Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: ნინო ნოზაძე

გსმენიათ კენტუკური მღვიმის თევზების შესახებ? თვალისჩინი რომ აღარაფერში ადგებოდათ, ნელ-ნელა მხედველობის უნარი დაკარგეს. აჩრდილებივით ცურავდნენ ნებაზე მიშვებული დღეების ტალღას აყოლილნი.
ქართველი საზოგადოების განსჯის უნარი ცხადია არ გამქრალა, მაგრამ უმოქმედობიდან გამომდინარე გამოუსადეგარი გახდა, ზარმაც რაციონალიზმს დაექვემდებარა. ჩემი სტატია ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ტკივილი და სტანდარტული ეგზალტირებული მელანქოლია არ არის, უბრალოდ, არ მომწონს ის ეროვნული ტრადიცია, ინდივიდუალური ინფორმაციის სიმწირიდან გამომდინარე კოლექტიური სიბრძნის ნდობა რომ გაგვაჩნია. გასაგებია, რომ მრავალწლიანი ტოტალიტარული პოლიტიკური მოწყობიდან გამომდინარე საზოგადოება ფრუსტრირებულია, მაგრამ რიგი ჯგუფების მიერ საკუთარი ინტერესების უკეთ გაცნობიერების და აქტიური მოქალაქეობის კულტურის დამკვიდრების შემთხვევაში ქვეყნის წამყვანი მოდალობა რადიკალიზმი კი არა, პრაგმატიზმი და ზომიერება იქნებოდა.
სამართლებრივი განუკითხაობის ფონზე საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია დროში გაიწელა; ხალხში უმცირესობების მიმართ დაძაბულობის მაღალი და შემწყნარებლობის დაბალი ხარისხი საკმაოდ თვალშისაცემია. პრობლემატურ საკითხებზე სიღრმისეულ ანალიზს და რაციონალურ გააზრებას ემოციებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები უსწრებს წინ. ქართული პოლიტიკის მარტივი ფორმულირება რომ წარმოვადგინოთ, დაახლოებით ასეთ სურათს მივიღებთ: მწვავე პარტიკულარული ინტერესით დაინფიცირებული ხელისუფლების წევრები საზოგადოებას საერთო კეთილდღეობაზე ზრუნვის ილუზორულ შეგრძნებას აძლევენ, რეალურად კი მხოლოდ სახელგატეხილ ოპონენტებთან კონტრასტის წარმოჩენაზე არიან ორიენტირებულნი. ხალხი, თავის მხრივ, მოლოდინების ინფლაციით არის ავად და ხელისუფლების ფილანთროპიის აღარ სჯერა. ამიტომ, მისი მოქალაქეობრივი ვალი მხოლოდ ჩავლილი ქარავნის და გადაბრუნებული ურმის კომენტირებით შემოიფარგლება.
მართალია იმედიდან განდგომა ფაქტობრივად სულიერი თვითმკვლელობაა, მაგრამ ემპირიული თუ ტრანსცედენტული ყოფის გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალი ხელისუფლების მიერ კონსტიტუციური პრინციპების ტრიუმფს ვგონებ, არავინ ელოდა. თუმცა, საზოგადოების კონსენსუალური იდენტობის ეროზია კონსტიტუციის მიმართ მანამდე დაიწყო, სანამ საკანონმდებლო ინჟინერიის მორიგ ექსპერიმენტს ჩაეყრებოდა საფუძველი.
პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა კონსტიტუციის ლეგიტიმურობაზეა დამოკიდებული, ეს უკანასკნელი კი საზოგადოებრივ კონსენსუსსა და ნდობის ინსტიტუციონალიზაციაზე. რას დავაბრალოთ ის გარემოება, რომ მოქალაქეთა მიერ კანონმდებლობის მიმართ ლოიალობა არცთუ სახარბიელოა; საკანონმდებლო ახლომხედველობას თუ ხალხში გამეფებულ ზოგად აპათიასა და ნიჰილიზმს?
როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ფასეულობები და დემოკრატიული პროცესების მთავარი პრინციპები ავანტიურისტების პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული და ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტიები საჭირო სიმაღლეზე არ არის, ბუნებრივია უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე კანონის ავტორიტეტი და ღირებულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შესაბამისად, იგივე ბედს იზიარებს მთლიანად საკანონმდებლო სივრცე.
პროგრესის მამოძრავებელი ძალის ქვაკუთხედი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანთა სიმრავლეა. ინდივიდთა ერთობლიობის თვითგამოთაყვანებამდე მისულ პასიურობას თუ გარეგანი ზეწოლა დავუპირისპირეთ, აბსოლუტურად მკვდარ სოციალურ ფენას მივიღებთ. მოქალაქე, რომელიც თვლის, რომ სახელმწიფო სამართალი ფარდობითია, პოლიტიკურ ამინდს ემორჩილება და მისი დევალვაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, კონსტიტუციას იძულების წყაროდ და კატეგორიული მორჩილების მომთხოვნ ეთიკურ მინიმუმად მიიღებს. და თუ მას უფლება-მოვალეობათა პროპორციაც დარღვეული აქვს, დისციპლინის აუცილებლობის შეგრძნებაზე საუბარიც ზედმეტია. ამ ფონზე მართვის ბერკეტების მფლობელი ავტორიტეტი სწორედ ის ხდება, ვინც სპინოზასეულ „სულებზე პირდაპირ ბატონობას“ ახერხებს. აი მთავარი ძალაუფლება და პოლიტიკურ-სამართლებრივი მოდალობის განმსაზღვრელი ძალა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG