Accessibility links

ტურჩინოვი: სამხედრო ძალები „სრულ მზადყოფნაში“ არიან


უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა 30 აპრილს განაცხადა, რომ ქვეყნის არმია „სრულ სამხედრო მზადყოფნაში“ იმყოფება. ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადების ფონია პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ ადმინისტრაციული შენობების დაკავება აღმოსავლეთის კიდევ ერთ ქალაქში. კიევში, მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ტურჩინოვმა თქვა, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების საფრთხე რეალურიაო და დასძინა - ჩვენი სამხედრო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიანო. პრო-რუსულად განწყობილი სეპარატისტები დონეცკის რეგიონში მდებარე ქალაქ გორლივკაში შეიჭრნენ სამთავრობო შენობაში და პოლიციის შტაბ-ბინაში. ოფიციალური პირების ცნობით, ორ შენობას სამხედრო ფორმაში ჩაცმული ოცამდე შეიარაღებული პირი დაეპატრონა. მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არის. დონეცკის პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გორლივკის შტაბ-ბინაში იარაღი არ ინახებოდა. პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებს მთავრობის შენობები და პოლიციის შტაბ-ბინები უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე თორმეტიოდე ქალაქში აქვთ დაკავებული. ქვეყნის აღმოსავლეთის პრო-რუსულად განწყობილი ლიდერები გამოდიან მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვის თაობაზე, რომელმაც მათ რეგიონს მეტი ავტონომია უნდა მიანიჭოს.
XS
SM
MD
LG