Accessibility links

ჩრდილოეთ ირლანდიის წამყვანი პოლიტიკოსი დააკავეს მკვლელობის ბრალდებით


ოთხშაბათს ბელფასტში დააკავეს ჩრდილოეთ ირლანდიის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი ჯერი ადამსი. მას ბრალად ედება 1972 წელს ქალის მკვლელობაში მონაწილეობა. ჯერი ადამსი პარტია „შინ ფეინის“ ლიდერია. ის დააკავეს, როცა თავისი ნებით გამოცხადდა დაკითხვაზე პოლიციაში, რომელიც იძიებს ათი შვილის დედის ჯინ მაკკონვილის გატაცებისა და მკვლელობის ამბავს. 1998 წელს ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ აღიარა, რომ 37 წლის მაკკონვილი მეამბოხეებმა დახვრიტეს მცდარი ბრალდების გამო - თითქოს ის პოლიციის ინფორმატორი იყო. მოკლული ქალის გვამი მხოლოდ 2003 წელს იპოვნეს. გასულ თვეში ამავე მკვლელობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერ აივორ ბელლს. ჯერი ადამსის „შინ ფეინი“ დაკავშირებული იყო ირლანდიის რესპუბლიკურ არმიასთან. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ადამსი ამ დაჯგუფების აქტიური წევრი იყო. თავად ადამსი ამას უარყოფს. „შინ ფეინის“ პოლიტიკური ლიდერის როლში, ჯერი ადამსი იყო სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი. რაც შეეხება მკვლელობის ბრალდებას, პოლიციაში შესვლამდე ადამსმა განაცხადა, რომ არ მიუღია მონაწილეობა მაკკონვილის მკვლელობაში.
XS
SM
MD
LG