეციალური დათქმა უნდა გავრცელებულიყო. მათ შორის იყო განათლება, მეცნიერება, დასაქმება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობა, მედია, მართლმსაჯულება და ა.შ. „არსებობდა გარკვეული შიში, რომ, მაგალითად, სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები შესაძლოა, გამოყენებული ყოფილიყო პროპაგანდის ადგილად, ამიტომ მსგავსი აღქმის თავიდან ასაცილებლად სფეროების ჩამონათვალი აღარ იქნება“ - განაცხადა დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გამო საპატრიარქოს არ უპირისპირდება და ამ საკითხზე რადიკალური პოზიცია არც თავად პატრიარქს აქვს. 29 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საპატრიარქოს და რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ კანონპროექტში არ ყოფილიყო პუნქტები სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შესახებ, რაზეც კომიტეტმა უარი თქვა. მან ასევე არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ სახალხო დამცველს სასამართლოს გზით ჰქონდეს დისკრიმინაციის ჩამდენი იურიდიული თუ ფიზიკური პირის დაჯარიმების მექანიზმი. ამ ინიციატივას კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ალტერნატიული წინადადების სახით დასვამს საპარლამენტო უმცირესობა.
XS
SM
MD
LG