Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2014 წლის 1 მაისი


„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება, რაც პრესაშიც აისახება. „რეზონანსი“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა. მმართველი ძალის მიერ სასულიერო პირების მოთხოვნისთვის ანგარიშის გაწევაზე დასმულ შეკითხვას ხმალაძე ასე პასუხობს: „თუ რაიმე მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ აქ კაპიტულაცია მოხდა“. ამასთან, იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ტერმინოლოგია, რის გამოც დღეს დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, გამოყენებულია წლების წინ მიღებულ არაერთ კანონში: „მე შემიძლია დაგისახელოთ კანონები, რომელშიც ეს ტერმინები წერია და მიღებულია 1997 წელს, 2000-ში, 2007, 2010 წლებსა და 2012 წელს. ზოგან წერია „სექსუალური ორიენტაცია“, ზოგან ორივე - სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა““.

„ალიაში“ დღესაც ქვეყნდება ინტერვიუ დიაკონ ელიზბარ დიაკონიძესთან, რომელიც გაზეთს მადლობას უხდის რუსთაველზე გამართული აქციის დაანონსებისთვის, თუმცა, უკმაყოფილებას გამოთქვამს აქციის მცირერიცხოვნების გამო. ელიზბარ დიაკონიძე „ალიას“ ეუბნება: „ამ ქვეყანას ჰყავს გაუკუღმართებული ორიენტაციის პარლამენტი და ვისაც ეს სიტყვები ეწყინება, გამოვიდეს, თუ ბიჭია, დამხვდეს და და მელაპარაკოს“. ინტერვიუ ასე სრულდება: „თუ ეს პროექტი მაინც მიიღეს, უნდა გამოვიდეთ გარეთ და ეს პარლამენტი გამოვათრიოთ სათითაოდ და კუდით ქვა უნდა ვასროლინოთ აქედან“, - ამბობს დიაკონი ელიზბარ დიაკონიძე.

გაზეთი „პრემიერი“ ბეჭდავს, როგორც სტატიაშია აღნიშნული, „კარგად ინფორმირებული წყაროს“ კომენტარებს. ერთ-ერთი ასეთია: „არ მინდა, ხალხს გული გავუხეთქო, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ 17 მაისისთვის დიდი პროვოკაცია იგეგმება და ამ კანონპროექტის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟიც სწორედ ამ პროვოკაციის მოსამზადებელი სამუშაოებია. ამასთანავე, მაქვს ინფორმაცია, რომ „საზოგადოებრივ ასპარეზზე“ ისეთი ფიგურებიც გამოვლენ, როგორიც, მაგალითად, რუსეთში მყოფი ვინმე მინდია გულუაა. გულუა საარჩევნო პროცესში ღიად არ ჩაერთვება, მაგრამ, როგორც გავარკვიე, რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფსა და პარტიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკების მთავარი საგანი ფინანსებია, ანუ გულუა ამ ხალხს ფულით უზრუნველყოფს, რის სანაცვლოდაც მათგან თავისი, ანუ რუსული ინტერესების გატარებას მოითხოვს“, - უთქვამს „წყაროს“ გაზეთ „პრემიერისთვის“.

ამავე გაზეთში წინასაარჩევნო გარემოზეც წაიკითხავთ. ამ თემაზე ლაპარაკობს ინტერვიუში პოლიტიკის ექსპერტი კახა კახიშვილი: „მთელი პრობლემა ისაა, რომ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ამ ხელისუფლებას, არამედ „ნაციონალური მოძრაობისა“ და შევარდნაძის ხელისუფლებებსაც კარგად ესმოდათ - მათი გამარჯვების შანსი მდგომარეობს არა იმაში, რამდენი ადამიანი მისცემთ ხმას, არამედ სახელისუფლებო ბერკეტების ხელოვნურად მორგებაში“.

თვითმმართველობის არჩევნებზე „ახალ თაობას“ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი ეუბნება: „„ქართული ოცნების“ გამარჯვება ბუნებრივი და ლოგიკური შედეგი იქნება. სენსაცია იქნება ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის პირველობა, რისი მოლოდინიც მე არ მაქვს, მაგრამ არსებობს რეგიონები, რაიონები, ქალაქები, სადაც, შესაძლოა, ოპოზიციის წარმატება იყოს დაფიქსირებული და ამის შემდეგ ხელისუფლების ქმედების მიმართ უნდა იყოს გაათკეცებული ყურადღება, რომ არ მოხდეს რაიმე, მხოლოდ „ასე მინდას“ პრინციპით, ცვლილებების შეტანა შედეგებში“.

„საქართველოს რესპუბლიკას“ კი ვახტანგ ძაბირაძე უზიარებს აზრს მომავალი არჩევნების შესახებ: „დღეს მაინც არის ისეთი განწყობა, რომ ხელისუფლება ბოლომდე ვერ აკონტროლებს სახელმწიფო სტრუქტურების მთელ ვერტიკალს. ამას მოსახლეობაც ხედავს, თუნდაც, თბილისის მერიის მაგალითზე. ამ ყველაფრის გამო საზოგადოება შეღავათს აძლევს ხელისუფლებას და ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, დიდი ალბათობით, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს უმრავლესობით“.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG