Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთი მოუწოდებს აშშ-სა და ნატოს შავი ზღვის რეგიონში გააქტიურებისკენ


რუმინეთი მოუწოდებს აშშ-სა და ნატოს - გააფართოონ შავი ზღვის რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობა. რუმინეთი თვლის, რომ ეს საჭიროა რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმი მიიერთა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ კვირაში იმყოფებოდა ვაშინგტონში, სადაც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილა. რუმინეთის საგარეო უწყება თვლის, რომ საჭიროა რუმინეთის პორტებში აშშ-ის სამხედრო გემების ვიზიტების, აგრეთვე საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო წვრთნების გახშირება. რუმინეთი თვლის, რომ ეს მოემსახურება კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუმინეთი მოსკოვის მიმართ დასავლეთის სანქციების ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ბუქარესტს განსაკუთრებით აღელვებს ის, რომ მისი მეზობელი მოლდავეთი შეიძლება მოსკოვის ექსპანსიონისტური პოლიტიკის მორიგ მსხვერპლად იქცეს. მიმდინარე კვირის დასაწყისში რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ განაცხადა, რომ ბუქარესტი გაზრდის სამხედრო ბიუჯეტს 217 მილიონი დოლარით, რაც რუმინეთის მთლიანი ეროვნული პროდუქტის ორ მეათედ პროცენტს შეადგენს.
XS
SM
MD
LG