Accessibility links

logo-print

მშრომელთა საერთაშორისო დღე დასვენების დღედ გამოცხადდება


მშრომელთა საერთაშორისო დღე - თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციით აღინიშნა.

მშრომელთა საერთაშორისო დღე - თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციით აღინიშნა.

პირველი მაისი - მშრომელთა საერთაშორისო დღე - თბილისში უკვე ტრადიციული მშვიდობიანი დემონსტრაციით აღინიშნა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა მშრომელებთან ერთად ვარდების მოედნიდან, სტუდენტებმა კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოაწყვეს საპირველმაისო მსვლელობა, რომელიც პარლამენტის წინ აქციით და დეკლარაციის მიღებით დასრულდა. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, პირველ მაისს გამართული სამმხრივი კომისიის შეხვედრა მას იმედს აძლევს, რომ წელს მაინც გადაწყდება მშრომელთა ის პრობლემები, რომელთა შესახებ პროფკავშირი წლებია ლაპარაკობს. პირველ მაისს ასევე ცნობილი გახდა, რომ მშრომელთა საერთაშორისო დღე საქართველოში უქმე დღედ გამოცხადდება.

„მუშაობ მხოლოდ იმიტომ, რომ შიმშილით არ მოკვდე? ვერ პოულობ შენი პროფესიის შესაფერის სამსახურს? არ გაძლევენ დეკრეტულ შვებულებას? არ გაძლევენ შენი შრომის შესაბამის ანაზღაურებას? გაიძულებენ ჯანმრთელობისათვის საშიშ პირობებში შრომას? - მოდი 1 მაისს და დაიცავი შენი სამართლიანი შრომის უფლება“ - წითელი პლაკატები, ამ წარწერით, ქალაქში საპირველმაისო სტუნდენტური აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა. პირველ მაისს, დროშებითა პლაკატებით ხელში, სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინ მოიყარეს თავი და საპირველმაისო დეკლარაციაც წაიკითხეს.
ჩვენ გამოვხატავთ მშრომელთა მიმართ სოლიდარობას, რომელთაც მთელ საქართველოში საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა. გამოვხატავთ სოლიდარობას უმუშევართა მიმართაც...

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატი სანდრო ცაგარელი, რომელიც შარშან გამართულ საპირველმაისო აქციაშიც მონაწილეობდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში მშრომელთა მიმართ სოლიდარობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს:

“ჩვენ გამოვხატავთ მშრომელთა მიმართ სოლიდარობას, რომელთაც მთელ საქართველოში საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა. გამოვხატავთ სოლიდარობას უმუშევართა მიმართაც, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი პროფესიით დასაქმებას. ეს არის სოლიდარობა ერთმანეთის მიმართაც და, რაც მთავარია, ჩვენი ბრძოლაა უკეთესი მომავალისათვის. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ეს ბრძოლა - ჩვენივე მომავლისათვის“.

უნივერსიტეტიდან დაწყებული საპირველმაისო მსვლელობა ვარდების მოედანზე პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდა და ხმამაღალი შეძახილებით პარლამენტისაკენ გაგრძელდა. პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა პირველი მაისის აქციის მონაწილეებს ამცნო, რომ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ პროფკავშირების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მშრომელთა საერთაშორისო დღე საქართველოში ამიერიდან უქმე დღედ გამოცხადდება. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ პეტრიაშვილს მშრომელთა მძიმე პირობების გაუმჯობესების იმედიც გაუჩნდა:
მშრომელთა საერთაშორისო დღე - თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციით აღინიშნა.

მშრომელთა საერთაშორისო დღე - თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციით აღინიშნა.

„დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ მიერ არაერთხელ წინწამოწეული პრობლემები უნდა მოგვარდეს - ის კონფლიქტი განიმუხტოს, რომელიც დღემდე არსებობს ფოსტასა თუ რკინიგზაში. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გავაგებინოთ, რას ნიშნავს ჩვენთვის ევროპა - ეს გულისხმობს ახალგაზრდების უფლებების დაცვას, ქალთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა უფლებების დაცვას. ეს გულისხმობს კოლექტიური მოლაპარაკებების პატივისცემას, პროფკავშირების პატივისცემას. ჩვენ გვინდა დიალოგის გზით ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რომელიც საწარმოებში სტაბილურობასა და მშრომელთა შრომით უფლებებს უკავშირდება“.

მეხანძრეები, ენერგეტიკოსები, მაღაროელები, ტრანსპორტისა თუ ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის წარმომადგენლები - ყველანი მოითხოვენ მათი შრომის უფლებების დაცვას, უსაფრთხო პირობებს, უკეთეს ანაზღაურებას. პარლამენტის წინ დგას მეხანძრე მაშველი ბესიკ ლიპარტელიანიც:

„ჩვენი პროტესტი ისევ გრძელდება, აქ ვდგავართ და გამოძიების დასრულებას ველით“.

„მშრომელი ადამიანი ქვეყნის ხერხემალია“ - ამ შინაარსის პლაკატი უჭირავს ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირის ვიცე-პრეზიდნეტს, მანანა დარსაძეს:
„თუ მშრომელი ადამიანები არ ეყოლება ქვეყანას, ის დოვლათს ვერ შექმნის, მაგრამ ამ ადამიანებს სჭირდებათ ნორმალური პირობები, მათი უფლებების და ინტერესების დაცვა. ამიტომ ვდგავარ დღეს აქ“.
ბოლო პერიოდის მასშტაბურმა აქციებმაც აჩვენა, რა უჭირთ მშრომელებს. კაზრეთის გაფიცვა არის ყველაზე ნათელი პრეცედენტი მასშტაბური და ხანგრძლივი გაფიცვისა, რომელიც, ერთი მხრივ, აჩვენებს მუშების ძალიან მძიმე მდგომარეობას, მეორე მხრივ კი, ამ მოვლენის ფონზე შეიძლება კარგად დავინახოთ, რამდენად ეფექტური იყო სახელმწიფოს პოლიტიკა...

"ამ ეტაპზე სახელმწიფოს არაეფექტური პოლიტიკა და მის მიერ გაწეული არასაკმარისი ძალისხმევა მიუთითებს საშიშროებაზე, რომ მუშათა მძიმე პირობები, შესაძლოა, კვლავაც დარჩეს დასაშვებ და ლეგიტიმურ მდგომარეობად“ - ეს კი ამონარიდია პირველ მაისს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადებიდან.

ცენტრის წარმომადგენლის, ლინა ღვინიანიძის შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში, დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვითარება არსებითად არ შეცლილა. არსებული შრომის კოდექსის პირობებში მშრომელები იქცნენ საშუალებად დამსაქმებლების ხელში, რაზეც ყველაზე მკაფიოდ ინდუსტრიულ ზონებში, მძიმე მრეწველობაში დასაქმებული ხალხის მაგალითი მეტყველებს:

„ბოლო პერიოდის მასშტაბურმა აქციებმაც აჩვენა, რა უჭირთ მშრომელებს. კაზრეთის გაფიცვა არის ყველაზე ნათელი პრეცედენტი მასშტაბური და ხანგრძლივი გაფიცვისა, რომელიც, ერთი მხრივ, აჩვენებს მუშების ძალიან მძიმე მდგომარეობას, მეორე მხრივ კი, ამ მოვლენის ფონზე შეიძლება კარგად დავინახოთ, რამდენად ეფექტური იყო სახელმწიფოს პოლიტიკა და, რაც მთავარია, არის თუ არა სახელმწიფო მზად დღეს მან თავად გაატაროს სათანადო შრომითი პოლიტიკა. ჩვენ მოწმე გავხდით, რომ კვირები გადიოდა ისე, რომ სახელმწიფო ვერ ერთვებოდა კოლექტიური დავის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ამის ვალდებულებას მას მის მიერვე მიღებული კანონი უდგენდა“.

ლინა ღვინიანიძე აცხადებს, რომ მართალია, შრომის კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ სიღრმისეულად ჯერ არავის შეუსწავლია, რა შედეგები მოუტანა ქვეყანას შეცვლილმა კანონმა, მაგრამ მშრომელთა პროტესტი იმაზე მეტყველებს, რომ ჯერჯერობით საქართველოში შრომის პოლიტიკამ მშრომელთა ცხოვრება უკეთესობისაკენ ვერ შეცვალა.
XS
SM
MD
LG