Accessibility links

logo-print

ვინ გინდა იყო–ჟურნალისტი თუ მწერალი?


ავტორი: გურანდა ძამელაშვილი

ჯანდაბა, რა მაგარია! –ძველი, საკმაოდ გაცვეთილი წიგნი, ყვითელი ფურცლები „სკოჩით“ რომ იყო დამაგრებული, ცოტა გაბრაზებით დავხურე და უსუსურობის განცდა დამეუფლა, რომ მეც ასე არ ვწერ. წიგნის ყდაზე თითქმის უკვე წაშლილიყო სათაური „მარტოობის ასი წელიწადი“, მერე მას თაროში ადგილი მივუჩინე და მწერლისადმი პატივისცემის ნიშნად „ფეისბუქის“ პაროლი შევცვალე–აურელიანო ბუენდია. ეს იყო ჩემი პირველი შეხება გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედებასთან.

დროთა განმავლობაში ინფორმაცია ინფორმაციამ გადაფარა, პაროლი პაროლად დარჩა, მარკესი მეხიკოში (და არა კოლუმბიაში), მე კი საქართველოში და არაფერი განსაკუთრებული არ მომხარა, გარდა იმისა, რომ „ტრაქტორივით“ დავიწყე მუშაობა და ჟურნალისტური ჟანრების ლაბირინთში დავიკარგე.

„2014 წლის 17 აპრილს, 87 წლის ასაკში, ცნობილი მწერალი, ჟურნალისტი და გამომცემელი, ნობელის პრემიის ლაურიატი, წარმოშობით კოლუმბიელი გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა“– ჯერ უცხოურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია, მერე ქართულმა მედიამ გადმოთარგმნა, უფრო სწორად „დააკოპირა“ და ამ ამბავმა ჩემამდეც მოაღწია.

გასაგებია, რომ გაბო სიკვდილის შემდეგ უფრო „მოდური“ გახდება ვიდრე ოდესმე, მაგრამ სინამდვილეში რამდენმა ადამიანმა იცის, რომ ის ჟურნალისტი იყო? ვფიქრობ არც ისე ბევრმა... მაგრამ არ მინდა სტატიის ნაცვლად ნეკროლოგი გამომივიდეს, ამიტომაც ყურადღებას გავამახვილებ მარკესის როლზე არა ლიტერატურაში, არამედ–ჟურნალისტიკაზე და ჟურნალისტებზე.

სასაცილოა, რომ „ფეისბუქის“ პაროლად–აურელიანო ბუენდია მაქვს, მაგრამ რატომ შეიძლება დღეს, ჩემთვის და ბევრი ჟურნალისტისთვის, რომლებიც, ამავე დროს, მწერლობაზეც ოცნებობენ, მარკესი მნიშვნელოვანი იყოს?

ვარიანტი 1 –იმიტომ...
ვარიანტი 2– იმიტომ, რომ „მოდაშია“ და არ შეიძლება წაკითხული არ გქონდეს...
ვარიანტი 3 –მისი ნაწარმოებები მეტად მნიშვნელოვანია გონებრივი განვითარებისთვის...
ვარიანტი 4–არც ერთ პასუხი არ არის სწორი…

ვარიანტები შეიძლება უამრავი იყო, მაგრამ მე ხომ საგამოცდო ტესტებს არ ვადგენ, ამიტომ უბრალოდ ვუპასუხებ კითხვას.

მარკესი ცოცხალი მაგალითია ( ახლა უკვე ცოცხალი აღარაა, მაგრამ გენიოსები ხომ არასდროს კვდებიან) იმისა, რომ საკუთარი ნიჭის ყოველდღიურ და „მალფუჭებად“ სტატიებში თუ „ნიუსებში“ დახარჯვის პარალელურად შესაძლებელია კარგი მწერალი გახდე (შეიძლება „შესანიშნავიც“ კი).

მარკესი მაგალითია იმისა, რომ თუ გეტყვიან, რომ სად ჟურნალისტიკა და სად მწერლობა (ქართული ვერსია–დაეტიე შენს ადგილას), პასუხად შუა თითი უჩვო (თუ ძალიან მოგეშლება ნერვები) და უთხრა, რომ ეს ასე არ არის.

მარკესი მაგალითია იმისა, რომ არ წერო უბრალოდ საკუთარი თავისთვის, არ წერო მხოლოდ ფეისბუქის პოსტები, არ თქვა, რომ არ წერ იმიტომ, რომ მწერლობა დღეს მომგებიანი საქმე არაა, “delete არ გაუკეთო“ დიდი მონდომებით დაწერილ გვერდებს, იმის შიშით, რომ საზოგადოება უნიჭობაში დაგადანაშაულებს და ერთ მშვენიერ დღეს გაბედო და გამოაქვეყნო რამე. (გავიხსენოთ მარკესმაც იმიტომ დაწერა თავისი პირველი მოთხრობა, რომ კოლუმბიელმა რომანისტმა ედუარდო სალამეა ბორნიმ გამოაცხადა ახალ თაობას ნიჭი აკლიაო).

საუკეთესო საქმე ამ ქვეყნად ჟურნალისტიკა რომ არის, ამაში მარკესს
არ შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ გაბომ ჟურნალისტიკა „გამოიყენა“ რათა შეექმნა „მარტოობის ასი წელიწადი, „პატრიარქის შემოდგომა“, „სიყვარული ქოლერის ჟამს“, „ჩემი სევდიანი მეძავები“.... და პარარელურად არ შეუწყვეტია სტატიების გამოქვეყნება სხვადასხვა გამოცემებში. თავად ისიც აღიარებდა, რომ მთელი მისი შემოქმედება (პროზა) სხვა არაფერია, თუ არა ჟურნალისტური ჟანრების ნაირსახეობა.

ჰოდა, ახლა დამწყებმა ჟურნალისტებმა, რომლებიც გულის „ძალიან ფარულ კუნჭულებში“ ოცნებობენ, რომ მწერლები გახდნენ, ან უკვე შემდგარმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც უკვე დაყარეს ფარხმალი სამწერლო ასპარეზზე უპასუხონ კითხვას– განა მარკესი მაგალითი არ არის იმისა აირჩიო ვინ გინდა იყო–მწერალი, თუ ჟურნალისტი?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG