Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის კომპრომისი - ორპალატიანი საზოგადოებრივი მაუწყებელი


საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა
საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტს, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სისტემაში იქმნება დროებითი ორგანო - საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო. პარლამენტმა კანონში შესატანი ცვლილება მოამზადა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების პასუხად, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ იქნა ცნობილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. შესაბამისად, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სამეურვეო საბჭოში შევლენ როგორც მოქმედი, ასევე ახალი წევრები.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების ერთ-ერთი ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი, ამბობს, რომ ცვლილების მომზადების აუცილებლობა განაპირობა იმ ვაკუუმმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს 11 აპრილის გადაწყვეტილებამ შექმნა:

„საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ის ნორმა, რომელიც არეგულირებდა ახლად შექმნილი სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების დაწყების წესსა და პირობებს. ამის გამო საქართველოს პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული ახალი სამეურვეო საბჭო ვერ იწყებს ჯერჯერობით ფუნქციონირებას, ხოლო, ამასთანავე, მოქმედი სამეურვეო საბჭო, არსებული კანომდებლობის შესაბამისად, ვერ აგრძელებს ფუნქციონირებას“.

მონიტორინგის საბჭოს წევრები აგრძელებენ იმ სარეკომენდაციო ფუნქციების განხორციელებას, რასაც ისინი კანონის საფუძველზე ასრულებდნენ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში...
გია ჟორჟოლიანი

საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის აღნიშნული ნორმა გააუქმა მისი ამოქმედების არაპირდაპირი შედეგის, ანუ მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის გამო, თუმცა უცვლელად დატოვა სამეურვეო საბჭოს შექმნის წესი. გია ჟორჟოლიანის თქმით, კანონპროექტში გათვალისწინებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

„აღნიშნული პირები რჩებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სისტემაში, როგორც ამ სისტემაში შექმნილი დროებითი ორგანოს - მონიტორინგის საბჭოს - წევრები და აგრძელებენ იმ სარეკომენდაციო ფუნქციების განხორციელებას, რასაც ისინი კანონის საფუძველზე ასრულებდნენ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში“.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით მომზადებულ ცვლილებას არ იზიარებენ საპარლამენტო უმცირესობაში. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, გაუგებარია, თუ რატომ არ არის შესაძლებელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ახალი ბიუროკრატიული სტრუქტურის შექმნის გარეშე:

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა იყო არაკონსტიტუციური. და რატომ არ ხდება მათი უფლებამოსილების აღდგენა იმავე სტრუქტურის, ანუ სამეურვეო საბჭოს, ფარგლებში?“
არანაირი მონიტორინგის სამსახურის წევრებად ჩვენ არ ავურჩევივართ და ეს არის კოჭობანას თამაში. ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ...
ემზარ გოგუაძე

ეს კითხვა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დასვა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა, ემზარ გოგუაძემაც, რომელიც ასევე აპირებს კანონში შეტანილი ცვლილების გასაჩივრებას.

„არანაირი მონიტორინგის სამსახურის წევრებად ჩვენ არ ავურჩევივართ და ეს არის კოჭობანას თამაში. ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ და, თუ საჭიროა, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გავასაჩივრებთ. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოსადმი დაუმორჩილებლობა. ირიბი გზებისა თუ ხვრელების მეშვეობით სურთ გვერდი აუარონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც კონსტიტუციასთანაც წინააღმდეგობაშია და სასამართლოს გადაწყვეტილებასთანაც“, - უთხრა ემზარ გოგუაძემ რადიო თავისუფლებას.

პასუხად კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ მიიღეს კანონთან შესაბამისი და დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც გაათავისუფლებს საზოგადოებრივ მაუწყებელს პოლიტიკური გავლენისგან. უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას თქმით, სამურვეო საბჭოს ძველი წევრები შერჩეული არიან ერთპიროვნულად ყოფილი პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის მიერ, ახალი სამეურვეო საბჭოს წევრები კი წარდგენილი არიან უმრავლესობის, უმცირესობის, ომბუდსმენისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტების შესაბამისად. ქანთარიას თქმით, გადაწყვეტილებებს ახალი საბჭო მიიღებს, მონიტორინგის საბჭოს კი მხოლოდ ზედამხედველობისა და რეკომენდაციების გაცემის ფუნქცია ექნება:

„ჩვენ ვერ დავუშვებდით იმას, რომ ძველი სამეურვეო საბჭოს წევრებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესშიც მიეღოთ მონაწილეობა. ეს გამოიწვევდა მეტ კონფლიქტსა და დაძაბულობას. მათი გადასაწყვეტია, შეიტანენ თუ არა სასამართლოში სარჩელს. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებელი დადგეს სწორ გზაზე და ემსახუროს საზოგადოებას. ამ მიზანს ჩვენ არ გადავუხვევთ“.

ზვიად ქორიძე
ზვიად ქორიძე
კანონპროექტის ავტორთა ოპონეტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიზნის მისაღწევად არასწორი გზა იქნა არჩეული. ჟურნალისტი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეთა შესარჩევი კომისიის წევრი ზიად ქორიძე ამბობს, რომ პარლამენტმა თვითონ ჩაიგდო თავი უხერხულ მდგომარეობაში, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო ვეღარ ითხოვს ქმედობაუუნარო საბჭოს, რომელიც თავის დროზე აირჩა 15 კაცის შემადგენლობით და ახლა მხოლოდ 7 წევრს ითვლის, და ვერც იმას აკეთებს, რომ, ახალი კანონის შესაბამისად, არ აირჩიოს ახალი საბჭო. ზვიად ქორიძის თქმით, პარლამენტს არ უნდა ეჩქარა და უნდა მოესმინა სამეურვეო საბჭოს ანგარიში გასული წლის საქმიანობის შესახებ, როგორც პროგრამული პრიორიტეტების, ასევე ფინანსური საქმიანობის თვალსაზრისით.

„რეალურად შეისწავლოს და საზოგადოებაც დაარწმუნოს, მართლა სრულდება თუ არა პროგრამული პრიორიტეტები და არის თუ არა ეს, საერთოდ, შესაბამისობაში კანონთან; როგორ სრულდება ბიუჯეტი და რა წილი მიუძღვის დღევანდელ 7-კაციან საბჭოს, რომელიც ქმედობაუუნაროა და რომლის პირობებშიც დაგროვდა 12 მილიონ ლარამდე დავალიანება. თუ ყველაფერ ამას პარლამენტი შეისწავლის სერიოზულად და ამ ყველაფერს გამჭვირვალედ, საზოგადოების თვალწინ გააკეთებს, მაშინ არ გაუჭირდება ამ საბჭოსთვის უნდობლობის გამოცხადებაც კი“, - უთხრა ზვიად ქორიძემ რადიო თავისუფლებას.

თუმცა, ზვიად ქორიძის თქმით, ამგვარ გადაწყვეტილებას სჭირდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, რასაც საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტიკური ჟონგლიორობა არჩია, რაც, თავის მხრივ, საზიანოა ისეთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუციის განვითარებისთვის, როგორიც საზოგადოებრივი მაუწყებელია.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG