Accessibility links

logo-print

ბედისწერას მინდობილი (ნაწილი 2)


ავტორი: კონსტანტინე ჯოჯუა

(პირველი ნაწილის გაგრძელება)

მთავარმა თვალები გაახილა, დაინახა ექიმების მომღიმარი სახეები. აიხედა ზემოთ, სადაც ის კაცი ეგულებოდა, მაგრამ იქ არავინ იყო. გაახსენდა საუბარი, რომელიც სიზმრად მიიჩნია, მაგრამ მალევე მოაგონდა, რომ გარეთ ბედისწერის ბორბალი მის საწინააღმდეგოდ ტრიალებდა. დაღონდა. „ჩვენ პროგრესის, აღმშენებლობის ფერხულში ვიყავით ჩაბმულნი და ამგვარი მოულოდნელი, უეცარი დამუხრუჭება ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს. ალბათ, კიდევ რაღაც პერიოდი ინერციით გავაგრძელებთ სვლას და იმედი გვაქვს, გზაში ახალ ძრავას ჩაგვიდგამენ ჩვენი მეგობრები... მაინც რა იყო ის მუქი ცისფერი, გვერდებზე ფიფქებით და შუაში ვარსკვლავებით, ასე უეცრად ძირს რომ დასცა მთელი ჩვენი გუნდი? მთავარი უკვე არა ვარ? რატომ მეძახის ის კაცი, ჰო, ნიკოლო მთავარს? საინტერესოა, ნეტავ კიდევ შევხვდები მას? ორიოდე ექიმი დარჩა მის საწოლთან, ჩანდა, რომ ავადმყოფის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მთავარმა ფარდებისკენ გაიხედა, რომლებიც ნელ-ნელა ტალღებივით ალივლივდნენ, გაქრნენ თანდათანობით მხედველობიდან და გონება სადღაც გაფრინდა.
წინ ადამიანის სილუეტი გამოჩნდა, ეს ნიკოლო იყო, რომელიც მიუახლოვდა მთავარს და ღიმილით შეეგება. „რას მეტყვით ჩემი ქვეყნის შესახებ?“-ჰკითხა მას. მთავარმა თითქოს გააცნობიერა, რომ დამარცხდა, თუმცა მის ფილოსოფიაში ეს სიტყვა არ შედიოდა, არასოდეს უღიარებია, რომ რამეში შეცდა, არც უფიქრია ამაზე. ჰკითხა ისე, საუბრის გასაგრძელებლად, რადგან იგრძნო, რომ ეს კაცი „რაღაცად ღირს“. „ვინც დაუკვირდება წარსულსა და აწინდელ მოვლენებს, ადვილად შეამჩნევს, რომ ყველა სახელმწიფოში, ყველა ხალხში მბრძანებლობენ და მბრძანებლობდნენ ერთი და იგივე სურვილები და მისწრაფებები,- უპასუხა ნიკოლომ, - ამიტომ - განაგრძობს იგი, -ყველაფერი ერთნაირად ხდება და ამქვეყნად ყველგან და ყოველთვის იმდენივე იყო სიკეთე, რამდენიც ბოროტება, მხოლოდ ეგაა, რომ ეს სიკეთე და ბოროტება სხვადასხვაგვარად ნაწილდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. კიდევ დავუმატებდი. როცა ერთადერთი ხელში იღებს ძალაუფლებას, საზოგადოებრივი საქმეების მთელ მსვლელობას კონკრეტული, მიზანსწრაფული ნებელობა განაპირობებს და მართვა-გამგებლობის ყველა აქტი ერთი გარკვეული პიროვნების სტილით აღიბეჭდება“.
„გამოდის, ჩემს ქვეყანაში ბოროტება მეტია, ვიდრე სიკეთე? ჩემი მმართველობის სტილი არ იყო ეფექტური“? -შეეკითხა მთავარი. ნიკოლომ უპასუხა: „მართალი ბრძანდებით, ბოროტება სჭარბობს, ამიტომ ასე უჭირს თქვენს ქვეყანას. ასე და ამდენს არსად იწყევლებიან, როგორც თქვენთან. იცით, როდესაც გაგწერენ საავადმყოფოდან, გექნებათ დრო და თუ სურვილი დაგრჩათ, შეისწავლეთ და ჩაწვდებით ამ ფენომენს, რომელიც ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული, მათ შორის თქვენი ქვეყნის ისტორიასთან. რაც შეეხება სტილს, გეტყვით შემდეგს: იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, ბევრი რამ არ ესმის. ყველაფერს თუ ეკითხებოდით თქვენს რჩეულთ? ისმენდით მათ აზრებს? კეთილგონიერი მთავარი თავის სახელმწიფოში უნდა არჩევდეს ბრძენკაცთ, და მხოლოდ მათ რთავდეს სიმართლის თქმის ნებას. პირმოთნეთა გარემოცვა დამღუპველია მისთვის. ეჭვი მეპარება, რომ თქვენ ერთპიროვნულად იღებდით გადაწყვეტილებებს, მერყეობდით კიდევაც, რამაც დაცინვის საგნად გაქციათ ბევრის თვალში“.
მთავარი უყურადღებოდ უსმენდა. როგორც სჩვეოდა ხოლმე. „როგორ იღუპება დღეს მთავარი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ბედნიერი იყო, თუმცაღა არ იგრძნობა, რომ მის ბუნებას ან მის თვისებებს რამე ცვლილება განეცადოს“, - გაიფიქრა ნიკოლომ. „ციხის ამბების გამომზეურებამ დაღუპა ჩვენი საქმე,- თქვა მთავარმა. - ეს რომ არა, ისევ გააგრძელებდა ქვეყანა ევროპის გზაზე სვლას ჩვენი ხელმძღვანელობთ. ახალი ტურისტული ბაზები, ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, დასაქმებული ადამიანები“ - გაიმეორა ბევრჯერ ნათქვამი.
„იცით, რას გეტყვით? - უპასუხა ნიკოლომ, - თქვენს გეგმებში არსად ჩანს მოსახლეობის ის ფენა, რომელიც 40-ოდე წლის და მეტისაა. ისინი არ არსებობენ. მათთვის არც სამსახურია, არც დახმარება, არც მედიცინა, სრულიად არაფერი! კარგით, ეს თქვენ არ გაინტერესებთ. მაშინ ციხის საქმეები, რომლებიც შემთხვევით არ ამოტივტივებულა, რადგან ბუნებაში შემთხვევით, საერთოდ, არაფერი ხდება. თქვენ შლეგური შემართებით მიისწრაფოდით მიზნის მისაღწევად, ხოლო მიზნის მიღწევა დამოკიდებულია დროის თავისებურებებზე, რომელსაც ეთანხმებოდა ან არ ეთანხმებოდა თქვენი მოქმედებანი. და რადგან, თქვენ და თქვენი მოქმედებანი მთლიანად ბედისწერას იყო მინდობილი, მანვე დაგღუპათ, რადგან ბედმა პირი იბრუნა თქვენგან. მე ისიც მგონია, რომ ბედნიერია ის, ვისი მოქმედებაც დროის თავისებურებას ეთანხმება და ესადაგება, და ზუსტად ასევე, უბედურია ის, ვისი მოქმედებაც დროს არ შეესაბამება. მოკლედ რომ ვთქვა, ადამიანები ბედნიერნი არიან მანამ, სანამ მათი მოქმედება და ბედისწერა ერთმანეთს შეესაბამება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ბედნიერება უბედურებით იცვლება“,- უთხრა ნიკოლომ და გააგრძელა - არაფერი მოიმოქმედეთ, როდესაც საფრთხე გაჩნდა, გააგრძელეთ ჯიქურ, ისევ ისე, როგორც მოქმედებდით, თითქოს ვიღაც თუ რაღაც ძალა გმართავდათ, რომელიც ღრმად ვერ ჩაწვდებოდა თქვენს საქმეებს, გასაგებია. ასე რომ, ციხის ამბები რომ არ ყოფილიყო, სხვა რამე გამოჩნდებოდა აუცილებლად, რადგან თქვენი გუნდი უკვე განიარაღებული იყო “.
მთავარი უცებ საწოლში აღმოჩნდა, თითქოს გონს მოვიდაო. კიდევ ესმოდა ნიკოლოს ხმა, რომელიც თანდათან შეწყდა. მიიხედ-მოიხედა. ექიმებს იგი პალატაში გადაჰყავდათ. კარგია, გაიფიქრა, გამოდის, უკეთ ვარ და მალე გამომწერენ კიდეც. გაახსენდა ნიკოლო, გაიფიქრა, რა უცნაური კაცი იყო, რა ბედისწერაზე ელაპარაკებოდა, ნიკოლო მაკიაველი! აი, ვინ გამომეცხადა თურმე! მაკიაველი! თუმცა რა უნდა გასწავლოს მე-15 საუკუნის მოღვაწემ, რაც არ უნდა გამოჩენილი იყოს იგი! მე თანამედროვე, პროგრესული, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თეორიები მაქვს შესწავლილი! უცებ ჩაფიქრდა, გაახსენდა თავისი მდგომარეობა. რა კარგად იყო ყველაფერი. გული დასწყდა, რატომ არ შეეკითხა ბატონ ნიკოლოს: მაინც რა იყო ის უდიდესი ძალა, ვარსკვლავისმაგვარი მუქი ცისფერის ფონზე, ასე რომ დასცა ძირს მთელი მისი გუნდი?!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG