Accessibility links

logo-print
ავტორი: საბა გვეტაძე

მაშინ, როდესაც ვიბადებით, ყველას ჩვენი ხე, ჩვენი ვარსკვლავი, სახლი, საწოლი და უჯრა გაგვიჩნდება ხოლმე, სადაც ჩვენს ნივთებს ერთმანეთს ვუმალავთ, ვინახავთ ისე, რომ ხანდახან თავადაც ვერ ვპოულობთ. კიდევ, როგორც ერთი, კაქტუსებიანი კაცი იტყოდა: ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე. ჰოდა მეც, არანაკლებ კაკტუს-ეკლიანმა, ერთი პატარა თარო მივიღე. ამ თაროზე ცხოვრობდა ჩემი ლეკვი - იუმ-იუმი, პატარა უფლისწულის მიერ ნაჩუქარი ბეკეკა, ინჟინერი სმიტი და ნაბი, მექუდე „საოცრებათა ქვეყნიდან“, ერთი გაუცინარი კაცი და უამრავი ხელმწიფის ასული, ზოგი მშვენიერი, ზოგიც - გონჯი. თაროს ერთ კიდეში პატარა ხის ყუთი იდო, ჩუქურთმებიანი და შიგ საგულდაგულოდ გადამალულ სამ კაკალს ეძინა. ყუთის გვერდით სალამური წამოწოლილიყო, მახსოვს, ნილსმა დამიტოვა, როცა მორიგ მოგზაურობაში გაემართა, გარეულ ბატებთან ერთად. თაროს მეორე მხარეს „კაჭკაჭ კაჭკაჭუნა ხარშავდა ფაფას“ და მუდმივად ორთქლი იდგა, თუმცა, მე მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ისევ დიდი მუხლუხო აბოლებდა ყალიონს.

ჰო, ჭერი! თაროს ჭერზე ერთი ლაქა იყო, ნიშანი, სახე, ხანდახან - აშკარად მომღიმარი, ზოგჯერ - მოწყენილი, ხან მრგვალი, ხან ოვალური, ხან უფორმო... მე წიგნები მიყვარს, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ წიგნები, მაშინვე, როცა ჩემს თაროზე მოხვდებიან, ქრებიან ხოლმე, მათ ადგილას კი ან ზომიერად ფერხორციანი მამაკაცი გაჩნდება, მსუნაგი ვიღაც, ზურგზე პროპელერით, ან მოხუცი დედაბერი, ყელზე ძაფშებმული ვირთხით, გეცოდინებათ ალბათ, შაპოკლეაკი. (მთელი ბავშვობა მეშინოდა მაგ ქალის.) და კიდევ, ვერ ვიტანდი ისეთ ტიპებს, გრიმებისა არ იყოს, ბავშვებს რომ ტყეში, ქოხში შეიტყუებენ და მერე იმის მეტს არაფერს ფიქრობენ, როგორ შეწვან და შეჭამონ. ჰო, რაც მართალი, მართალია, ზღაპრებს არაფერი მერჩია, და, მგონი, დღემდე ასეა.

მერე იყო კალის ჯარისკაცი, ესეც ნამდვილი ბავშვური ტრაგედია (ბავშვური, როგორც გულწრფელი, და არა - უმნიშვნელო)! ამის გამო, დღემდე შენახული მაქვს ჩემი პატარა ტანკი, რომელიც რეზინის ბორბლებით გახურებულ ღუმელს შემთხვევით მიეკრა.

მერე კი იყო ფუფალა - ქალების შესახებ არსებული წარმოდგენების კატასტროფული გადატრიალება! იყო მარიტა, რომელიც ყოველთვის თოვლში ამოსულ, ღია ყვითელ ნარცისას ჰგავდა და რომელიც ნამდვილი სიყვარულით მიყვარდა. ხოლო მარიტას შემდეგ გამოჩნდა ნამდვილი ქალი, აი ის, საოცრად გრძელი თითებით, ბავშვივით ანცი, „თაგვი, ვაიმე თაგვიო“ რომ გაჰყვიროდა და სინამდვილეში კასრიდან კასრში გადაიპარებოდა ხოლმე - ქალი - ტერეზზა! და მეც, ბითურივით, ამ სამ ქალს შორის ვიყავი გაწელილი. ჩემი თაროც ნელ-ნელა იცვლიდა სახეს. ადრე თუ მზე კაშკაშებდა მასში, ახლა იდუმალ ბურუსში იწვნენ ჩემი წიგნები. ეს ბურისი კი მალე ნისლად იქცა, მერე კი გადაუღებელ, პეტერბურგის წვიმებად... და მე პირველად წავიკითხე დოსტოევსკი. და ერთდროულად ვცხოვრობდი „იდიოტი" „ყმაწვილი“-ვით, „ეშმაკთა“ შორის.

დრო იყო ალბათ, და ამიტომ წავიკითხე პირველად წიგნი ღმერთის ცხოვრების შესახებ, წიგნი - სახარება! ჩოხელის ლუკამ მიმიყვანა ქრისტეს ლუკამდე. მას მერე, გულწრფელად, მთელი არსებით მჯეროდა, რომ ერთადერთი წიგნი, სინამდვილეში არსებული, იყო წიგნი ღმერთის შესახებ. და მის გარშემო იყო სიცარიელე, თავისი მზით, იერუსალიმით, იორდანეთი და მთესველით, რომელიც გამოვდა დასათესად. იყო შიშიც, ამ სიცარიელეში, რომ მე კლდოვანი ნიადაგი აღმოვჩნდი და ბოლომდე ვერ გამოვიღე „კეთილი ნაყოფი“. ეს იყო პირველად, მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ ზოგი ადამიანი ქმნის წიგნს, ზოგ ადამიანს კი წიგნი ქმნის.


და იმავე წელს, ახალი მიწის აღმოსაჩენად გამაგზავნეს ამერიკაში! მე ტომ სოიერთან შეხვედრის იმედი მქონდა, მაგრამ, ჩასულს, სოიერის მაგივრად, ცარიელი ქოხი დამხვდა, ისიც ბებერი, ბიძია ტომის. თან, ნახევრად დანგრეული. ჰოდა მთელი წელი პოლიტიკას ვსწავლობდი და პოლიტიკის გარდა ამერიკულ კულტურას, ამერიკის ისტორიას, ამერიკულ ღირებულებებს, ამერიკულ ცეკვას, ამერიკაში ცხოვრებას... ვსწავლობდი ჯეფერსონს, ლინკოლნს, ფრანკლინსა და ობამას, თანამედროვე ლიდერებსა და ლიდერობას, საჯარო მეტყველებას, რიტორიკასა და, რაც მთავარია, თავისუფლებას, რომელსაც მანამდე ვეთაყვანებოდი.

ვწერდი ბევრ ლექსს და ვხატავდი, ზომიერად. ვკითხულობდი ახალ წიგნებს. ვიყიდე „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰარი პოტერი“, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის უკვე დიდად მიმაჩნდა თავი (ჰმ, 19 წელი!). და მაშინ აღმოვაჩინე, რომ ჩემი თარო თბილისში დარჩა. ალბათ, ასე სჯობდა კიდეც: ზედმეტად არ გავშინაურდი, მახსოვდა სად იყო ჩემი სახლი, იქ, სადაც ჩემი თარო იყო.

ამ სახლში ცხრა თვისა და ორი დღის შემდეგ დავბრუნდი. ეს ცხრა თვე ვიღაცის მუცელში გამეტარებინა თითქოს... თარო კი ისევ ძველი დამხვდა, ალაგ-ალაგ „წიგნებჩაცვენილი“, მეჩხერი კბილებით. ისევ თავიდან ვესტუმრე იმ ზაფხულს კუნძულ სალტკროკას და სულ კლდეებზე დავძვრებოდი ბიულერბიუს მახლობლად. ლინდგრენის გარდა არაფერი წამიკითხავს. როგორც ჩანს, თბილისი სავსე იყო მაშინ „კაცია-ადამიანებით“ და მათ გავურბოდი. აი ნამდვილი ემოცია! საკუთარ ქვეყანაში დავბრუნდი, საკუთარ სახლში და აღმოჩნდა, რომ მარტო მე შევცვლილვარ, თან ისე, რომ ვერ მიცნეს. ისევ, მარტო თარომ მიცნო, ძველმა. და ისევ თარომ მომაწოდა რიგრიგობით ჭილაძის ლექსები: „გამოჩნდა მიწა, შენთან ვარ თითქმის“, „სინათლის ლეკვი“ და „თითქოს რიკულები სახლის ნეკნებია...“


უნდა გამოვტყდე, რომ მე არასდროს წამიკითხავს „დიკენსი ჩრდილში“. თუმცა, არც მზეში წამიკითხავს, ვერ მოვინდომე.


და საბოლოოდ, როცა მათზე ვწერ, ყოველი წიგნი ხტება თაროდან და ცდილობს ამოძვრეს ხის მაგიდაზე.


ჩემს გახუნებულ თაროს კი წნევა აწუხებს, ახლა სიცხე აქვს და თან წონაში უნდა დაკლება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG