Accessibility links

ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე საუბარი საქართველოში სულ რამდენიმე წელია დაიწყო. სხვათა შორის, ამ უფლების დაცვა ერთ-ერთი იყო იმ ოთხ სფეროს შორის, რომლებიც ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შეარჩია და რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაშიცაა ასახული. მარტივად, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე საქართველოში ადამიანის ინტელექტის „დაფასებაც“ მოგვიწევს, ანუ, მაგალითად, თუ მუსიკის, ლექსის, ფოტოს, ნახატის, სამეცნიერო მიღწევის, კომპიუტერული პროგრამის თუ სხვა ინტელექტუალური, შემოქმედებითი თუ სამეცნიერო პროდუქტის გამოყენება გვინდა, ამისთვის უნდა გადავიხადოთ კიდეც. სამაგიეროდ, ამ პროდუქტის მომწოდებლებს თავიანთი შრომიდან მუდმივი ამონაგები ექნებათ.

რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია საქართველოსთვის, რომელიც, მაგალითად, პირატული პროგრამების მომხმარებელთა ბოლო მსოფლიო რეიტინგში (გამოქვეყნდა 2012 წლის მაისში) მეკობრული პროდუქციის უმსხვილეს მომხმარებლადაა დასახელებული, 91-პროცენტიანი მაჩვენებლით.

არადა, დღეს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით არსებული კანონმდებლობა სავსებით შეესაბამება ევროპულ სტანდარტსა და მოთხოვნებს, თუმცა, როგორც ბევრგან, პრობლემები აქაც კანონმდებლობის აღსრულებაშია.

მაგალითად, თუ სამართალდამცავების მოქმედებას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ, ასეთი მოცულობის ვიდეომეკობრეობის ფონზე, მსხვილი რეიდი საფინანსო პოლიციის მიერ მეკობრული პროდუქციის ამოსაღებად 2013 წელს მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, რაც ამ მიმართულებით ნების არარსებობის ნიშანიც შეიძლება იყოს.

თუმცა გარკვეული წინსვლა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით ბოლო წლების საქართველოში მაინც არის და ამასაც კონკრეტული სტატისტიკა მოწმობს: საქართველოში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი გამტარებელი ორგანოა საქპატენტი. სწორედ აქ ხდება სასაქონლო ნიშნების, პატენტების, გეოგრაფიული ნიშნებისა თუ სხვა ინტელექტუალური საკუთრების დარეგისტრირება. საქპატენტის სტატისტიკის თანახმად, განაცხადების წარდგენის პიკი 2008 წელს ემთხვევა. მას შემდეგ განაცხადების რაოდენობა სტაბილურად საშუალოა. ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მონაცემებს, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართული ქვეყნებიდან კი აღემატება სომხეთისა და აზერბაიჯანის, ჩამორჩება მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლებს, რაც ეკონომიკისა და ქვეყნების მასშტაბითაც შეიძლება აიხსნას.

საინტერესოა ისიც, რომ თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოსაც სულ უფრო მეტი ადამიანი აკითხავს: 2013 წელს სასამართლოში 169 სარჩელი შევიდა ამ თემაზე. ბოლო სამი წლის დინამიკა ასევე გვაჩვენებს, რომ 2013 წელს დამთავრებული დავების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება 2012 და 2011 წლების მაჩვენებელს.

ზრდადია ტენდენცია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაშიც. ასოციაცია ერთ-ერთი მთავარი არასამთავრობო მოთამაშეა ინტელექტუალური საკუთრების ბაზარზე და ამ საკუთრების მფლობელების ინტერესებს იცავს. 2011 წლის მონაცემებით, 500-მდე ავტორი იყო გაწევრიანებული, დღეს კი მათი რაოდენობა 1000-მდეა. საინტერესოა ასევე, რომ ჯერ კიდევ 2011 წლის 11 მაისის მდგომარეობით, ასოციაცია ითვლიდა, დაახლოებით, 350 წევრს და ეს მონაცემები არ იყო სისტემატიზებული. მნიშვნელოვანია ასევე, რომ მხოლოდ 2013 წელს 700 სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდა მოსარგებლეებსა და ასოციაციას შორის. გასათვალისწინებელია, რომ 1999 წლიდან 2011 წლამდე გაცემული იყო, სულ, 650 ლიცენზია. ამ მონაცემის ფონზე 2013 წლის 700 ლიცენზია შთამბეჭდავად გამოიყურება. მნიშვნელოვანი სიახლე იყო ასევე 2012 წელს, სექტემბერში, საქპატენტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ საქართველოს ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრის შექმნა. ცენტრის მიზანი ბიზნესისა და მეცნიერების ერთმანეთთან დაკავშირებაა, თუმცა ჯერჯერობით მას რეალური ხელშესახები პროდუქტები და შედეგები არ დაუდვია.

აქვე უნდა ითქვას, რომ ექსპერტთა ნაწილს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების, კონკრეტულად კი, მეკობრეობასთან ბრძოლის გზაზე ერთ-ერთ ობიექტურ შემაფერხებელ წინაპირობად მიაჩნია მოსახლეობის დაბალი სოციალური დონე და ის დილემა, რომ მაღალი ფასი ინტელექტუალურ საკუთრებაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს მოსახლეობისთვის ინტერნეტის, კომპიუტერების, თანამედროვე ტექნოლოგიების, განათლების ხელმისაწვდომობაზე. თუმცა ეს წინაღობა ყველა პოსტსოციალისტურმა ქვეყანამ მეტ-ნაკლებად დაძლია და, მათი გამოცდილების გაზიარებით, საქართველოსაც მოუწევს გადალახოს.

ერთი რამ ფაქტია: ეკონომიკის განვითარების კვალდაკვალ აუცილებელია ამ მიმართულებით სახელმწიფო ნების ჩამოყალიბება. არსებობს სხვადასხვა ტიპის გამოცდილება, რომელთა გაზიარებაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები, სოციალური თვალსაზრისით, შედარებით უმტკივნეულოდ იქნეს მიღებული.
XS
SM
MD
LG