Accessibility links

logo-print
საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჯეიმს აპატურაიმ ილაპარაკა რუსეთის ქმედებების გამო რეგიონში შექმნილ ვითარებაზე და ამ ვითარების გამო ნატოს რეაგირებაზე, ის გამოეხმაურა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესს, მათ შორის, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის განხილვასთან დაკავშირებულ რეაქციებსაც.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, დილიდან შეხვედრებს მართავდა საქართველოში. ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, პრემიერს, პრეზიდენტს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს. ჯეიმს აპატურაიამ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ივნისში დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ნატო აკვირდება ასპირანტი ქვეყნების პროგრესს. ისაუბრა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე უკრაინაში შექმნილი ვითარების ჭრილში და დასძინა, „ეს არის ის, რაც ყველაზე ახდენს გავლენასო“. მისი თქმით, უკრაინის მოვლენების შემდეგ ნატომ მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები უკრაინასა და რუსეთთან და სხვა აღმოსავლეთევროპელ პარტნიორებთან მიმართებით. ჯეიმს აპატურაიმ უპასუხა შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას მიერ ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში, წამოჭრილ საკითხს. ალასანიამ განაცხადა:

ნატოს თავისი თავდაცვითი სისტემები არ გააჩნია, ეს აქვთ მოკავშირეებს და ნატოს ყოველთვის შეუძლია ორგანიზებაში მხარდაჭერა, მაგალითად, როგორც თურქეთისთვის განვახორციელეთ სირიის კონფლიქტთან მიმართებით...

„ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა - შესთავაზოს ნატოს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი, საქართველოში. საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი საშუალებები და რუსეთი მიხვდება, რომ თქვენ სერიოზულად უდგებით საკითხს. საჭიროა კიდევ სხვა ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების დროს განვიხილავთ“.

ამ განცხდების პასუხად, აპატურაიმ თქვა:

„ნატოს თავისი თავდაცვითი სისტემები არ გააჩნია, ეს აქვთ მოკავშირეებს და ნატოს ყოველთვის შეუძლია ორგანიზებაში მხარდაჭერა, მაგალითად, როგორც თურქეთისთვის განვახორციელეთ სირიის კონფლიქტთან მიმართებით - „პატრიოტის“ სისტემა გადავისროლეთ, რაც იყო შემაკავებელი გზავნილი. მინისტრ ალასანიას გზავნილი ნათელი იყო და დარწმუნებული ვარ, მას განიხილავენ ნატოში“.

ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატო მზად არის დამატებითი პარტნიორობა შესთავაზოს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორებად წოდებულ ქვეყნებს. მაგალითად, მოლდავეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ რა სახის დახმარება შეიძლება შესთავაზოს მას ნატომ იმის ნათელსაყოფად, რომ კავშირები უფრო ძლიერდება. საქართველო კი არის იმათ სიაში, ვისთანაც ნატოს აქვს ისედაც ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები.
ჯეიმს აპატურაის ამ პასუხს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მაია ფანჯიკიძემ თქვა, რომ ეს არის სრულიად ახალი თემა, რომელსაც შესაბამისი მუშაობა სჭირდება:

ეს სრულებით ახალი საკითხია, რომელიც გააჟღერა თავდაცვის მინისტრმა და მას ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ექნება კონსულტაციები იქ, ამერიკაში, ვიზიტის დროს და, რა თქმა უნდა...

„ასევე შევაფასებდი, რომ ეს არის, აქტუალური სიტუაციის გათვალისწინებით, საინტერესო იდეა, რომელიც ჯერჯერობით არ არის განხილული და აუცილებლად იმსახურებს განხილვას. კონკრეტულად რა შედეგი მოჰყვება ამას, მომავალი გვიჩვენებს. ამ ეტაპისთვის ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი იდეა, რომელიც საინტერესო აღმოჩნდა ჩემი პარტნიორებისთვისაც“.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსების თაობაზე საუბარი არ ყოფილა. განიხილეს ის საკითხები, თუ რა კონკრეტული პროგრესი შეიძლება იქნეს მიღწეული უელსის სამიტზე.

„ეს სრულებით ახალი საკითხია, რომელიც გააჟღერა თავდაცვის მინისტრმა და მას ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ექნება კონსულტაციები იქ, ამერიკაში, ვიზიტის დროს და, რა თქმა უნდა, იქნება კონსულტაციები ბრიუსელსა თუ სხვა დედაქალაქებში“.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიხეილ დარჩიაშვილის თქმით, ამ საკითხის აქტუალობა რეგიონში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა, თუმცა დაიწყება თუ არა ექსპერტთა ჯგუფების ან სხვა დონეზე საკითხის განხილვა ჯერჯერობით უცნობია:

„არსებული საკითხი დღის წესრიგში დადგა რეგიონში არსებული მდგომარეობიდან და იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც რეგიონის და, ზოგადად, საქართველოს წინაშე დგას. კონკრეტულად ვერ გეტყვით. ეს უშუალოდ ალიანსის და მოკავშირეების გადასაწყვეტია, თუმცა ვაშინგტონში ხაზი გაესვა იმ აუცილებლობას, რაც საქართველოს სჭირდება. პირველი, ეს არის ნატოში გაწევრიანების კუთხით კონკრეტული ნაბიჯი - გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და ქმედითი ნაბიჯები, რათა კიდევ უფრო განმტკიცდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა“.

ჯეიმს აპატურაიმ კი კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ნატოს გადაწყვეტილებებზე მომავალში გავლენას ვერ იქონიებს რუსეთის დამოკიდებულება. ის ქვეყნის შიგნით არსებულ რამდენიმე საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვასთან დაკავშირებულ ვნებათაღელვაზე ნატო რეაგირებას ვერ მოახდენს, თუმცა ალიანსისთვის უმნიშვნელოვანესია უმცირესობების დაცვის თემა.
XS
SM
MD
LG