Accessibility links

ჩაკეტილი ახალგორელები და ახალი საშვები იქ მცხოვრებთათვის


ახალგორელ ჟურნალისტს, მარი ოთარაშვილს, დაბაში ჩასვლა ხშირად უწევს. დღეიდან მას ახალი საშვი სჭირდება იმისთვის, რომ ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაუბრკოლებლად გაიაროს. მარის ახალი საბუთი ჯერ არა აქვს, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის აცხადებს, რომ ჯერ რაიონის სოფლების მოსახლეობის დაკმაყოფილება ხდება, უახლოეს დღეებში კი საშვებს ახალგორელებსაც დაურიგებენ. მისი თქმით, დე ფაქტო უშიშროების სამსახურში განაცხადის შეტანის მიუხედავად, საშვს ყველას არ მისცემენ.

დღეიდან ახალგორისა და ჯავის რაიონის მიმართულებით გადაადგილება შეიზღუდა. ეგრეთ წოდებული სასაზღვრო გამშვები პუნქტები 4 მაისამდე დე ფაქტო რესპუბლიკაში საპირველმაისო ღონისძიებების უსაფრთხოების მოტივით ჩაიკეტა. მსგავსი შეზღუდვა 8-იდან 11 მაისამდეც იმოქმედებს. ტრადიციულად, თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება სადღესასწაულო დღეებში ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტებს უსაფრთხოების დაცვის მიზნით კეტავს ხოლმე. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვითარებას აკონტროლებს.

დანარჩენ დღეებში ახალგორის რაიონისა და პერევი-ქარზმანის მიმართულებით ახალი საშვთა სისტემა იმოქმედებს. ადგილობრივი მცხოვრებლები 3 წლის განმავლობაში გადაადგილებისთვის ფორმა N 9-ს იყენებდნენ, მაგრამ ამ საბუთს მოქმედების ვადა ამოეწურა. ახალი საშვისთვის, გარდა დაბადების მოწმობის ასლის და საცხოვრებელი ადგილის შესახებ ცნობისა, 2 ფოტოსურათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და სპეციალური განცხადების შევსება იყო საჭირო. განცხადებაში, გარდა პირადი მონაცემებისა, საშვის აღების მსურველმა პირებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილიც მიუთითეს.

ახალგორელების გარდა, საშვის აღების სურვილი წეროვანსა და ფრეზეთში ჩასახლებულმა იმ დევნილებმაც გამოთქვეს, რომლებმაც ომის შემდეგ დაბა დატოვეს. საბუთების მიღება დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა 26 მარტიდან დაიწყო, მაგრამ ვადებში ვერ ჩაეტია. ახალგორში უკვე გამოკრულია სიები, ვინც ამ საშვის აღებას შეძლებს, ამ სიების განახლება ეტაპობრივად ხდება. დაბაში ვარაუდობენ, რომ ამ საშვს მხოლოდ იმ პირებზე გასცემენ, რომლებიც დაბაში ხშირად ჩადიან. ახლა საბუთების გაცემით დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურია დაკავებული. ადრე ფორმა 9-ს შინაგან საქმეთა ორგანოები გასცემდნენ. ოსური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის უფროსმა სერგეი კოლბინმა განაცხადა, რომ ბოლო წლებში 6 500-ზე მეტი ფორმა ნომერი 9 იყო გაცემული. ხოლო ახალგორის რაიონში 4 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ამიტომაც ახლა ამ საქმეს მილიციის განყოფილების ნაცვლად უშიშროების სამსახური ხელმძღვანელობს. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის უფროსის, ალექსანდრ სმირნოვის, განცხადებით, საშვებს ის ადამიანები მიიღებენ, ვინც დროულად მიმართა უშიშროების სამსახურს, თუმცა იქნებიან გამონაკლისები, ვინც ახალ საბუთს ვერ მიიღებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გოჩა რატიანის, აზრით, დე ფაქტო ხელისუფლება ახალი რეგულაციებით მოსახლეობის იზოლირებას უწყობს ხელს.

ახალგორელების აზრით, საშვების გაცემისას ადგილობრივი უშიშროება მეტ სიმკაცრეს გამოიჩენს. უკვე ცნობილია, რომ ეს საშვები წლის ბოლომდე იქნება ძალაში.
XS
SM
MD
LG