Accessibility links

logo-print
„’ბუნტი გარდაუვალია’, ანუ რა სახალხო მოძრაობას იწყებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი“ - ინტერვიუს ამ სათაურით გაზეთ „ვერსიის“ ფურცლებზე წაიკითხავთ. ინტერვიუში თემურ შაშიაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქმე აუცილებლად მივა სამოქალაქო ომამდე. ამის ნიშნებად კი იგი ასახელებს, ერთი მხრივ, უმძიმეს სოციალურ ფონს, მეორე მხრივ კი, კმაყოფილ ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილს, ხალხის განწყობის შეუსაბამო პარლამენტს, ეგრეთ წოდებულ „პლასტილინ“ პრეზიდენტს და პოსტებზე დანიშნულ ნათესავ-მეგობრებს. თემურ შაშიაშვილი ფიქრობს, რომ ეს იქნება არა მშიერი, არამედ პოლიტიკური ბუნტი საქართველოში: „ გარწმუნებთ, რომ 2014 წლის შემოდგომა ურთულესი იქნება. არის 15-20 ადამიანი, მათ შორის, ერთ-ერთი მე, ვინც ამ პროცესს ჩაუდგება სათავეში. ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სფეროში არ შედის და არც აქვს ამის პრეტენზია. მაგრამ, თუ ივანიშვილმა ამ ხალხის პირველობას თვითმმართველ ქალაქებში ხელი შეუშალა, ეს ნიშნავს, ივანიშვილი თვითონ გახდა შეიხი და თავს ყველაფრის უფლება მისცა. ეს 15-20 კაცი თავს არ დახრის და სახლში არ წავა. სათავეში ჩავუდგებით დიდ სახალხო მოძრაობას და არ დავუშვებთ, შეიხი ივანიშვილი საქართველოს თავზე დააჯდეს“, - უთხრა თემურ შაშიაშვილმა გაზეთ „ვერსიას“.

„ნაცმოძრაობამ ხელისუფლებას მარგველაშვილი უნდა აახიოს“ - ამას კი ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის“ ხელმძღვანელი ნესტან კირთაძე გაზეთ „ახალ თაობას“ ეუბნება. „ნაცმოძრაობამ ზუსტად იცის, რომ მარგველაშვილი უნდა აახიოს ხელისუფლებას, როგორც ინსტიტუტის, პრეზიდენტის ინსტიტუტის სავარძლის მფლობელი, რომ ქვეყანაში პრორუსული პოლიტიკა არ დაიწყოს და საჭირო დროს მარგველაშვილის გახმოვანებით საქართველომ თავისი პრინციპული პროდასავლური პოლიტიკის პროპაგანდა და პროდასავლური პოლიტიკის განხორციელება გააგრძელოს. ამიტომ ბოკერია და სხვები თუ მარგველაშვილთან ითანამშრომლებენ, ეს წმინდა წყლის იმ პოლიტიკის ნაწილია, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, თანმიმდევრულობის“, უთხრა ნესტან კირთაძემ „ახალ თაობას.“ გაზეთთან საუბარში იგი გამოთქვამს აზრს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ერთადერთ საიმედო საყრდენად ღირებულებით დონეზე მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ განიხილავენ, რაც „ახალი თაობის“ რესპონდენტს ბუნებრივად მიაჩნია, რადგან, ნესტან კირთაძის თანახმად, დასავლეთმა თავისი ძირითადი ღირებულებითი საყრდენის მოსაპოვებლად წლების განმავლობაში დიდი ინვესტიცია ჩადო და ასეთად იგი აქტიურ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გუნდს თვლის.

„რას უმზადებენ სასულიერო პირები დეპუტატებს“ - ამ სტატიით კი გაზეთი „ალია“ ერთ-ერთ ყველაზე მთავარ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის პარლამენტში განხილვის პროცესს ეხმიანება. გაზეთის ერთ-ერთი რესპონდენტია მამა დავით ისაკაძე, რომელიც ამბობს, რომ კანონპროექტის დაკანონების წინააღმდეგ ყველა ქართველმა უნდა იბრძოლოს, რათა საქართველოში ჰომოსექსუალიზმის ქადაგებასა და განვითარებას შეეშალოს ხელი. „პარლამენტში გაიჟღერა, თითქოს ეკლესია სახელმწიფოს პრეროგატივაში არ უნდა ერეოდეს. აქ ზნეობაზეა საუბარი, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის მოვალეობაა. სოდომისა და გომორის ცოდვა ყველაზე მძიმე ცოდვაა. ამიტომ პირველ რიგში ამაზე საუბარი სწორედ ეკლესიის მოვალეობაა, რომელმაც სიყვარულით და შეგონებით უნდა გააგებინოს სახელმწიფო მოღვაწეებს, რომ ამ კანონის მიღება ასეთი სახით არ შეიძლება“, ამბობს მამა დავით ისაკაძე და შენიშნავს, რომ თუ კანონს პარლამენტი არსებული სახით დაამტკიცებს, სამღვდელოების დიდი ჯგუფი წმინდა სინოდს იმ ადამიანების განკანონების თხოვნით მიმართავს, ვინც მხარი დაუჭირა კანონის მიღებას.

„ოცნებისა“ და ხელისუფლებისადმი ეკლესიის ღია დაპირისპირების მუქარაზე სტატიას აქვეყნებს გაზეთი „რეზონანსიც.“ გაზეთი აქვე გამოხატავს გაკვირვებას იმის გამო, რომ კანონი, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისკენაა მოწოდებული, საპატრიარქოსთვის, დეპუტატთა და საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის რატომღაც მხოლოდ სექსუალური უმცირესობების დაცვის კანონად იქნა მიჩნეული და დიდი ვნებათაღელვა და კრიტიკაც სწორედ ამ თემის ირგვლივ ვითარდება.
XS
SM
MD
LG