Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკლესია, როგორც პარტია - მრევლი, როგორც ელექტორატი


29 აპრილს, საქართველოს პარლამენტში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტის“ განხილვისას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები ღიად დაუპირისპირდნენ დეპუტატებს, რომლებმაც, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მოწოდების მიუხედავად, უარი თქვეს კანონპროექტის განხილვის გადადებასა და კანონპროექტის პირველი მუხლიდან ცნებების - „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღებაზე. პასუხად, სასულიერო პირებმა დეპუტატებს არჩევნებში მხარდაჭერა დააყვედრეს და ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე შეახსენეს. რაზე მიანიშნებს სასულიერო პირთა ამგვარი მუქარა და რა გავლენას იქონიებს პოლიტიკურ ბრძოლაში ეკლესიის ღიად ჩაბმა?

29 აპრილს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში კანონპროექტის განხილვას 20-მდე სასულიერო პირი დაესწრო, თუმცა დოკუმენტის მუხლობრივი განხილვა, როგორც ამას კომიტეტის დღის წესრიგი ითხოვდა, ფაქტობრივად, არ შედგა. არგუმენტებს, ხშირ შემთხვევაში, აგრესია და მუქარანარევი შეურაცხყოფა სჭარბოდა, რის გამოც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თამარ კორძაიამ, სხდომის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო:

„თუ თქვენ ჩემი აქ ყოფნა გაღიზიანებთ, მაშინ მე დავტოვებ დარბაზს თქვენი სიმშვიდისთვის, მაგრამ ის, რაც აქ ტრიალებს, ეს არის ძალადობა პარლამენტზე“.
ხალხი გვიყურებს და, იცოდეთ, არჩევნები დღეს არ მთავრდება. რა ვიმუქრები, უბრალოდ, გაფრთხილებთ, რომ გამოცვალოთ თქვენი ტაქტიკა, თუ გინდათ კიდევ მოხვიდეთ, დამალეთ მაინც...

მაინც რაში გამოიხატა სასულიერო პირთა ძალადობა პარლამენტზე?

მაგალითად, კომიტეტის სხდომაზე მისულმა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ასე მიმართა დეპუტატს: „რა უნდა გაცალო, ეს არის უზნეობა! ვინც ამ კანონს მოაწერს ხელს, იცოდეს, რომ ის უზნეო ადამიანია!“

ადგილი ჰქონდა ასეთ მუქარასაც: „ხალხი გვიყურებს და, იცოდეთ, არჩევნები დღეს არ მთავრდება. რა ვიმუქრები, უბრალოდ, გაფრთხილებთ, რომ გამოცვალოთ თქვენი ტაქტიკა, თუ გინდათ კიდევ მოხვიდეთ, დამალეთ მაინც“.

აზრი, რომ მოქმედი ხელისუფლება ვალშია ეკლესიასთან და ეკლესიის მხარდაჭერის გარეშე მმართველი კოალიცია დაკარგავს ძალაუფლებას, არაერთხელ გამოითქვა როგორც პარლამენტის შენობაში, ასევე მის გარეთაც:
„ეს დღევანდელ ხელისუფლებას არ წაადგება! ეკლესიასთან და ერთან დაპირისპირება არ წაადგება! მაგალითი გაქვთ წინა ხელისუფლების, იგივეს და უარესს აკეთებთ თქვენ“.

განსაკუთრებით პოლიტიზებული იყო დეკანოზ დავით ქვლივიძის განცხადება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევად რღვევაზე, რაც, მისი აზრით, აუცილებლად მოჰყვება პარლამენტის ურჩობას:
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ძალიან მალე (ერთი თუ ორი კვირის შემდეგ) ქადაგებისას განაცხადა, თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს დაშლისო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პაპისა და კეისრის ბრძოლა გავლენისთვის...
ლევან სუთიძე

„ჩვენი აჩქარებული, დაუფიქრებელი ნაბიჯებით ევროპისკენ კი არ წავალთ, ქვეყანას საერთოდ დავშლით“.

მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ეკლესიას საქართველოს დაშლის საფრთხეზე ადრეც არაერთხელ ულაპარაკია. ჟურნალ „ტაბულას“ რელიგიის მიმომხილველი, ლევან სუთიძე, იხსენებს პატრიარქის განცხადებას, რომელიც მოჰყვა სოფელ ჭელაში მინარეთის აღმართვას:

„საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ძალიან მალე (ერთი თუ ორი კვირის შემდეგ) ქადაგებისას განაცხადა, თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს დაშლისო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პაპისა და კეისრის ბრძოლა გავლენისთვის. საქართველოს საპატრიარქო ცდილობს ხელისუფლებას აჩვენოს, ვინ არის ამ ქვეყანაში უფროსი“.

უფროსობისათვის, ანუ გავლენისათვის, ბრძოლაში ჩაბმული ეკლესია კი ისე იქცევა, როგორც პოლიტიკური პარტია, - ასე ფიქრობს სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია:

„იმიტომ, რომ ის თავის მრევლს არ განიხილავს მრევლად, არამედ განიხილავს ამომრჩევლად, რაც ეკლესიას თავის დანიშნულებასა და ფუნქციას აცლის. ეკლესია არ არის პოლიტიკის ადგილი. ეკლესიაში ადამიანები სხვა მიზნით დადიან, სხვა მოტივაციები აქვთ ადამიანებს, მაგრამ ეკლესია ცდილობს ღიად და დაუფარავად მართოს პოლიტიკა და საკუთარი მრევლი“.

