Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 აპრილი - ჯაზის საერთაშორისო დღე


30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა. გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციამ, რომელსაც „იუნესკოდ“ მოვიხსენიებთ, ის 2011 წელს დააწესა. „ჯაზი მშვიდობას, ჰარმონიულ თანაცხოვრებას, გენდერულ თანასწორობას, შემწყნარებლობასა და სიტყვის თავისუფლებას ქადაგებს, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის არსებულ ბარიერებს ანგრევს და ხელს უწყობს მსოფლიოს ხალხთა დაახლოებას, კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას“ - ამგვარად განმარტეს დღესასწაულისა და ჯაზის, როგორც ფენომენის, მნიშვნელობა იუნესკოს ჩინოვნიკებმა. ჰერბი ჰენკოკი კი, რომელიც გაეროს კეთილი ნების ელჩი და ამ დღისადმი მიძღვნილი ფესტივალის ორგანიზატორიც ბრძანდება, შეფასებებში უფრო პოეტური გამოდგა. „საუკუნეზე მეტია, რაც ჯაზური მუსიკოსები ჰუმანურობისა და სიყვარულის ენაზე მეტყველებენ. ეს ენა ყველას მშვენივრად ესმის მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, მიუხედავად ეროვნებისა, კანის ფერისა თუ რელიგიური კუთვნილებისა. ჯაზი ყველაზე ეფექტური დიპლომატიური ინსტრუმენტია...“ - განაცხადა ლეგენდარულმა კომპოზიტორმა და პიანისტმა.

წელს ჯაზის საერთაშორისო დღე, უკვე მესამედ, 200-მდე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აღინიშნება, ხოლო მთავარი მოვლენები იაპონურ ქალაქ ოსაკაში განვითარდება, სადაც სხვადასხვა თაობის სახელოვანი თუ დამწყები მუსიკოსები მოიყრიან თავს: მარკუს მილერითა და უეინ შორტერით დაწყებული, ჯაზურ სცენაზე ახლად გამოჩენილი ვოკალისტით, გრეგორი პორტერით დამთავრებული. ამ თავყრილობის სრული შემადგენლობის გაცნობა ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი, ამიტომ დროს არ დავკარგავ და იმაზე მოგახსენებთ, თუ როგორ მოიკიდა ფეხი ჯაზურმა მუსიკამ იაპონიაში.

ყველაფერი 1853 წელს, იაპონიის ორსაუკუნოვანი თვითიზოლაციის დასრულებისთანავე დაიწყო, რასაც ქვეყნის მოდერნიზაცია და დასავლური კულტურის მოძალება მოჰყვა. ჰოდა, გასული საუკუნის 20-იან წლებში ჯაზმა ახალი ორლეანის საროსკიპოებიდან პირდაპირ კობეს, ტოკიოსა და ოსაკას საკეს ოხშივარში გახვეულ ქუჩებში გადმოინაცვლა. მოგეხსენებათ, იაპონელები გულადი ხალხი ბრძანდება, უცხო კულტურათა გავლენას არ უშინდებიან, სხვათა ტრადიციებსა თუ მიღწევებს თამამად ითვისებენ და საკუთარზე ამყნობენ. ჯაზის იმპროვიზაციულ ბუნებასაც ალღო მალევე აუღეს. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა პირველი იაპონელი ჯაზმენი ფუმიო ნანრი, რომელმაც საყვირზე ისეთი დიქსილენდი შეუბერა, იაპონელ ლუი არმსტრონგად მონათლეს და „საჩმო“ შეარქვეს (სხვათა შორის, „სეხნიები“ ერთმანეთს 1953 წელს შეხვდნენ სცენაზე, ერთი-ორი ახალორლეანურიც შეასრულეს).

„გაჯაზება“ ომიანობისას დროებით შეწყდა. მეტიც, ჯაზი მტრის მუსიკად და “დეგენერატულ ხელოვნებად” შეირაცხა. თუმცა “დეგენერატები” გაჩუმებას არ აპირებდნენ და კონსპირაციულ კლუბებში იმპროვიზაციულ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, რა თქმა უნდა, სიცოცხლის რისკის ფასად. ასე ემიჯნებოდნენ „ჯაზკამიკაძეები“ კაცთაკვლის საყოველთაო სიგიჟეს, ისევე როგორც „სვინგიუგენდები“ ნაცისტურ გერმანიაში. ხოლო მას შემდეგ, რაც “ენოლა გრეიმ” ომის ჟინი ბარბაროსულად „დააშოშმინა“, იაპონური ჯაზის ოქროს ხანაც დაიწყო.

მუსიკისმცოდნეთა აზრით, იაპონელებმა ყველაზე ექსპრესიული ინსტრუმენტით - ფორტეპიანოს მეშვეობით - მოახერხეს ჯაზური თუ კლასიკური მუსიკის ენაზე მეტყველება და დანარჩენ მსოფლიოსთან გასაუბრება. ამ შეხედულების საილუსტრაციოდ, ამჯერად ერთ ისტორიას გავიხსენებ: 50-იანი წლების დასაწყისში ოსკარ პიტერსონი იაპონიაში გასტროლირებდა. ჰოდა, ერთხელაც ტოკიოს ჯაზ-კაფე „ჩიგუსაში“ შემთხვევით კიმონოში გამოწყობილ ახალგაზრდა გოგონას გადაეყარა. ის კი ისე ჯადოქრობდა, რომ მისი ნიჭით მოხიბლულმა პიანისტმა ჯერ ბოსტონში, ბერკლის კოლეჯშიც შეაწია სიტყვა, წიგნიერება გააღრმავებინა, მოგვიანებით კი, სადებიუტო ალბომიც გამოაშვებინა. კანადელი არჩევანში არ შემცდარა. გავიდა დრო და ჯაზის კრიტიკოსებმა პიანისტს „აღმოსავლეთის კარლა ბლეი“ დაარქვეს. მას ტოშიკო აკიოში ჰქვია, 85 წლის გახლავთ და ზემოხსენებული ოსაკას ფესტივალის უხუცესი მონაწილე ბრძანდება.
XS
SM
MD
LG