ეკლესიის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულმა მრევლმა მართლაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში. შესაბამისად, როგორც ფილოსოფოსი გია ნოდია ამბოს, ეკლესია მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლება ვალშია მასთან:

მაგალითად, როცა საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ უნდა შეწყდეს საქართველოში ყველაზე თვალსაჩინო და პატივსაცემი ადამიანის, კათალიკოს-პატრიარქის, ნერვიულობა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივდივართ რაღაც მოდერნიზებული თეოკრატიისკენ...
ლევან სუთიძე

„ბუნებრივია, მათ აქვთ ამბიცია, რომ გავლენას ახდენდნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. შესაბამისად, ჩათვალეს, რომ „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ არის ის საჯილდაო ქვა, სადაც უნდა გამოჩნდეს, რომ მათ აქვთ სერიოზული გავლენა სახელმწიფოზე, პარლამენტზე და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებზე“.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მართლაც, არიან პოლიტიკოსები, რომლებისთვისაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ეკლესიის პოზიციასა და მხარდაჭერას. ჟურნალ „ტაბულას“ რელიგიის მიმომხილველის, ლევან სუთიძის თქმით, კონფლიქტურ სიტუაციებში ხელისუფლებას უწევს ეკლესიასთან კომპრომისზე წასვლა, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება ქონების ჩუქების, დაფინანსების გაზრდისა და დათმობის სახით.

„მაგალითად, როცა საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ უნდა შეწყდეს საქართველოში ყველაზე თვალსაჩინო და პატივსაცემი ადამიანის, კათალიკოს-პატრიარქის, ნერვიულობა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივდივართ რაღაც მოდერნიზებული თეოკრატიისკენ, სადაც პატრიარქი არის თეოკრატიის წყარო და სადაც, თუ გინდა რომ რაღაც კანონპროექტი მიიღოს საქართველოს პარლამენტმა, უნდა მოიხარო ქედი და წახვიდე კომპრომისზე“, უთხრა ლევან სუთიძემ რადიო თავისუფლებას.

ლევან სუთიძის თქმით, ეკლესია ასევე სპეკულირებს თავისი მაღალი რეიტინგით, რაც მას მიმზიდველ პოლიტიკურ პარტნიორად სახავს. სოციოლოგი ემზარ ჯგერენაიაც დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებისა და ეკლესიის კონფლიქტით აუცილებლად ისარგებლებს რომელიმე პოლიტიკური ძალა:
პოლიტიკურ ძალად ეკლესიის გადაქცევა, რა თქმა უნდა, მის რეიტინგს დასცემს და ეკლესია საშინლად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასე იყო რუსეთის იმპერიაში, სადაც ხელისუფლება და ეკლესია მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული...
ემარ ჯგერენაია

„აუცილებლად გამოჩნდება პოლიტიკური ძალა, რისი დიდი ალბათობაც არსებობს, რომელიც ეკლესიის მიერ მოტივირებული ადამიანების პოლიტიკურ გემოვნებას გამოიყენებს და ეკლესიასთან ერთად გაერთიანდება და სერიოზულ ანტიმოდერნისტულ ძალას შექმნის ჩვენს საზოგადოებაში“.

თუმცა, ემზარ ჯგერენაიას თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი პარტნიორი ძალა სრულად (ერთი ერთზე) გადაიწერს ეკლესიის მხარდაჭერის რეიტინგს. მრევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარდა იმისა, რომ უსმენს ეკლესიას, პრაგმატულადაც მოქმედებს და ცდილობს თავისი არჩევანი მიაბას ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტასა და უკეთეს მომავალს. და კიდევ, შეუძლებელია ეკლესიაში ვერ ხედავდნენ ღია პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმით გამოწვეულ საფრთხეს.

„პოლიტიკურ ძალად ეკლესიის გადაქცევა, რა თქმა უნდა, მის რეიტინგს დასცემს და ეკლესია საშინლად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ასე იყო რუსეთის იმპერიაში, სადაც ხელისუფლება და ეკლესია მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. ეკლესია ხშირად ხელისუფლების ინსტრუმენტს წარმოადგენდა და ამიტომ ის პროტესტი და დარტყმა, რაც მიიღო ცარისტული რუსეთის ხელისუფლებამ, მიიღო ეკლესიამაც“, უთხრა ემზარ ჯგერენაიამ რადიო თავისუფლებას.

ემზარ ჯგერენაიას თქმით, ეკლესია უნდა გაემიჯნოს პოლიტიკას და ჩამოყალიბდეს ორგანიზაციად, რომელსაც უწევს საქმიანობა სეკულარულ საზოგადოებაში, თუმცა, როგორც მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი ფიქრობს, ეკლესიას აქეთკენ ხელისუფლების პრინციპულმა პოზიციამ უნდა უბიძგოს:

„ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში და არ შეიძლება, თუნდაც დომინანტი რელიგიის კარნახით შეიცვალოს პოზიცია“.

ხელისუფლების პოლიტიკური ნების გარდა, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარება, რათა ეკლესიას არ ჰქონდეს პირდაპირი და გადამწყვეტი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. ლევან სუთიძის თქმით, ვითარების შეცვლისთვის პოლიტიკური კლასის პრინციპულობა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა.

„გამოსავალი არის კომპლექსურ მიდგომაში: ეს არის განათლება და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. და კიდევ: ჩვენ გვჭირდება თავისუფლების მქადაგებლები, რომლებიც არ გვყავს“, უთხრა ლევან სუთიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG